ახალი ამბები

მსგავსი უპასუხისმგებლობა მინისტრის პოსტზე მყოფი ადამიანისგან არ მინახავს – საგანელიძე ქობულიაზე

27 მაისი, 2019 •
მსგავსი უპასუხისმგებლობა მინისტრის პოსტზე მყოფი ადამიანისგან არ მინახავს – საგანელიძე ქობულიაზე

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ამბობს, რომ მისი თხოვნის მიუხედავად, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ფონდში არასდროს მისულა. საგანელიძე განმარტავს, რომ მისი თხოვნის მიუხედავად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არც განუხილავთ საპარტნიორო ფონდის რეფორმირების საკითხი.

საგანელიძე ქობულიას კრიტიკას იმ ნაწილშიც პასუხობს, სადაც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობდა, რომ ფონდი გადაწყვეტილებებს აჭიანურებდა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მტკიცებით, იყო გარკვეული პროექტების დაფინანსების საკითხი, რომლის ხელმოწერის თხოვნით საპარტნიორო ფონდმა ეკონომიკის სამინისტროს 2018 წლის ივლისში მიმართა, ხოლო ქობულიამ ხელი 2019 წლის თებერვალში მოაწერა. საგანელიძემ კომიტეტის სხდომაზე ასეთი რამდენიმე პროექტი ჩამოთვალა.

“ბატონო გიორგი [ქობულია] რამდენიმე სხდომას,  [სამეთვალყურეო საბჭოს] რამდენიმე სხდომას დაესწრო და ეს სხდომებიც ძალიან ჩქარობდა და სწრაფად დატოვა. მაგრამ ის პრეტენზიები, მოთხოვნები, რაც ჩვენ გვქონდა, მან მოისმინა. ჩემს  ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ მინახავს. პარლამენტში ვიყავი 16 წელი, ბიზნესში გავიარე წლები,  ოპოზიციაშიც და პოზიციაში ვიყავი, თუმცა მსგავსი უპასუხისმგებლობა მინისტრის პოსტზე მყოფი ადამიანისგან, ფონდთან მიმართებაში ვამბობ [არ მინახავს] ,”-აცხადებს საგანელიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი