ახალი ამბები

ბავშვის უფლებათა კოდექსის ნორმები საკონსტიტუციოში გასაჩივრდება – GDI

19 აგვისტო, 2020 • 1517
ბავშვის უფლებათა კოდექსის ნორმები საკონსტიტუციოში გასაჩივრდება – GDI

“ბავშვის უფლებათა კოდექსის” საფუძველზე კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის გავრცელების მიზნით მედიას შეზღუდვებს უწესებს, საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება.

პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის “ბავშვის უფლებათა კოდექსის” საფუძველზე “მაუწყებლობის შესახებ” და “კომუნიკაციების შესახებ” კანონებში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის გავრცელება იზღუდება. კანონით აკრძალულია ისეთი პროგრამით შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე მაუწყებლობა, რომელიც “ბავშვის ასაკს არ შეესაბამება და აფერხებს მის განვითარებას, აგრეთვე, ბავშვის დამოუკიდებელ და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებად ჩამოყალიბებას”. 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:

  • სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას;
  • ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება;
  • უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია;
  • ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით- საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა);
  • ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;
  • თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;
  • ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას;
  • სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას;
  • იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას;
  • აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით;
  • ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს;
  • ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას.

15 წლამდე არასრულწლოვნისთვის, ასევე, შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს:

  • სიშიშვლეს სექსუალურ კონტექსტში, სექსუალურ სცენას ან მის გრაფიკულ გამოსახულებას;
  • შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს კონტექსტით გამართლებულია;
  • ტერმინოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკულ საშუალებასთან ან მის მოხმარებასთან.

12 წლამდე არასრულწლოვნისთვის დამატებით შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს შეურაცხმყოფელ ლექსიკას, ხოლო 7 წლამდე არასრულწლოვნისთვის – მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) გავლენის მომხდენი შინაარსის მქონე სცენას ან სიუჟეტს.

მაუწყებლები აღნიშნავენ, რომ მათთვის კანონი სრულიად არაგანჭვრეტადი და ბუნდოვანია, ვინაიდან ბუნდოვანი ნორმების კანონისმიერი განმარტებები წარმოდგენლი არ არის, მაგალითად, რა ჩაითვლება შეირაცხმყოფელ ლექსიკად და არც მარეგულირებელ კომისიას შეუმუშავებია რაიმე სახის გზამკვლევი, რეკომენდაცია, დადგენილება, სადაც წარმოჩენილი იქნებოდა კომისიის ხედვა მოცემული ბუნდოვანი ნორმების განმარტებასთან დაკავშირებით. მაუწყებლები შიშობენ, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის ფასადით სახელმწიფოს ეძლევა მაუწყებლების სრული სარედაქციო კონტროლის ბერკეტი და საფრთხე ექმნება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI) მაუწყებლების თხოვნით მუშაობს საკონსტიტუციო სარჩელზე, რომლითაც სასამართლოს კანონის ამოქმედებამდე მიმართავს და სადავო ნორმების შეჩერებას სთხოვს.

საკონსტიტუციო სასამართლოს გაკეთებული აქვს განმარტება, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არანაირი უფლება არ აქვს, შეზღუდოს და დაარეგულიროს მედიაში გასული ინფორმაციის კონტენტი, ვინაიდან  გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვა არის ყველაზე მძიმე ფორმით ჩარევა გამოხატვაში. კანონმდებლობის ახალი ნორმები სწორედ ამის საწინააღმეგოა. კომისიას ეძლევა ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ მედიაში გასული, ფაქტობრივად, სრული ინფორმაცია შინაარსობრივად შეზღუდოს ბავშვის უფლებების დაცვის მოტივით. ბავშვის ინტერესები, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ამან არ უნდა ჩაყლაპოს სხვა უფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წინა გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, არის რესურსი, რომ ახალი ნორმების დიდი ნაწილი, რომელიც გამოხატვის თვისუფლებას უხეშად არღვევს, არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი. ამიტომ მოვამზადებთ სარჩელს და მივმართავთ საკონსტიტუცო სასამართლოს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” GDI-ის სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრამის დირექტორმა ედუარდ მარიკაშვილმა.

მისი შეფასებით, ბავშვის უფლებათა კოდექსის ფარგლებში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში მაუწყებლებთან მიმართებაში ძალიან ბევრი ბუნდოვანი დებულებაა და არის საფრთხე, გაუმართლებლად შეიზღუდოს მედიის თავისუფლების საკითხი.

პრობლემას ქმნის ტერმინების ბუნდოვანება და ეს ბუნდოვანება გამოიხატება და რეალიზდება ისე, რომ კომისიაზეა  მინდობილი, რას ჩათვლის აკრძალულ ინფორმაციად ბავშვებთან მიმართებით, რაც ასევე პრობლემურია იმიტომ, რომ არ არსებობს ნდობა კომისიის მიმართ. ჩვენი შეფასებით, კომისიის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ემსახურება მხოლოდ მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მმართველი პოლიტიკური ძალების ინტერესების სასარგებლოდ და ამ შემთხვევაშიც ბერკეტებს უფრო მეტად ამ ინტერესებით გამოიყენებენ, უბრალოდ დაარქვეს, რომ ამას ბავშვთა უფლებების ინტერესებისთვის აკეთებენ”, – განაცხადა მარიკაშვილმა.

იურისტი ასევე საუბრობს “გამყინავი ეფექტის” საფრთხეზე, როდესაც მედიაში თვითცენზურას გააჩენს. მარიკაშვილი ასევე ყურადღებას ამახვილებს სანქცირების განსხვავებულ წესზე, როდესაც დარღვევების შემთხვევაში კომისიას შეუძლია, პირველივე გაფრთხილების გარეშე, პირველ ჯერზე დააჯარიმოს მაუწყებელი, ხოლო  განმეორებით შემთხევაში ლიცენზია შეუჩეროს.

ამ თემაზე:

მაუწყებლები “ბავშვთა კოდექსით” გათვალისწინებულ პასუხისმგებლობაზე მორატორიუმს ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი