ახალი ამბები

ახალქალაქში ენმ-ის დეპუტატის ცოლი პოლიციის უფროსს გატაცებასა და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს

29 აგვისტო, 2022 • 1237
ახალქალაქში ენმ-ის დეპუტატის ცოლი პოლიციის უფროსს გატაცებასა და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს

ახალქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, არტურ მკოიანის მეუღლე ახალქალაქის პოლიციის უფროსს, შალვა ლომსაძეს გატაცებასა და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს.

მინა მკოიანის თქმით, პოლიციის უფროსი მას დიდი ხნის განმავლობაში ემუქრებოდა და დევნიდა, გატაცებას კი ადგილი ჰქონდა 2021 წლის 24 დეკემბერს. მინა მკოიანმა პროკურატურაში განცხადება დღეს შეიტანა, რასაც წინ უძღოდა პოლიციის მიერ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკა და ქმრის დაკავება.

„აქ იმიტომ ვარ, რომ განცხადება შევიტანო იმისთვის, რომ მისი ძალაუფლება და გავლენები არ შეეხოს სხვა ქალებს. ის მანიაკია და მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის სხვა ქალებსაც ემუქრებოდა, თუმცა მათ ამაზე საუბარი არ სურთ, რადგან ეშინიათ. ამ დრომდე მეც მეშინოდა. მან მე გამიტაცა, ჩემი გაუპატიურება და სიცოცხლის მოსპობა უნდოდა. მაქვს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები“, — განუცხადა ჟურნალისტებს მინა მკოიანმა.

კითხვაზე, ამ დრომდე რატომ არ მიმართა სამართალდამცველებს, მინა მკოიანმა უპასუხა:

„ჩუმად ვიყავით, დავიწყება გვინდოდა, მაგრამ მაინც შიშში ვცხოვრობდით. ამის შემდეგ იყო შემთხვევები, როცა მომწერა და ქმრის ციხეში ჩასმით მემუქრებოდა. ჩვენ არ ვუპასუხეთ. ბოლო სამი თვის განმავლობაში ის ჩემს ქმარს ხვდებოდა სხვადასხვა ადგილას, გაგვიტეხა მანქანის ფანჯარა და ლანძღავდა ჩემს ქმარს. ეს ბევრმა ნახა“.

jnews-ის ცნობით, 24 აგვისტოს ღამით ახალქალაქის პოლიციის თანამშრომლები არტურ მკოიანის ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ, ისინი დეპუტატს ედავებოდნენ სახლში იარაღის უკანონო შენახვას. არტურ მკოიანმა და მისმა ოჯახმა ჩხრეკაზე უარი განაცხადა მათი ადვოკატის ადგილზე არყოფნის გამო, ასევე, იმ მოტივით, რომ ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან და ამის შესახებ პარტიის მთავარ შტაბს უნდა ეცნობებინათ. მინა მკოიანის თქმით, არ სურდათ, სახლში პოლიცია შესულიყო, რათა მძინარე ბავშვებს არ შეშინებოდათ. ამის შემდეგ პოლიციელებმა კარი შეამტვრიეს, არტურ მკოიანმა კი წინააღმდეგობა გაუწია, რის შედეგადაც 11 დღით დააკავეს.

პოლიციის თანამშრომლებმა მკოიანის სახლი გაჩხრიკეს. მინა მკოიანის თქმით, ვერაფერი იპოვეს, ბოდიში მოიხადეს და წავიდნენ.

„მათ თქვეს, რომ სახლს ჩხრეკდნენ, რადგან თითქოს 23 აგვისტოს ჩემმა ქმარმა ესროლა სტეპან სმოიანს, რომელიც პოლიციელია და მათ აქვთ ვიდეო“, — ამბობს მინა მკოიანი.

მინა მკოიანის აზრით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი ახალქალაქის პოლიციის უფროსი შალვა ლომსაძეა, რომელმაც გასულ წელს გაიტაცა და ახალციხეში სექსუალური ძალადობის მიზნით წაიყვანა.

„მან ორივე ხელი მომკიდა, შემდეგ ყელზე და ჩემი გაუპატიურება სცადა. ამ დროს მანქანაში იმყოფებოდნენ თავად შალვა ლომსაძე, ის, ვინც ავტომობილში ძალით ჩამსვა და მძღოლი. შალვამ ვიღაცას დაურეკა და უთხრა, ქალაქში ყველა კამერა გაეთიშათ“, – ამბობს მინამ.

მინა მკოიანის თქმით, პოლიციის უფროსს წინააღმდეგობა გაუწია და დაარტყა, შალვა ლომსაძემ ასევე დარტყმით უპასუხა.

„ამ დროს მან ხელიდან ჩანთა გამომტაცა, რომელშიც ფული და ძვირფასი ოქროს სამკაულები იყო. ფული და ძვირფასეულობა ამოიღო და ჩემი ჩანთა მოისროლა, სამი ბეჭედი, ჯვარი და ორი კულონი აიღო. მითხრა, რომ ვინანებდი და მანქანიდან ჩავიდა ასპინძამდე“, — ამბობს მინა მკოიანი.

მკოიანის თქმით, იგი ახალციხეში გადაიყვანეს, სადაც როგორღაც მოახერხა მანქანიდან თავის დაღწევა, 30-40 წუთის განმავლობაში ტუალეტში იმალებოდა, შემდეგ მაზლს დაურეკა და მოუყვა, რა მოხდა და დაელოდა, სანამ ქმარი მიაკითხავდა.

მინა მკოიანის ადვოკატი თამარ მენაბდე ამბობს, პროკურატურაში შეტანილ განცხადებაზე დართულია მუქარის „სქრინშოტები“. მისი შეფასებით, საქმეში სისხლის სამართლის არაერთი დანაშაულის ნიშნები იკვეთება — გაუპატიურების მცდელობა, სექსუალური ძალადობა, გატაცება, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა — და პროკურატურაზეა დამოკიდებული, რა მუხლით დაიწყებს გამოძიებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მათი თანამშრომლისადმი გახმინებულ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებენ, პროკურატურაში კი „ნეტგაზეთის“ ზარებს არ უპასუხეს. ჯერჯერობით უცნობია, დაიწყო თუ არა პროკურატურამ გამოძიება და რა მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი