ახალი ამბები

“ტომი და ჯერი” და სხვა – დიდებისთვის საშიში ბავშვთა კოდექსი? 

21 აგვისტო, 2020 • 2657
“ტომი და ჯერი” და სხვა – დიდებისთვის საშიში ბავშვთა კოდექსი? 

“ტომი და ჯერი”, ერთი-ერთი ყველაზე ძველი და პოპულარული ანიმაცია, მსოფლიო ახალი ამბების თემა 2014 წელს გახდა, როცა “ამაზონმა” თავის ვიდეოსერვისში მულტფილმზე თან დაურთო გაფრთხილება, რომ ის შეიცავს “რასისტულ სტერეოტიპებს”. მულტფილმზე გაფრთხილების დატანის გამო აშშ-ში “ამაზონი” ცენზურაში დაადანაშაულეს და კულტურის მიმომხილველებმა “ცრუ ღვთისმოსავი” უწოდეს.  

2016 წელს კი ქაიროს უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ელჩმა სალაჰ აბდელ სადეკმა არაბულ სამყაროში ძალადობისა და ექსტრემიზმის ზრდა მულტფილმ “ტომი და ჯერის”, ასევე, ვიდეოთამაშებსა და “ძალადობრივ” ფილმებს დაუკავშირა.

როგორ მოიქცევა საქართველოს კომუნიკაციების კომისია, თუ რომელიმე ქართული ტელევიზია გაუშვებს ამ მულტფილმს გაფრთხილებით ან გაფრთხილების გარეშე? შეიძლება, ის ტელევიზიების დაჯარიმების და ლიცენზიის ჩამორთმევის საფუძველი გახდეს? – ამ კითხვებს ქართული მაუწყებლები 2020 წლის აგვისტოში სვამენ, ათიოდე დღით ადრე ბავშვთა უფლებების კოდექსის ამოქმედებიდან და არჩევნების დანიშვნიდან. 

გახდება, პირობითად “ტომი და ჯერი”  საშიში დიდებისთვის? შეეძლებათ, მაუწყებლებს ან ინტერნეტ გამოცემებს გააშუქონ, მაგალითად, პრემიერ-მინისტრის გინება საინფორმაციო გამოშვებებში ისე, რომ მარეგულირებელმა არ დააჯარიმოს და ლიცენზია არ ჩამოართვას? – ეს მხოლოდ ნაწილია კითხვების რაც მაუწყებლებს აქვთ ბავშვთა კოდექსთან დაკავშირებით.

რა ხდება?

“ბავშვის უფლებათა კოდექსი” საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო და 2020 წლის პირველი სეტემბრიდან ამოქმედდება. საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ცვლილება განხორციელდა 21 ნორმატიულ აქტში, მათ შორის, მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში. ახალი კანონმდებლობით, მედიით და ინტერნეტით ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის გავრცელება იზღუდება. კანონით აკრძალულია ისეთი პროგრამით შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე მაუწყებლობა, რომელიც “ბავშვის ასაკს არ შეესაბამება და აფერხებს მის განვითარებას, აგრეთვე, ბავშვის დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებას”.

18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:

[checklist]

  • სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას;
  • ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს, ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება;
  • უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია;
  • ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით- საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა);
  • ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;
  • თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;
  • ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას;
  • სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას;
  • იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას;
  • აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით;
  • ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს;
  • ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას.

[/checklist]

15 წლამდე არასრულწლოვნისთვის, ზემოთ ჩამოთვლის გარდა, შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:

[crosslist]

  • სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ გამოსახულებას;
  • შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია;
  • ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ  საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან.
  • [/crosslist]

12 წლამდე არასრულწლოვნისთვის დამატებით შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ ლექსიკას, ხოლო 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის – მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს.

მაუწყებელი ვალდებულია, 18 წლამდე არასრულწლოვანისთვის შეუფერებელი პროგრამა სამაუწყებლო ბადეში არ განათავსოს 6 საათიდან 24 საათამდე; 15 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი – 6 საათიდან 23 საათამდე; 7 და 12 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებელი – 6 საათიდან 21 საათამდე.

თუ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, სამაუწყებლო ბადეში ასეთი პროგრამები შეიძლება განთავსდეს მხოლოდ მკაფიო გაფრთხილებით, რომ ის შესაბამისი ასაკის არასრულწლოვნისთვის შეუფერებელ მასალას შეიცავს. გაფრთხილება მოიცავს ტექსტურ და ვერბალურ გაფრთხილებას წინასწარ და სპეციალურ ვიზუალურ ნიშანდებას მასალის გადაცემისას განუწყვეტლად.

ჩამოვლილი ნორმების ნაწილი მანამდეც გაწერილი იყო „მაუწყებელთა ქცევის კოდექსში“ და მედიის თვითრეგულირების სფეროში ექცეოდა – დარღვევასთან დაკავშირებით შესულ საჩივრებსა და განცხადებებს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანო განიხილავდა. ახალი რეგულაციებით კი, მაუწყებლობის საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის კონტროლს, აგრეთვე, ინტერნეტსივრცეში და ჩაწერილი ფილმისა და თამაშის ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავრცელების კონტროლს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განახორციელებს.

მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნის დაცვისა და პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმების ნორმების დარღვევის საკითხს კომისია საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე განიხილავს. დაღვევისთვის პირველ ჯერზე გათვალისწინებულია ჯარიმა და დარღვევის აღმოფხვრის ვალდებულების დაკისრება, შემდეგი 1 წლის განმავლობაში განმეორებითი დარღვევისთვის კი – ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ან გაუქმება.

მაუწყებლების პოზიცია

“7 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს” და 06:00-დან 21:00 საათამდე ასეთი შინაარსის პროგრამის სატელევიზიო ეთერში გაშვება იკრძალება, – ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი ნორმიდან, რომელიც ბავშვის უფლებათა კოდექსის საფუძველზე მაუწყებლობის შესახებ კანონში შევიდა. ტელევიზიებს აინტერესებთ, მაგალითად, “უოლტ დისნეის” მულტფილმა “ბემბიმ”, რომელშიც შველს დედას უკლავენ, შესაძლოა თუ არა, ძლიერი ნეგატიური ემოციური გავლენა მოახდინოს ბავშვზე და მულტფილმის ეთერში განთავსებით კანონი დაირღვევა?

„მთავარმა არხმა”, „კავკასიამ“, „ტვ პირველმა“, „ფორმულამ” და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსმა ბავშვის უფლებათა კოდექსის ფარგლებში “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ასამოქმედებელ ცვლილებებთან დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, საქართველოს პარლამენტს და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძეს კითხვებით მიმართეს. ისინი ყურადღებას ამახვილებენ, რომ ახალი ნორმებში გაწერილი ბევრი ტერმინის განმარტება წარმოდგენილი არ არის და აინტერესებთ, ვინ ადგენს და სად არის გაწერილი კრიტერიუმები, რომლებიც მედიამ უნდა დაიცვას. მაგალითად, ეხება თუ არა რეგულაციები საინფორმაციო გამოშვებებს, რომლებიც ხშირად აშუქებენ კრიმინალს? ნიშნავს თუ არა, რომ მაუწყებელს შეიძლება დაუდგინდეს დარღვევა იმ შემთხვევაში, თუ, მაგალითად, 16:00 საათზე გააშუქებს აქციას, სადაც მოხდა დაპირისპირება, ძალადობა, დანაშაული? შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ ცნობილი კინოფილმი „რომეო და ჯულიეტა“ თვითმკვლელობას უწევს პროპაგანდას და არ უნდა გავიდეს ეთერში 22:00 საათზე? იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას, მაუწყებლების თქმით, “უოლტ დისნეის” სრულიად ჰუმანურ, ოსკაროსან მულტიპლიკაციურ ფილმებშიც ვხვდებით, ამიტომ კომუნიკაციების კომისიამ უნდა განმარტოს, მაგალითად, „ტომი და ჯერის“ ან „სპაიდერმენის“ დღის ეთერში გაშვება ჩაითვლება თუ არა დარღევად.

მაუწყებლები აღნიშნავენ, რომ მათთვის კანონი სრულიად არაგანჭვრეტადი და ბუნდოვანია, ვინაიდან ბუნდოვანი ნორმების კანონისმიერი განმარტებები წარმოდგენილი არ არის, – მაგალითად, რა ჩაითვლება შეურაცხმყოფელ ლექსიკად, – და არც მარეგულირებელ კომისიას შეუმუშავებია რაიმე სახის გზამკვლევი, რეკომენდაცია, დადგენილება, სადაც წარმოჩენილი იქნებოდა კომისიის ხედვა მოცემული ბუნდოვანი ნორმების განმარტებასთან დაკავშირებით. მაუწყებლები შიშობენ, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის ფასადით ადმინისტრაციულ ორგანოს ეძლევა მედიის სარედაქციო კონტროლის ბერკეტი და საფრთხე ექმნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ეროვნული მაუწყებლები ხაზს უსვამენ, რომ არცერთი მათგანი არ არის წინააღმდეგი დაიცვას ბავშვის უფლებები, თუმცა ეს კეთილშობილური მიზანი უნდა იყოს მიღწეული ისე, რომ არ დაზიანდეს სხვა, ასევე დიდი სიკეთეები, განსაკუთრებით კი, წინასაარჩევნო პერიოდში. ისინი მიუთითებენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად არ შეიძლება ტოტალური პასუხისმგებლობა დაეკისროს მაუწყებელს – ამისთვის არის მსოფლიოში აღიარებული მთავარი პრინციპი- მშობლის კონტროლი, როგორც მაუწყებლობაზე, ისე ინტერნეტზე.

ინტერნეტ-რეგულაციები

მშობლის კონტროლის მექანიზმი, ტელევიზიებისთვის – არა, თუმცა გათვალისწინებულია ინტერნეტ-პლატფორმების შემთხვევაში. “ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ” კანონში შესული ცვლულებებით, ბავშვის დაცვის მიზნით, ინტერნეტქსელით გავრცელებული პროგრამებისა და ინფორმაციის პროგრამირებულ ქსელურ მატარებლებზე (ინტერნეტში) განთავსებული ფილმებისა და თამაშების ასაკობრივი ნიშანდების წესების დაცვის კონტროლი შემოდის.

მიღებული კანონის საფუძველზე კომუნიკაციის მარეგულირებელმა კომისიამ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულებაც დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, ბავშვებისათვის ონლაინსაფრთხეების შეფასებასა და  შემცირებაში უპირატესი როლი აკისრია მშობელს.

ინტერნეტში ინფორმაციის განმთავსებელი ვალდებულია, განსაზღვროს განთავსებული ინფორმაციის კატეგორიები და მიანიჭოს მათ ინფორმაციას შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდება. 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ინფორმაციის შემცველ ინტერნეტგვერდზე დაშვება უნდა მოხდეს ფიზიკური პირის რეგისტრაციით.

ინტერნეტსივრცეში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის იდენტიფიცირებისა და გაფილტვრის ხელშეწყობის მიზნით, ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლებისა და მშობლებისთვის შემუშავდება ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების სპეციალური სარეიტინგო სია, შესაბამის ასაკობრივ ნიშანდებაზე მითითებით.ინტერნეტგვერდის მფლობელი ვალდებულია კომისიას აცნობოს თავისი ინტერნეტგვერდის მისამართი შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების მითითებით. ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც მას შესაძლებლობას მისცემს აღნიშნული სარეიტინგო სიის საფუძველზე დაბლოკოს ინტერნეტგვერდების ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა.

ინტერნეტში ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, განმეორებით კი – 3 000 ლარის ოდენობით.

წესი ვრცელდება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინტერნეტმომსახურებას ან საკუთარი  ინტერნეტგვერდის საშუალებით ინტერნეტში განათავსებს ინფორმაციას, კერძოდ, აუდიოვიზუალურ პროდუქციას.

ნორმების ბუნდოვანება და GNCC-ისადმი უნდობლობა

“კანონში არსებული ნორმები ისეთი ფართო განმარტების საშუალებას იძლევა, რომ თუ სიტყვა-სიტყვით მივყვებით, შეუძლებელი გახდება, ეთერში რამე განთავსდეს”, – ამბობს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თავმჯდომარე მარიამ გოგოსაშვილი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ ბავშვის ინტერესების დაცვა აუცილებელი სიკეთეა, თუმცა ამბობენ, რომ ერთმა სიკეთემ მნიშვნელოვნად არ უნდა დააზარალოს მეორე – სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. კანონმდებლობაში არსებული ბუნდოვანების გარდა, ისინი კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიისადმი უნდობლობას უსვამენ ხაზს და ამბობენ, რომ GNCC დიდი ხანია, მაუწყებლების პროდუქტის შინაარსში ჩარევას ცდილობს, ახალი კანონმდებლობა კი ამის ფართო დისკრეციას აძლევს.

“შემაშფოთებელია, რომ კომისია წლების განმავლობაში ცდილობს, ჩაერიოს მაუწყებლების კონტენტში და რიგი საკითხები თვითრეგულირებადი სფეროდან რეგულირებაში გადაიტანოს. ადმინისტრაიული ორგანოს ფაქტორის გარდა, პრობლემურია თავად კანონმდებლობაში ნორმების ბუნდოვანება, ვინაიდან კომისიას ფართო ინტერპრეტაციის საშუალება ეძლევა. ერთბლივად ეს ქმნის საფრთხეს და ეჭვებს, რომ კომისია შეეცდება უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენოს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ გოგოსაშვილმა.

ნორმების ბუნდოვანების პრობლემაზე მიუთითებს საია-ს საპარლამენტო მდივანი ნიკა სიმონიშვილიც და ამბობს, რომ ერთი კონკრეტული შემთხვევა კომისიამ შეიძლება სხვადასხვა ტელევიზიის შემთხვევაში სხვადასხვაგვარად განმარტოს.

“ბავშვის ინტერესების დაცვა აუცილებელია და შეიძლება გარკვეული ნორმების თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადმოტანის ინტერესი არსებობდეს, თუმცა ეს უნდა მოხდეს მხოლოდ ძალიან განჭვრეტადი ნორმების საფუძველზე – მედიისთვის წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რას ნიშნავს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი  კონკრეტული ტელეპეროდუქცია. მაგალითად, როდესაც კანონში საუბარია, რომ ძალადობის ამსახველი კადრები არ უნდა გავიდეს, ძალიან ბევრ საბავშვო მულტფილმში ძალადობის შემცველი არაერთი სცენაა. იმიტომ, რომ გამოხატვის თავისუფლებასა და ბავშვის ინტერესს დაცვას შორის ზღვარი ძალიან მყიფეა, სიფრთხილეა საჭირო. იმ ფორმით, რა ფორმითაც პარლამენტმა კანონმდებლობა საბოლოო სახით მიიღო, ეს ცვლილებები არ არის გამართლებული”,  – უთხრა “ნეტგაზეთს” სიმონიშვილმა.

საკონსტიტუციო სარჩელი

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) მაუწყებლების თხოვნით მუშაობს საკონსტიტუციო სარჩელზე, რომლითაც სასამართლოს კანონის ამოქმედებამდე მიმართავს და სადავო ნორმების შეჩერებას სთხოვს.

“საკონსტიტუციო სასამართლოს გაკეთებული აქვს განმარტება, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არანაირი უფლება არ აქვს, შეზღუდოს და დაარეგულიროს მედიაში გასული ინფორმაციის კონტენტი, ვინაიდან  გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვა არის ყველაზე მძიმე ფორმით ჩარევა გამოხატვაში. კანონმდებლობის ახალი ნორმები სწორედ ამის საწინააღმეგოა. კომისიას ეძლევა ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ მედიაში გასული, ფაქტობრივად, სრული ინფორმაცია შინაარსობრივად შეზღუდოს ბავშვის უფლებების დაცვის მოტივით. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინა გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, არის რესურსი, რომ ახალი ნორმების დიდი ნაწილი, რომელიც გამოხატვის თვისუფლებას უხეშად არღვევს, არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი. ამიტომ მოვამზადებთ სარჩელს და ვეცდებით, სექტემბრამდე მივმართოთ საკონსტიტუცო სასამართლოს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” GDI-ის სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორმა ედუარდ მარიკაშვილმა.

მისი შეფასებით, კომისიის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ემსახურება მხოლოდ მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მმართველი პოლიტიკური ძალების ინტერესების სასარგებლოდ. იურისტი, ასევე, საუბრობს “გამყინავი ეფექტის” საფრთხეზე, როდესაც მედიაში თვითცენზურას გააჩენს.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ბავშვის უფლებების და ინტერესების დაცვის საკითხი მედიაში ბევრ ქვეყანაში ექვემდებარება რეგულირებას, თუმცა უფრო სრულყოფილი კანონმდებლობის საფუძველზე და ამასთან, გასათვალისწინებელია ქვეყნის კონტექსტი – გარდამავალი დემოკრატიის სახელმწიფოებში სიტყვის თავისუფლების რისკის ქვეშ დაყენება მეტად საფრთხის შემცველია.

მაუწყებლები პარლამენტს და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სთხოვენ, საარჩევნო პერიოდის გამო გამოაცხადონ მორატორიუმი და საარჩევნო შედეგების საბოლოოდ ძალაში შესვლამდე არ მოხდეს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე მაუწყებლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება; ამავე პერიოდში შეიმუშაონ რამე სახის გზამკვლევი, რეკომენდაცია ან დადგენილება.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და საქართველოს პარლამენტს, თუმცა არც GNCC-მა და არც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ამ ეტაპზე საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. შესაბამისად, ბუნდოვანი რჩება, აპირებს თუ არა პარლამენტი მორატორიუმის გამოცხადებას, ან რა გეგმები აქვს კომუნიკაციის მარეგულირებელ კომისიას კანონმდებლობაში გაწერილი ნორმების განმარტებასთან დაკავშირებით.

მაუწყებლები “ბავშვთა კოდექსით” გათვალისწინებულ პასუხისმგებლობაზე მორატორიუმს ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი