ნეტგაზეთი | უკრაინელი მებრძოლის რუსეთისთვის გადაცემა დანაშაული იქნება – დეკანოიძე უკრაინელი მებრძოლის რუსეთისთვის გადაცემა დანაშაული იქნება – დეკანოიძე – Netgazeti
RU | GE  

უკრაინელი მებრძოლის რუსეთისთვის გადაცემა დანაშაული იქნება – დეკანოიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ თუკი საქართველო რუსეთს გადასცემს უკრაინელ მებრძოლს, ეს უკრაინის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იქნება.

სახალხო დამცველის 13 აგვისტოს გამოქვენებული ცნობით, რუსეთი საქართველოს უკრაინელი მებრძოლის, ვადიმ ალტმანის, ექსტრადიციას სთხოვს. სახალხო დამცველი პროკურატურას მოუწოდებს, უარი უთხრას რუსეთს ექსტრადიციის მოთხოვნაზე.

ხატია დეკანოიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ თუკი საქართველო დაუშვებს ალტმანის ექსტრადიციას, ეს საშიში პრეცედენტი იქნება:

„ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, მათ შორის მოხალისეები, ვის გადაცემას და გასამართლებასაც ითხოვს რუსეთი. მათ შორის, ლუგანსკის და დონეცკის ოკუპაციის შემდეგ არსებობს ძალიან ჯგუფი — იმ ბატალიონების წევრები, რომლებიც ჩაერთვნენ უკრაინის ტერიტორიის დაცვაში. მათ შესახებ რუსეთის ფედერაციაში არსებობს ბაზა და ოკუპანტები ითხოვენ ამ მებრძოლების გადაცემას და გასამართლებას რუსეთის ტერიტორიაზე“, – ამბობს დეკანოიძე.

„იმ შემთხვევაში, თუ ეს ჩაიდინა საქართველოს ხელისუფლებამ, ეს, ერთი მხრივ, იქნება დანაშაულებრივი ქმედება ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოს მიმართ და მეორე მხრივ, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული“, – ამბობს იგი „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

„ჩვენ ყველას ძალიან კარგად მოგვეხსენება, თუ როგორ ეპყრობოდნენ უკრაინელ მებრძოლებს რუსეთში. ყველამ კარგად ვიცით ოლეგ სენცოვის და ბევრი დაკავებულის ისტორია უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ“, – აცხადებს პოლიტიკოსი.

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ვადიმ ალტმანის ექსტრადიცია ყოვლად დაუშვებელია, თუმცა, „თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბოლოს იუსტიციის სამინისტრომ რამდენიმე ადამიანი გადასცა რუსეთს მოთხოვნის საფუძველზე“, არ გამოვრიცხავს, რომ „მსგავსი ფაქტი ჩაიდინოს თეა წულუკიანმა“.


საუბარია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ვადიმ ალტმანზე, რომლის ექსტრადიციის მოთხოვნით რუსეთმა საქართველოს 2020  წლის 30 იანვარს მიმართა. ომბუდსმენის ინფორმაციით, ექსტრადიციის შუამდგომლობის დოკუმენტების მიხედვით, ალტმანს ბრალი ედება სხვადასხვა დანაშაულში (კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბება და ნარკოტიკული დანაშაული).

“საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ვადიმ ალტმანი რუსეთ-უკრაინის შეირაღებული კონფლიქტის დროს მონაწილეობას იღებდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებში.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, იგი არის „საომარი მოქმედებების მონაწილეთა სრულიად უკრაინის ორგანიზაციის ოდესის საოლქო ორგანიზაციის“ წევრი. ასევე, მონაწილეობდა უკრაინულ მოხალისეთა ჯგუფების შემადგენლობაში და აქტიურ როლს ასრულებდა უკრაინის არმიის აღჭურვა-მომარაგებაში”, – იუწყება სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველი გენერალურ პროკურატურისადმი მიმართვაში ყურადღებას ამახვილებს რუსეთის პენიტენციურ სისტემაზე და ვარაუდობს, რომ  საქართველოდან რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში ვადიმ ალტმანი წამების მსხვერპლი გახდება:

„რუსულ პენიტენციურ სისტემაში მოიძებნება სასტიკი მოპყრობის არაერთი მაგალითი მათ მიმართ, ვინც რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით პროუკრაინულ განცხადებებს ავრცელებს. წინადადებაში მიმოხილული ოლეგ სენცოვისა და სხვა პირთა საქმეები ნათლად მიუთითებს, რომ ვადიმ ალტმანის ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმას, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ვალდებულებებთან“.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გენერალურმა პროკურატურამ უნდა გაითვალისწინოს მითითებული გარემოებები და არ მიმართოს სასამართლოს ექსტრადიციაზე თანხმობის მოსაპოვებლად. საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა გაითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებებს და მიიღებს ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ვალდებულებების შესაბამის გადაწყვეტილებას.

ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვი საქართველომ რუსეთს გადასცა

დაღესტნელ კაცს, რომელსაც რუსეთი ეძებს, საქართველოდან დეპორტაცია ემუქრება

სუმბაევის საქმის მოსალოდნელი გაგრძელება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია - „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან. მობ.: 995 555 223 568; ელ-ფოსტა: lukapertaia@gmail.com