ახალი ამბები

მოქალაქის თქმით, ბარში თანხა გამოსძალეს და სასტიკად სცემეს

1 სექტემბერი, 2020 • 2403
მოქალაქის თქმით, ბარში თანხა გამოსძალეს და სასტიკად სცემეს

მოქალაქე თბილისში მომუშავე ერთ-ერთი ბარის თანამშრომლებს თანხის გამოძალვასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ივა ფრუიძე “ფეისბუქზე” წერს, შემთხვევა პარასკევს, 28 აგვისტოს მოხდა, როცა თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე ბარ Sky Girls-ს მეგობრებთან ერთად ესტუმრა. მოქალაქის განცხადებით, მომხდარს პოლიცია უკვე იძიებს.

“პარასკევს საღამოს ტრადიციულად მეგობრებთან ერთად ვატარებდი შესანიშნავ დროს, როცა ჩემს მეგობარს მეზობელ მაგიდასთან მჯდომი გოგონა მოეწონა, გაიცნო და იქითკენ გადაჯდა. შემდეგ მათგან გაჩნდა იდეა, რომ ადგილი შეგვენაცვლებინა და სხვა ბარში წავსულიყავით. ჩემი მეგობარი სულ 4 დღის ჩამოსული იყო (კარანტინი გავლილი ჰქონდა). როგორც სტუმარი, მარტო არ დავტოვეთ და წავყევით სხვა, ჩვენთვის უცნობ ბარში სადაც…” – წერს ის.

ივა ფრუიძის თქმით, ბარში მცირე დრო გაატარეს და ანგარიში მოითხოვეს, რის შემდეგაც ინციდენტი დაიწყო: როგორც წერს, მიუტანეს “აბსურდული ანგარიში”, სადაც მათ მიერ შეკვეთილი 5 კოქტეილის ნაცვლად მითითებული იყო 25 კოქტეილის ღირებულება, მომსახურების პროცენტი და ამას “დამატებული გაურკვეველი სოლიდური თანხა”, რომლის წარმომავლობაც ვერ დაადგინეს.

“თავიდან მომსახურე პერსონალს ვუთხარი, ალბათ, რაღაც შეცდომაა, ეს ჩვენი ანგარიში არ არის- მეთქი. არაო, თქვენიაო, თქვენს მეგობართან რომ გოგოა, იმან შეუკვეთაო. ვკითხე ყველას და გაურკვეველი შეკვეთები არცერთ ჩემს მეგობართან არ ყოფილა შეთანხმებული.

მივხვდი, რომ თაღლითური სქემით მუშაობდა ბარი, რაზეც გამოვხატე ჩემი ღია პროტესტი თითოეულ თანამშრომელთან, ღიად დავადანაშაულე ისინი თაღლითობასა და უღირს ქცევაში, პრინციპული უარი განვაცხადე თანხის გადახდაზე და მოვითხოვე კამერების ამოღება”, – წერს ფრუიძე.

მოქალაქის თქმით, აღნიშნულის შემდეგ მასთან და მის მეგობრებთან მივიდა დაცვა, გარეთ გაიყვანა ისინი და პირადად მას ჰკითხა, რით იყო უკმაყოფილო და რატომ უარობდა ანგარიშის გადახდას. თავის მხრივ, მოქალაქემ პროტესტის მიზეზი აუხსნა, თუმცა, როგორც ამბობს, მისმა მეგობარმა მაინც გადაწყვიტა, თანხა გადაეხადა, რათა ინციდენტი ამოწურულიყო და ბარში შებრუნდა. მისი განცხადებით, აქ იწყება ფიზიკური ანგარიშსწორება მისდამი:

“ტერმინალით[მეგობარს], რა თქმა უნდა, არ გადაახდევინეს, ჩეკიც მოითხოვა და არ მისცეს (ასე იციან თაღლითებმა) მე კი დავრჩი გარეთ დაცვასთან სრულიად წყნარ სიტუაციაში და ახლა ხდება საოცრება:

დაცვის ერთ-ერთი წევრი მეუბნება, რომ ვითომ ჩემი ბარში შებრუნებული ძმაკაცი მეძახის. რის შემდეგაც შევდივარ ბარში და მხვდება 5 დაცვის წევრის და ერთი მომუშავე პერსონალის ჩასაფრება. სულ ექვსი ადამიანის.

მოვექეცი მათ ალყაში და დამიწყეს ცემა. რა თქმა უნდა, გავუწიე წინააღმდეგობა, მაგრამ რამდენს გავუძლებდი?! ჩემზე ორჯერ დიდები იყვნენ… წამაქციეს, მირტყამდნენ უმოწყალოდ, არ მაძლევდნენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას. ყოველ წამს მხვდებოდა უამრავი მუშტი თუ წიხლი სხვადასხვა მიმართულებიდან.

მათ შორის განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა ბარის ერთ-ერთი თანამშრომელი გოგო, რომელიც დაცვის წევრების მიერ დაგდებულს მირტყამდა სკამს. ამ გოგოსთან დავაფიქსირე პირველი ლოგიკური პროტესტი არარეალურ ანგარიშზე. ამ ყველაფერს შეესწრო ჩემი ძმაკაცი, რომელიც დამეხმარა ჩასაფრებიდან გამოღწევაში”, – აღნიშნავს მოქალაქე ფეისბუქ პოსტში.

ივა ფრუიძის თქმით, გამოვიდა ბარიდან და დარეკა პატრულში, თუმცა ეკიპაჟის მისვლამდე მასსა და დაცვას შორის მორიგი შელაპარაკება მოხდა:

“დავადანაშაულე ისინი ნაძირალა სისტემის სამსახურში და დანაშაულებრივ ქმედებაში. ამ დროს ერთ-ერთი დაცვის წევრი გვერდიდან მირტყამს სახეში, სანამ იმას შევუტრიალდი, მეორე მირტყამს მეორე გვერდიდან და ა.შ. მოკლედ კვლავ დამაგდეს და მირტყამდნენ უმოწყალოდ სახესა და თავში ყველა მხრიდან.

მირტყამდნენ ისეთი გამეტებით, რომ სახეზე აფარებული ხელი მომტყდა. გადამეფარა ჩემი ძმაკაცი, შველას ცდილობდა სტუმარი მეგობარიც, რომელთაც რამოდენიმე დარტყმისგან მიხსნეს. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, ან გადავრჩებოდი, ან – არა.

რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ გარდარჩენის შანსი თითქმის აღარ მქონდა, რადგან მირტყამდნენ კუნთის უზარმაზარი მასები, იყვნენ ბევრნი და სრულიად დაუნდობლები. როგორღაც მიხსნეს მეგობრებმა მათგან და ამასობაში პატრულიც მოვიდა”.

როგორც მოქალაქე წერს, პერსონალისა და დაცვის წევრთა ნაწილი ადგილზე დარჩა, 4 პირი კი მიიმალა.

“დარჩენილებს, რა თქმა უნდა, ხელი დავადე, როგორც ამ ბოროტების თანაავტორებს და იმედი მაქვს, რომ წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე”, – აღნიშნავს ის.

ფრუიძის თქმით, აღენიშნება უამრავი ტრავმა, ტვინის შერყევა, დაჟეჟილობები, მცირე ჭრილობები და ნაკაწრები. ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, მეორე კი  წინაა.

მოქალაქის განცხადებით, შემთხვევა მოხდა თბილისში, პეკინის #3-ში მდებარე ბარში, სახელწოდებით Sky Girls. ინტერნეტ სივრცეში იძებნება ბარის ნომერი და ფეისბუქ გვერდის ბმული, თუმცა არც ერთია ხელმისაწვდომი და არც მეორე: ნომერი რეგისტრირებული არ არის, ფეისბუქ გვერდი კი ბმულზე გადასვლისას არ იძებნება.

მომხდართან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი