ახალი ამბებიეკონომიკა

ახალქალაქელი ფერმერები კარტოფილის მოსავალს ვერ ყიდიან

6 მაისი, 2021 • 1657
ახალქალაქელი ფერმერები კარტოფილის მოსავალს ვერ ყიდიან

ახალქალაქში წელს კარტოფილის დიდი მოსავალია, თუმცა ფერმერები კარტოფილის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. სოფელ ალასტანში გლეხები ამბობენ, რომ საკუთარ მოსავალს, 700 ტონა კარტოფილს – ნინოწმინდის მერიასთან დაყრიან, რადგან ამ დრომდე მათ კარტოფილის გასაღების გზები სახელმწიფომ ვერ შესთავაზა.

„ბათუმელები“ სოფელ მურჯახეთის ერთ-ერთ მცხოვრებს, ენოკ ბაბაჯანიანს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ წელს კარტოფილის მოსავალი დიდია, თუმცა რეალიზაციაში ფერმერებს არავინ ეხმარება.

„5 ჰექტარზე 80 ტონა კარტოფილი ამოვიღე. კარტოფილის ფართობებიც გაიზარდა სოფლებში, რადგან პანდემიის გამო ადამიანები ვეღარ წავიდნენ სხვა ქვეყნებში სამუშაოდ და უფრო მეტი მიწები დამუშავდა. ამის გარდა, წელს დისტრიბუტორებმაც ცუდად იმუშავეს, რადგან კოვიდის გამო ბაზრებიც დაკეტილი იყო.

ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ საქართველოში კარტოფილი თურქეთიდან შემოდის და ჩვენი პროდუქცია ნაკლებად იყიდება. ფასიც დაეცა – 25 თეთრია საბითუმო ფასი. გარდა ამისა, ყველაზე დიდი მომხმარებელი არის ჯარი და ციხე, სადაც იმპორტირებული კარტოფილი შეაქვთ და არა ქართული კარტოფილი. ასეთი საკითხები უნდა იყოს მოგვარებული“, – გვითხრა ენოკ ბაბაჯანიანმა. მისი თქმით, ყველაზე მეტი კარტოფილი საქართველოდან აზერბაიჯანში გადიოდა, თუმცა წელს რატომ არ გავიდა, ამაზე ინფორმაციას ფერმერები არ ფლობენ.

ენოკის აზრით, ხელისუფლება იმით უნდა დაეხმაროს ფერმერებს, რომ იმპორტზე დააწესოს ლიმიტი და ადგილობრივ პროდუქციას მისცეს გასაქანი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურას მკვიდრი ფერმერი სოს ვარტანიანის განცხადებით, იგი იძულებულია კარტოფილი რუსეთში გაიტანოს და იმაზე იაფად გაყიდოს, ვიდრე უშუალოდ მისი მოყვანა დაჯდა, რადგან საქართველოში ამ ფასადაც კი ვერ ყიდის.

“30 თეთრად ვყიდით კილოს, სულ 80 ტონა მაქვს გასაყიდი. განა ეს გაყიდვაა? კილოზე ხარჯი 45 თეთრია, ვყიდით 30-ად. ზარალში მივდივართ. 30-35 თეთრი ღირს კარტოფილი. 20-დაც ყიდიან. მადლობაა სათქმელი, რომ ქუჩაში არ ვყრით. ან უნდა გადავყაროთ, ან ძალიან იაფად უნდა გავყიდოთ, სხვა გამოსავალი არ არის”, – განუცხადა ფერმერმა ნეტგაზეთს.

ნეტგაზეთის კითხვაზე, თუ რატომ დავარდა ფასი, ფერმერი პასუხობს, რომ კორონავირუსის გამო, წინა წელს რუსეთის ფედერაციაში სამუშაოდ არავინ წასულა, რის გამოც ბევრი კარტოფილი დაითესა, ასევე კარტოფილის დიდი რაოდენობა შემოვიდა თურქეთის რესპუბლიკიდან.

“წინა წელს რუსეთში არავინ წასულა, ბევრი კარტოფილი დაითესა. თურქული კარტოფილი „დაგვეხმარა“ — შემოიტანეს თურქეთიდან აუცილებელი რაოდენობის კარტოფილი, ჩვენი კი დარჩა ისე. თურქეთიდან შემოიტანეს, მაგრამ ის არ იფიქრეს, რომ ჩვენც დავთესეთ კარტოფილი”, – აცხადებს ფერმერი.

მისი თქმით, ფერმერთა დიდ ნაწილს ბანკებიდან პროდუქციის მოსაყვანად სესხიც აქვთ აღებული, რომლის გადახდაც უჭირთ. “ახლა გადავადება გაგვიკეთეს [სესხის], მაგრამ პროცენტები ირიცხება”, – ამბობს იგი.

ნეტგაზეთის შეკითხვაზე, თუ რა როლს ასრულებს შექმნილ ვითარებაში სახელმწიფო, ფერმერი კითხვითვე პასუხობს.

“საბაზრო ეკონომიკაში როგორ შეუძლიათ დაგვეხმარონ?! ეს საბაზრო ეკონომიკაა, არის საბაზრო ფასი, უფრო იაფად იყიდება. მე არ ვიცი, მე ეს არ მესმის. ჩვენი საქონელი უბრალოდ დარჩა, ვერ ვყიდით, არ ვიცი რა ხდება. უბრალოდ ვერ ვყიდით და ფუჭდება. ამ წელს ყველა რუსეთში წავიდა, რომ ოჯახი გამოკვებონ”, – პასუხობს ადგილობრივი ფერმერი ნეტგაზეთს.

შეკითხვაზე, თუ რა გასაყიდ ფასს ვარაუდობდნენ ფერმერები, როდესაც კარტოფილს თესავდნენ, ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ერთი კილო პროდუქციის ფასი 60 თეთრი მაინც იქნებოდა.

“60 თეთრი კარგი იქნებოდა. ახლა კი ნახევარი გაფუჭდა. ვერ ვყიდით. რაიონში ალბათ 10,000 ტონაა, მგონი ასეა, ზუსტად არ ვიცი. მაგრამ სად უნდა გავყიდოთ? საქართველოს ამდენი კარტოფილი არ სჭირდებოდა, ახლა რუსეთში მიაქვთ, ჩვენი სოფლიდან რამდენიმე კაცს. ყოველ დღე 100 ტონა მაიქვთ. ეგ რომ არა, გადასაგდები იქნებოდა. მადლობა, ვინც ამას ორგანიზება მოახდინა, სახელმწიფომ, ვინ, არ ვიცი, მადლობა ამ ხალხს”, – აცხადებს ფერმერი.

მისივე თქმით, მოსავლის 30% გაყიდვამდე გაფუჭდა.

ფერმერის მონათხრობზე დაყრდნობით, კილოგრამ კარტოფილზე ზარალი საშუალოდ 15 თეთრია, რაც ერთ ტონაზე 150 ლარი, ხოლო 80 ტონაზე – 12 000 ლარის ზარალი გამოდის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიღებული მოსავლის ნაწილი გაყიდვამდე ფუჭდება, ზარალი კიდევ უფრო დიდია.

„ბათუმელებმა“ ახალქალაქის მერს, იურიკ უნანიანს ჰკითხა, რატომ ვერ ყიდიან გლეხები მოწვეულ პროდუქციას და რაში ხედავს ის გამოსავალს.

„არ იყიდება კარტოფილი. მიზეზი ის არის, რომ ბევრია კარტოფილი. მარტო ალასტანში კი არა, მთლიანად რაიონის პრობლემაა ეს, რომ გლეხებმა კარტოფილი ვერ გაყიდეს. ფასიც დაწიეს წელს, 50 თეთრად ყიდიან კილოს, მაგრამ მაინც ჭირს გაყიდვა. ამ დროისთვის, დაახლოებით 10 ათას ტონაზე მეტი იქნება გასაყიდი კარტოფილი“, – ამბობს მერი.

ახალქალაქში გლეხები კარტოფილს ვერ ყიდიან/ ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე“.

მისი თქმით, კარტოფილის რეალიზაციას პანდემიისგან გამოწვეულმა რეგულაციებმაც შეუშალა ხელი. „ტურიზმი გაჩერებულია, ხალხი აღარ დადის, რესტორნები, სასტუმროები გაჩერებულია, ამ ყველაფერმა იმოქმედა გაყიდვებზე.

მერის თქმით, ახალქალაქის კარტოფილი ქართულ ბაზარზე შემოსულია, თუმცა ეს რეალიზაციისთვის საკმარისი არ არის.

„აზერბაიჯანში გავიტანეთ შარშან, წელს არ შედის. ალბათ თავისი აქვს და მაგიტომ. საბაზრო ეკონომიკაა, თუ არ მოვიდა მყიდველი, რას ვიზამთ. როცა ბევრია მოსავალი ან არ იყიდება, ან იაფია“, – ამბობს მერი.

მერის პირველი მოადგილე შალვა ბალახაძე კი ამბობს, რომ წელს რუსეთში, თურქმენეთსა და მოლდოვაში გაიტანეს ახალქალაქის კარტოფილი, თუმცა ამ ქვეყნებშიც ნაკლებია მოთხოვნა. „შარშან გაყიდეს 1-1.50 ლარად ამ პერიოდში და წელს უფრო იაფია“, – ამბობს ბალახაძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ ჰქონდათ ამ საკითხზე ცენტრალურ მთავრობასთან კომუნიკაცია და რაში ხედავენ პრობლემის გადაჭრის გზას, იურიკ უნანიანი ამბობს, რომ გამოსავალი არის ის, რომ გლეხებმა კარტოფილის დათესვა დაიწყეს. „რომ არ გაფუჭდეს ან უნდა დათესონ, ან გაყიდონ. საქმის კურსშია მთავრობაც, სოფლის მეურნეობის სამინისტროც და იმედია, გააკეთებენ ყველაფერს“, – ამბობს მერი.

„ბათუმელები“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც დაუკავშირდა კომენტარისთვის. უწყებაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო საბაზრო პოლიტიკაში ვერ ჩაერევა. „გვქონდა გარკვეული შეხვედრები და ქართველი ექსპორტიორები ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ არის ჭარბი მოსავალი და შემდგომ უკვე ფერმერებს და ექსპორტიორებს ერთმანეთში უნდა ელაპარაკათ და ფასზე შეთანხმებულიყვნენ. ერთადერთი მხოლოდ ეს გავაკეთეთ, რომ მივაწოდეთ ინფორმაცია ექსპორტიორებს“, – ამბობენ სამინისტროში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის სამ თვეში [იანვარი-მარტი] საქართველოში 2,9 მილიონი აშშ დოლარის კარტოფილია შემოტანილი უცხოეთიდან. აქედან 543 ათასი აშშ დოლარის კარტოფილი – სათესლედ.
ბოლო წლების განმავლობაში, აქამდე არსებული პრაქტიკით, საქართველოს ხელისუფლება ტარიფის სხვაობას ყოველთვის ასუფსიდირებს მანდარინსა და ყურძენზე.


მთავარი ფოტო: „სამხრეთის კარიბჭე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი