ახალი ამბები

ოპოზიციამ არჩევნებზე ხმების ურთიერთდაცვის დეკლარაცია გააფორმა

24 აგვისტო, 2020 •
ოპოზიციამ არჩევნებზე ხმების ურთიერთდაცვის დეკლარაცია გააფორმა

ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების ურთიერთდაცვის დეკლარაცია გააფორმა და ამომრჩეველთა ხმების დაცვის შტაბის შექმნაზე შეთანხმდა. როგორც დეკლარაციაში ვკითხულობთ, პარტიების ამოცანა იქნება არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების დაცვა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვა.

მათივე განმარტებით, ამ ამოცანის მისაღწევად კონკრეტული მექანიზმები იქმნება. კერძოდ, შეიქმნება ამომრჩეველთა ხმების დაცვის საერთო შტაბი, რომელსაც პაატა დავითაია უხელმძღვანელებს. ასევე, პარტიები შექმნიან საერთო მონაცემთა ბაზას, სადაც საარჩევნო დარღვევები აისახება.

“საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია ვთანხმდებით, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ქვეყნისთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის უმძიმეს გამოწვევას წარმოადგენს. ივანიშვილი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოებაში ნიჰილიზმი დანერგოს, მოახდინოს მთელი პოლიტიკური პროცესის დისკრედიტაცია. ამ პირობებში ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა და მხარდაჭერა გავაძლიეროთ. არჩევნების გზით, მშვიდობიანად, ხელისუფლების ცვლილება არის ის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას მისცემს საშუალებას, მტკიცე ნაბიჯებით განაგრძოს სვლა დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. სწორედ ასეთ საზოგადოებებშია ხელისუფლების ცვლა ნორმალური მოვლენა, რომელსაც მოქალაქეების დაყოფა და ურთიერთანგარიშსწორება არ მოჰყვება. ივანიშვილის რეჟიმის ხელშია მობილიზებული როგორც ადმინისტრაციული, ისე ფინანსური რესურსის დიდი ნაწილი, სახელმწიფო ინსტიტუტები კი საზოგადოების ნაცვლად მმართველი გუნდის ინტერესებს ემსახურება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი დემოკრატიული ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობა თითოეული ხმის დასაცავად და საარჩევნო მანიპულაციების გამოსარიცხად. ოპოზიციური პარტიები კოორდინირებულად ვიმუშავებთ ყველა ოლქში, მათ შორის იქაც, სადაც ერთმანეთს კონკურენტი კანდიდატები დავუყენეთ. პარტიების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების დაცვა, არამედ მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვა იქნება. ამ ამოცანის მისაღწევად ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას. ქვეყნის შიგნით, საარჩევნო პროცესისადმი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერასა და ხმების დაცვის მიზნით, კოორდინაციასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები ვთანხმდებით, რომ ერთობლივად, შეთანხმებულად ვიმუშავებთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რათა არჩევნების ლეგიტიმურობის გარშემო არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის დამარცხებით საქართველოში საარჩევნო მანიპულაციების მავნე ტრადიციას წერტილი უნდა დაესვას”, — ნათქვამია დეკლარაციაში.

დეკლარაციაზე ხელმომწერები არიან:

1. ნიკოლოზ ვაშაკიძე, “ახალი საქართველოსთვის”

2. ირაკლი ოქრუაშვილი, “გამარჯვებული საქართველო”

3. გიორგი ვაშაძე, “სტრატეგია აღმაშენებელი”

4. ზურაბ ჯაფარიძე, “გირჩი”

5. დავით ბაქრაძე, “ევროპული საქართველო”

6. ნიკა მელია, “ნაციონალური მოძრაობა”

7. მურმან დუმბაძე, “ემსახურე საქართველოს”

8. ნინო ბურჯანაძე, “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა”

9. ბაჩუკი ქარდავა, ედპ

10. პაატა დავითაია, “ჩვენ თვითონ”

11. ნიკა მაჭუტაძე, მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის”

12. ხათუნა სამნიძე, “რესპუბლიკური პარტია

13. ბადრი ჯაფარიძე, “ლელო”

14. ეკა ბესელია, “სამართლიანობისათვის”

15. მამუკა გამყრელიძე, “საქართველო ლიდერთა შორის”

16. შალვა ნათელაშვილი, “ლეიბორისტული პარტია”

17. ზურაბ ხარატიშვილი, “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის”

18. კობა ამირხანაშვილი, პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნა”

19. შოთა მალაშხია, “ქრისტიან-კონსერვატიული პარტია”

20. გოჩა ჯოჯუა, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”

21. მანანა ჯიბღაშვილი, “საქართვრლოს პარლამენტართა საზოგადოება”

22. კობა მახაური, “ახალი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”

როგორც პაატა დავითაიამ აღნიშნა, დეკლარაციას უერთდენა კახა კუკავაც, თუმცა ის დღევანდელ შეხვედრას ვერ დაესწრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი