ახალი ამბები

არმიის ნაწილები დასავლეთ საზღვრებთან სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია – ლუკაშენკო

19 აგვისტო, 2020 • 935
არმიის ნაწილები დასავლეთ საზღვრებთან სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია – ლუკაშენკო

ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, სახელმწიფომ არმიის ნაწილები ბელარუსის დასავლეთ საზღვრებთან გადაისროლა უცხო ქვეყნების მთავრობების განცხადებების საპასუხოდ. საუბარია განცხადებებზე, რომლებითაც დასავლეთის ქვეყნები კრიტიკულად აფასებენ ვითარებას ბელარუსის შიგნით.

Reuters-ის თანახმად, ლუკაშენკომ სამშაბათს განაცხადა, რომ არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. შეხვედრა, რომელზეც აღნიშნული განცხადებები გახმიანდა, ტელეეთერით გადაიცემოდა.

ლუკაშენკომ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა უწოდა ოპოზიციის გეგმებს საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ და აღნიშნულთან დაკავშირებით “შესაბამისი ზომების” გატარების პირობა დადო. მისი თქმით, დემონსტრანტები, რომლებიც მის წინააღმდეგ გამოდიან, უცხოეთიდან იმართებიან და ფინანსდებიან.

ბელარუსში ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით პროტესტი 10 დღეა, გრძელდება. ამავდროულად, გაფიცვას აგრძელებენ არაერთი ქარხნის მუშები და სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი.

ყველაზე მასშტაბური აქციები მინსკსა და სხვა ქალაქებში 16 აგვისტოს გაიმართა. 17 აგვისტოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად მიჩნეულმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელმაც თქვა, რომ მზადაა, გახდეს ეროვნული ლიდერი.

ტიხანოვსკაია ამჟამად ვილნიუსში იმყოფება. თანაგუნდელების თქმით, მას ქვეყნა იძულებითა და ზეწოლით დაატოვებინეს.

პროტესტი და შეტაკებები ბელარუსში დაიწყო არჩევნების შემდგომ, რომელშიც, ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, კვლავ ლუკაშენკომ გაიმარჯვა.  გასულ დღეებში ბელარუსის პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან.  დადასტურებულია ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ.

ბელარუსის არჩევნების შედეგებს ევროკავშირის ქვეყნები და დასავლეთის სხვა რამდენიმე სახელმწიფო არ აღიარებენ.

მიმდინარე პერიოდში ლუკაშენკო მინიმუმ ორჯერ ესაუბრა ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსს სამხედრო დახმარებაც აღმოუჩინოს.

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსს 26 წელია მართავს.

ბელორუსის შსს-მ მესამე დემონსტრანტის დაღუპვა დაადასტურა

მასალების გადაბეჭდვის წესი