ახალი ამბები

პოლიციამ ბარ Skygirls-ის მენეჯერი დააკავა

3 სექტემბერი, 2020 • 998
პოლიციამ ბარ Skygirls-ის მენეჯერი დააკავა

პოლიციამ თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ბარ Skygirls-ში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე ბარის მენეჯერი, 1990 წელს დაბადებული მ.ჩ. დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა, ბარის დაცვის თანამშრომლებთან ერთად, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების ორ სტუმარს, რის შედეგადაც მათ მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან, შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ “ახალი გარემოებების და აღნიშნულ საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით” გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.

მანამდე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით შსს-მ ბარის დაცვის ორი თანამშრომელი დღეს, 3 სექტემბერს დააკავა.

ზემოაღნიშნული ინციდენტის შესახებ დაზარალებულამ ივა ფრუიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მან თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ბარის თანამშრომლები თანხის გამოძალვასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ანგარიშში, რომელიც ბარის დატოვებისას მიუტანეს, არალოგიკურად დიდი თანხა იყო მითითებული, რაც გააპროტესტა. მოქალაქე აღნიშნავს, რომ სწორედ ამას მოჰყვა ფიზიკური ძალადობა ბარის თანამშრომელთა მხრიდან.

ფრუიძის თქმით, ჯამში, ექვსი ადამიანი სცემდა, რომელთა შორისაც იყვნენ როგორც დაცვის თანამშრომლები, ისე ბარის პერსონალი.

მოქალაქის თქმით, ბარში თანხა გამოსძალეს და სასტიკად სცემეს

მასალების გადაბეჭდვის წესი