ახალი ამბები

ადვოკატი ამბობს, რომ მკოიანის ძმა დაშავდა – რას უკავშირებენ აფეთქებას

21 აგვისტო, 2020 • 1325
ადვოკატი ამბობს, რომ მკოიანის ძმა დაშავდა – რას უკავშირებენ აფეთქებას

დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმის, მარდუნ მკოიანის ადვოკატი აცხადებს, რომ დეპუტატის ძმა მანქანის აფეთქების მცდელობის შედეგად დაშავდა და სმენის პრობლემები აქვს. ენზელ მკოიანი კი აცხადებს, რომ ფიქრობს, აფეთქება მის წინააღმდეგ იყო მიმართული.

„ვფიქრობ, ეს ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ განზრახ დაგეგმილი ქმედებებია. გუშინ ჩემი ძმის ავტომობილით გადავაადგილდებოდი ჰესის მიმართულებით. მათ ალბათ ეს დაინახეს“, – განაცხადა მან. მის კომენტარს ტვ პირველი ავრცელებს.

„20 ივლისს დამირეკეს და მაშანტაჟებდნენ, რომ არ მიმეღო მონაწილეობა არჩევნებში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, გამისწორდებოდნენ. 24 ივნისს ისევ დამირეკეს ვაიბერით რუსული ნომრიდან და ითხოვდნენ დიდ თანხას, თუ არადა, მოკვლით მემუქრებოდნენ. ამ ადამიანმა მითხრა, რომ 15 წელი იჯდა და მზად იყო 20 წლით ჯდომისთვის, თუ თანხას არ გადავუხდიდი“.

„დღეს მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. ვფიქრობ, ეს შემთხვევითი ადამიანები არ არიან“, – განაცხადა მან.

მკოიანის ძმის ადვოკატი აცხადებს, რომ მარდუნ მკოიანი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება და სმენის პრობლემები აქვს:

„შემთხვევის შედეგად დაშავდა მარდუნ მკოიანი, რომელიც მარტო იყო საჭესთან. მე ვესაუბრე მას, მას თავის ტკივილები აქვს. როგორც მითხრა, შეიძლება კონტუზიის დიაგნოზი დამიდგინდესო. კარგად არ ესმის, ალბათ, ტვინის შერყევაც ექნება“, – თქვა ადვოკატმა.

„ორმაგი მინა აქვს მის მანქანას და ამან გადაარჩინა, თორემ ფატალურ შედეგებამდე შეიძლება მისულიყო“, – ამბობს იგი.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ ახალქალაქში მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ნახეთ ასევე:

“სროლა ჰაერში” და ბრალდებები მკვლელობის მცდელობაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი