ახალი ამბები

სანამ არ მომკლავთ, ახალი არჩევნები არ იქნება – ლუკაშენკო

17 აგვისტო, 2020 • 1398
სანამ არ მომკლავთ, ახალი არჩევნები არ იქნება – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დღეს, 17 აგვისტოს, მუშებისათვის სიტყვით მიმართვისას, კვლავ გამორიცხა ქვეყანაში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისა, რომელთაც 16 აგვისტოს მინსკსა და სხვა ქალაქებში მასშტაბური დემონსტრაციები გამართეს.

“ჩვენ უკვე გვქონდა არჩევნები. სანამ არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ იქნება”, – აღნიშნა მან.

სატრაქტორო ქარხნამდე ლუკაშენკო ვერტმფრენით მივიდა. მუშების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ლუკაშენკომ ისევ გამორიცხა ხელახალი არჩევნები, თუმცა აღნიშნა, რომ მზადაა, გარკვეული ცვლილებები შევიდეს კონსტიტუციაში.

“ვერ მოესწრებით დღეს, როცა რაიმეს ზეწოლის ქვეშ გავაკეთებ. არანაირი ხელახალი არჩევნები არ იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში აღარ იარსებებს არც მინსკის სატრაქტორო ქარხანა, არც საავტომობილო ქარხანა, არც სატვირთოების ქარხანა… ყველაფერი ნახევარ წელიწადში დაინგრევა”, – ციტირებს მას სახელმწიფო სააგენტო Belta.

მისივე თქმით, მუშაობა უკვე დაწყებულია შესაძლო ცვლილებებისთვის კონსტიტუციაში, რომელიც ხელისუფლების გადანაწილებას შეუწყობს ხელს. ლუკაშენკოს დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

სიტყვით გამოსვლისას მას რამდენჯერმე მოუწია მუშათა ნაწილის შეძახილების მოსმენა. მათ შორის იყო: “წადი!”, “სირცხვილი!”

ბელარუსის მსხვილი ქარხნების ნაწილის მუშებმა პოლიციის ძალადობისა და ლუკაშენკოს ხელისუფლებაში დარჩენის წინააღმდეგ პროტესტი ჯერ კიდევ გასულ კვირას დაიწყეს. უკვე დღეს, 17 აგვისტოს, ოპოზიციამ ქვეყნის მასშტაბით გაფიცვის დაწყების მოწოდება გაახმიანა.

“რადიო თავისუფლების” ბელარუსის ბიუროს თანახმად, მოწოდებას გამოეხმაურნენ ბელარუსის საავტომობილო ქარხნის თანამშრომლები, რომლებმაც განუსაზღვრელი ვადით გაფიცვა დააანონსეს იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნების სიას პროფკავშირის კომიტეტი მენეჯმენტს არ წარუდგენს. მოთხოვნებს შორისაა ლუკაშენკოს გადადგომა და ხელახალი არჩევნები. აღნიშნული გაიზიარეს სასუქების მწარმოებელი მსხვილი ქარხნების მუშებმაც.

დღესვე პროტესტს შეუერთდა ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილიც: გაიფიცნენ ჟურნალისტები, ოპერატორები და სხვები. მოთხოვნებს შორისაა ზეწოლის შეწყვეტა მედიაზე და არჩევნების შედეგების გაბათილება.

16 აგვისტოს მინსკსა და სხვა ქალაქებში გაიმართა მასშტაბური აქციები ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ. 17 აგვისტოს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად მიჩნეულმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელმაც თქვა, რომ მზადაა, გახდეს ეროვნული ლიდერი.

ტიხანოვსკაია ამჟამად ვილნიუსში იმყოფება. თანაგუნდელების თქმით, მას ქვეყნა იძულებითა და ზეწოლით დაატოვებინეს.

პროტესტი და შეტაკებები ბელარუსში დაიწყო არჩევნების შემდგომ, რომელშიც, ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, კვლავ ლუკაშენკომ გაიმარჯვა.  გასულ დღეებში ბელარუსის პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან.  დადასტურებულია ინფორმაცია ორი დაღუპულის შესახებ.

მიმდინარე პერიოდში ლუკაშენკო მინიმუმ ორჯერ ესაუბრა ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსს სამხედრო დახმარებაც აღმოუჩინოს.

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსს 26 წელია მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი