ახალი ამბები

მიშა მშვილდაძემ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

15 იანვარი, 2024 • 1584
მიშა მშვილდაძემ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) მიხეილ მშვილდაძეზე 2023 წლის 27 ივნისს განხორციელებული ძალადობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

საუბარია 2023 წლის 27 ივნისს ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელსა და ჟურნალისტ მიხეილ მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე, რა დროსაც მასზე ფიზიკურად იძალადეს და მიაყენეს დაზიანებები თავისა და სახის არეში. თავდამსხმელმა, ნიკოლოზ გუგეშაშვილმა, სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, რომელშიც აღიარა თავდასხმის ფაქტი და მიზეზად მშვილდაძის მიუღებელი პოზიციები დაასახელა.

GDI-ში აცხადებენ, რომ ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ მიხეილ მშვილდაძის მიმართ ძალადობის დაგეგმვასა და განხორციელებაში დიდი ალბათობით ჩართული იყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი თანამშრომლები.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საქართველოში წარმოებული გამოძიება არ ყოფილა ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური. კერძოდ, საქმე დახურა და 2023 წლის 12 სექტემბერს გადაიგზავნა სასამართლოში ისე, რომ ორგანიზაციის განცხადებით, საქმეში მონაწილე ყველა შესაძლო დამნაშავის იდენტიფიცირება და დასჯა არ მომხდარა:

„საგამოძიებო ორგანოს არ ამოუღია ყველა ვიდეოკამერის ჩანაწერი, არ დაუკითხავს ყველა მოწმე, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. დანაშაულის კვალიფიკაცია იყო არასწორი და ნაცვლად ჯგუფურად, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი არაადამიანური მოპყრობისა, დაკვალიფიცირებული იყო სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა). დაზარალებულს, მისი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით, არ მიაწოდეს საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა მტკიცებულება (ვიდეომასალები). აღნიშნული გარემოებების გამო, მიხეილ მშვილდაძემ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“, — ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

GDI-ში აღნიშნავენ, რომ წარდგენილი საჩივარი შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა, მატერიალური და პროცედურული ნაწილი) მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში და მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევას.

მომჩივანი დავობს, რომ მის მიმართ ჩადენილი დანაშაული, სავარაუდოდ, სახელმწიფოს მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული, ამიტომ მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.

ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიხეილ მშვილდაძის მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე არ ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება და არ დასჯილან დამნაშავეები:

„გამოძიებას არ გამოუვლენია პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციული ნიშანი. მომჩივანი დავობს გამოხატვის თავისუფლების დარღვევაზეც, ვინაიდან არის ჟურნალისტი და სახელმწიფოს ეკრძალება ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების მსგავსი ფორმით შეზღუდვა, ამასთან, სახელმწიფოს ევალებოდა გამოეძიებინა გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი