საზოგადოება

„მიყვარს მშობლიური ქალაქი და მინდა, უკეთესი გავხადო“ – ნინა პაპიკიანი ახალქალაქიდან

7 ივნისი, 2023 • 1660
„მიყვარს მშობლიური ქალაქი და მინდა, უკეთესი გავხადო“ – ნინა პაპიკიანი ახალქალაქიდან

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს რეგიონები სტაბილურად დგას დაცარიელების პრობლემის წინაშე – უკეთესი პერსპექტივისთვის ადგილობრივები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ან დიდ ქალაქებში, ან საზღვარგარეთ მიდიან.

ნინა პაპიკიანმა სკოლა წელს დაამთავრა და სწავლის შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას აპირებს. გვიყვება, რომ ახალქალაქსა და მთლიანად სამცხე-ჯავახეთის რეგიონს საკმაოდ დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს.

„ნეტგაზეთი“ ნინას ესაუბრა მის სამომავლო გეგმებზე, ახალქალაქის პრობლემებსა და პოზიტიურ ასპექტებზეც.

„საქართველოში მხოლოდ სამნი ვაბარებთ“

ნინას სკოლაში, დამამთავრებელ კლასში, ათი ახალგაზრდა სწავლობდა. ბოლო ზარი ცოტა ხნის წინ ჰქონდათ.

სკოლის დამთავრება განსაკუთრებული პომპეზურობის გარეშე აღნიშნეს, ჰქონდათ ჩვეული წარმოდგენა სკოლაში, – „ლექსებითა და ცეკვებით“, შემდეგ კი აღნიშვნა სახლში გაგრძელდა. საბოლოო შეკრება 24 მაისს ჩატარდა.

როგორც ნინა გვიყვება, მისი კლასიდან საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლას მხოლოდ სამი ადამიანი გეგმავს, ერთ-ერთი მათგანი თვითონაა. ბევრი სკოლადამთავრებული, ნინას თქმით, სასწავლებლად სომხეთში მიდის.

ამის ერთ-ერთ მიზეზად კი ასახელებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონის სხვა მწვავე პრობლემას – ქართულის არცოდნას და მიიჩნევს, რომ პრობლემის მთავარი გამომწვევი განათლების მიმართ დაბალი ინტერესია:

„თქვენც იცით, განათლების მიმართ არ არის ისეთი ინტერესი, როგორც სხვა მიმართულებით. ბავშვები უფრო ინტერნეტში არიან, სოციალურ ქსელებში, ამიტომაც განათლებას არ აქცევენ ყურადღებას. ეს კი აღრმავებს პრობლემას“.

თუმცა  ნინა იმასაც გვეუბნება, რომ განათლების მიღებას ართულებს შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და, რაც მთავარია, მასწავლებლების არარსებობა:

„განათლება აინტერესებთ როგორც გოგონებს, ასევე ბიჭებს, თუმცა ბიჭებს იმ ასაკამდე, სანამ, ასე ვთქვათ, ცხოვრებაში გადიან და ხედავენ, რა ხდება გარეთ, როგორი სამყაროა, როგორი ქვეყანაა. შემდეგ იწყება ინტერნეტში ჯდომა, დროის ხარჯვა, თან სოფლებში არ არის ისეთი ადგილები, სადაც სკოლის შემდეგ რამის გაკეთება შეიძლება – მეცადინეობა ან რამე სხვა.

შემდეგ კი იწყება ინტერესის დაკარგვა. თუმცა, ბუნებრივია, ყოველთვის ასე არაა. ბევრი ბიჭია, ვინც კარგად სწავლობს. არის შემთხვევები, როცა ბავშვებმა არ იციან ქართული. გამოწვეულია ეს იმით, რომ არ გვყავს ქართული ენის მასწავლებელი – შეიძლება ერთი-ორი იყოს, მაგრამ ახალქალაქის მასშტაბით ძალიან ცოტაა. არაა ისეთი ადამიანი, ვინც კარგად ფლობს ქართულს, კარგი სპეციალისტია და შეუძლია ასწავლოს. სწორედ ამიტომაა ხშირი ენობრივი ბარიერი“.

სომხეთში სწავლის გაგრძელების მიზეზი, ნინას თქმით, კვლავ ენობრივი ბარიერია. ოღონდ იმასაც აღნიშნავს, რომ ვითარება უკეთესობისკენ მიდის:

„ქართულის არცოდნის გამო მიდიან სწორედ სომხეთში. ოღონდ გვაქვს წინსვლა. ასე, ხუთი წლის წინ არავინ ახალქალაქიდან არ აგრძელებდა სწავლას საქართველოში. ახლა კი არის 1+4 პროგრამა, რომლის შესახებ რამდენიმე წლის წინ არც იცოდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა ვიმოქმედოთ – ვისწავლოთ ქართული ენა, სხვებსაც მოვუწოდოთ სწავლისკენ. როცა საქართველოში ვცხოვრობთ, უნდა ვიცოდეთ ქართული და გავაგრძელოთ სწავლა. სომხეთში სწავლის შემდეგ აქ არ შეგვიძლია სამსახური ვნახოთ“.

თავად ნინა ქართულს კარგად ფლობს – ენას სკოლაში, სხვადასხვა მოხალისეობრივ ჯგუფებში და მასწავლებელთან დაეუფლა.

გენდერული უთანასწორობა

ნინა პაპიკიანი ახალქალაქში, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ [TDI] ორგანიზებულ შეხვედრაზე გავიცანი. მიზანი ცენტრალური მედიასაშუალებების ჟურნალისტებისა და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების შეხვედრა იყო სხვადასხვა ადგილობრივი პრობლემების განსახილველად. შეხვედრაზე ერთი საინტერესო და ამავე დროს სამწუხარო დაკვირვებაც მქონდა – ყველა ადგილობრივი დამსწრე ქალი იყო.

თავად ნინა ამას ორ ფაქტორს მიაწერს – „თქვეს, ქართული არ ვიცით, ვერ გავიგებთ, რას საუბრობთ და რად გვინდა ეს შეხვედრა?“.

მისივე სიტყვებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ბიჭები ძირითადად დროს გასართობ ადგილებში ატარებენ, ამავე დროს კი, ასეთ ადგილებში გოგოები იშვიათად თუ დადიან:

„ხშირ შემთხვევაში, გოგოები ასეთ ადგილებში არ დადიან. ადგილები ალბათ არის, მაგრამ ბიჭები დადიან“, – მითხრა ნინამ, როცა ვკითხე, არის თუ არა ახალქალაქში ადგილები, სადაც ახალგაზრდებს თავისუფალ დროს გართობა შეუძლიათ.

ასეთ დისტანციას კი ნინა გოგოებისა და ბიჭების ინტერაქციაზე საზოგადოების რეაქციით ხსნის:

„როცა [ხალხი] ხედავს, რომ გოგოები ან ბიჭები ერთად დადიან, ან რამეს აკეთებენ, იწყება ჭორაობა. ამიტომაც დისტანციაში არიან“.

„ასეთი შეხვედრები უფრო ხშირად უნდა ჩატარდეს“

ნინასთან ზემოთ ხსენებულ შეხვედრაზე უფრო დეტალურადაც ვისაუბრეთ. იგი მიუთითებს, რომ ფორმატის დადებითი ასპექტების მიუხედავად, ის მაინც არაა საკმარისი, რათა სხვა ადგილებში მცხოვრებებმა უკეთესად გაიგონ, თუ როგორია ცხოვრება ახალქალაქში.

ნინა იმასაც ამბობს, რომ ბოლო ორ წელიწადში შეხვედრების გახშირების მიუხედავად, ბევრი ახალგაზრდა მათში მაინც არ მონაწილეობს.

რაც შეეხება ფორმატის დადებით შედეგებს, ასეთად შეგვიძლია მოვიყვანოთ ახალგაზრდების მიმართვა ადგილობრივი ხელისუფლებისადმი სატრანსპორტო პრობლემებთან დაკავშირებით:

„არის ტრანსპორტის პრობლემა, მაგრამ [ტრანსპორტი] მარტო დილით მიდის ახალქალაქში. ეს შეხვედრები ძირითადად ტარდება სამის შემდეგ, ტრანსპორტი კი უკან ამაზე ადრე ბრუნდება.

ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე იყო რიმა, ჟურნალისტი. მასთან ერთად პროექტი გავაკეთეთ – განცხადება დავწერეთ, რომ ჩვენი და მეზობელი სოფლებიდან დაინიშნოს დამატებითი რეისები. ბევრი აქტიური ახალგაზრდაა სოფლიდან. ხელმოწერებიც შევაგროვეთ“, – გვიყვება ნინა. პასუხი მიმართვაზე ჯერ არ მიუღიათ.

თუმცა ახალგაზრდები სატრანსპორტო პრობლემის მოგვარების მცდელობით არ შემოიფარგლნენ – გამოდარებასთან ერთად სოფელთან მდებარე დანაგვიანებული მდინარის გასუფთავებასაც გეგმავენ და დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებასაც სთხოვენ – „ახლა ვწერთ განცხადების მერის სახელზე, სოფლის რწმუნებულის სახელზე და დავიწყებთ მუშაობას 10 ივნისის შემდეგ – ჩვენთან სტუდენტებიც მუშაობენ და ველით, სანამ გამოცდებს დაასრულებენ“.

„სირთულეები მიყვარს“

ახლა ნინა ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება – სწავლის გაგრძელება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტურიზმზე ან საერთაშორისო ურთიერთობებზე სურს, თუმცა უფრო მეტად მაინც ტურიზმისკენ იხრება.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ ნინას სურს, ახალქალაქსა და მთლიანად სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ტურისტები უფრო ხშირად ესტუმრონ. როგორც გვეუბნება, იქ ჩასულ ტურისტებს საკმარისზე მეტი ექნებათ სანახავი:

ნინა პაპიკიანის ფოტო.

„სამცხე-ჯავახეთში ბევრი ისეთი ადგილია, რომელიც სხვაგან არსადაა, უნიკალურია. არაა არც ევროპაში, არც სადმე სხვაგან.

ისტორიული თუ სხვა გადმოსახედიდან ბევრი ღირსშესანიშნაობაა. მაგალითად, ხელით გადაწერილი უძველესი წიგნები, ძალიან საინტერესო ინფორმაციით“, – აცხადებს ნინა. ფოტოები, რომლებზეც არაერთი საინტერესო ობიექტია აღბეჭდილი, მას მრავლად აქვს გადაღებული.

ნინა პაპიკიანის მიერ გადაღებული ღირსშესანიშნაობის ფოტო.

ნინა იმასაც აღნიშნავს, რომ ახალქალაქში ადგილობრივებს არაერთი წეს-ჩვეულება და ტრადიცია აქვთ, რომლის შესახებაც დიდად არაა ცნობილი:

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა „ტარანდესი“. ოჯახებში, რომლებშიც პატარძლები არიან, ანთებენ ცეცხლს, მეზობლები კი ცეცხლს ახტებიან. პირველი წელია, ასეთი რამ ტარდება“.

თუმცა ნინა მიიჩნევს, რომ რეგიონში ტურიზმის აღმავლობაზე მუშაობა მარტივი არ იქნება. ამბობს, რომ ჯერ სწავლა უნდა დაამთავროს, თანაც, საქმის წამოწყებას თანხებიც სჭირდება, თუმცა საკუთარ თავში დარწმუნებულია და ხაზს უსვამს, რომ „სირთულეებიც უყვარს“.

ბოლოს ნინას ვკითხე, ბევრი თანატოლისგან განსხვავებით, რატომ გეგმავს მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას — რა ამოძრავებს და რას შეცვლიდა ახალქალაქში. მან ასე მიპასუხა:

„ცვლილებებს რაც შეეხება, არაფერს შევცვლიდი, ალბათ. მიყვარს აქაურობა, უნიკალურია. უფრო კარგი იქნებოდა, ხალხს ცოტა სხვანაირად რომ ეფიქრა.

ეს [ამჟამინდელი აზროვნება] ძალიან უშლის ხელს ბავშვს, ახალგაზრდას, საქმიანობაში. მიყვარს მშობლიური ქალაქი მინდა, უკეთესი გავხადო“.


მასალა მომზადდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტის “ეროვნული უმცირესობების ინკლუზიური და პლურალისტური გაშუქების გაძლიერება მედიაში” ფარგლებში, ეუთოს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით. სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს ეუთოს ეროვნული უმცირესობების საკითხებზე უმაღლესი კომისრის პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი