ახალი ამბები

როგორ აპირებს ოპოზიცია ხმების დაცვას: შეხვედრა ლეიბორისტების ოფისში

27 აგვისტო, 2020 • 1041
როგორ აპირებს ოპოზიცია ხმების დაცვას: შეხვედრა ლეიბორისტების ოფისში

პარტიების წარმომადგენლები, რომელთაც მიმდინარე კვირაში “ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბი” ჩამოაყალიბეს, 27 აგვისტოს “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში შეიკრიბნენ და სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.

როგორც ჟურნალისტებს ხმების ურთიერთდაცვის დეკლარაციის ერთ-ერთმა ხელმომწერმა, პაატა დავითაიამ განუცხადა, ოპოზიცია ონლაინ პლატფორმის შექმნას გეგმავს, სადაც არჩევნების პროცესს მონიტორინგს გაუწევენ.

“ჩვენ ჩამოვყალიბდით იმასთან დაკავშირებით, თუ რა სტრუქტურა შეიქმნება შტაბის მუშაობასთან დაკავშირებით, აგრეთვე განვიხილეთ საკითხები, რაც ითვალისწინებს ამომრჩეველთა ხმების დაცვას და ეს იქნება უბნებიდან მიღებული ინფორმაციის სწრაფი დამუშავება ონლაინ რეჟიმში და ამის მიწოდება საზოგადოებისთვის. იქნება ყველა დარღვევაზე სწრაფი რეაგირება, რაც ონლაინ რეჟიმში გადაიცემა არჩევნების დღეს და არჩევნების წინა პერიოდში”, – თქვა მან.

დავითაიას თქმით, შტაბი გამოიყენებს იმ ოპოზიციონერების გამოცდილებას, რომლებიც წარსულში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებად საქმიანობდნენ: ზურაბ ხარატიშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გურამ ჩალაგაშვილი და ლევან თარხნიშვილი.

“მათი გამოცდილება იქნება მაქსიმალურად გამოყენებული და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ნახავენ იმას, თუ როგორ არის სისტემა ერთიანად ჩამოყალიბებული ასეთი გამოცდილი ადამიანების მონაწილეობით.

[ამასთან], ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბი გააფართოებს თავის მუშაობას რეგიონებში: ჩვენ გავალთ რეგიონებში და გვექნება შეხვედრები პარტიების ყველა იმ წარმომადგენელთან, რომელიც იმუშავებს უბნებსა და ოლქებში. გავმართავთ სხდომებს, რაც უფრო დააორგანიზებს ოპერატიული ინფორმაციის მიწოდებას მთელი ამ პერიოდის მანძილზე”.

ლეიბორისტების ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ ასევე აღინიშნა, რომ “ერთობის დემონსტრირებისთვის” “ხმების დაცვის შტაბი” შეხვედრებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ოფისებში გამართავს. მომდევნო კვირას შეხვედრა “ევროპული საქართველოს” ოფისში გაიმართება.

ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების ურთიერთდაცვის დეკლარაცია 24 აგვისტოს გააფორმა. დოკუმენტს 24 ოპოზიციური პარტია აწერს ხელს.

ოპოზიციამ არჩევნებზე ხმების ურთიერთდაცვის დეკლარაცია გააფორმა

მასალების გადაბეჭდვის წესი