ახალი ამბები

გორიდან გატაცებული გოგო იპოვეს და დააბრუნეს

12 აგვისტო, 2020 • 1105
გორიდან გატაცებული გოგო იპოვეს და დააბრუნეს

მე-11 კლასელი გოგო, რომელიც გორიდან გუშინ, 11 აგვისტოს, საღამოს 18:00 საათისთვის გაიტაცეს, ნაპოვნია. შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ ის პოლიციამ იპოვა.

“ნეტგაზეთი” ესაუბრა გოგოს დეიდასაც, რომლის თქმითაც, გოგო გორის პოლიციის განყოფილებაშია.

მანამდე ოჯახი ამბობდა, რომ მათ იცოდნენ, ვინ არის სავარაუდო გამტაცებელი, თუმცა, ამის მიუხედავად, პოლიცია საგამოძიებო ქმედებებს აჭიანურებდა.

“[პოლიციამ თქვა], ჩვენ ვუთხარით ამ ბიჭს, მოიყვანეთო. ვუთხარი, ეს რა წესია, როგორ ურიგდება პოლიცია ამას, როცა იცის, სად არის მანქანა, შეუძლია, ამოიღოს ნომერი, დაადგინოს ადგილსამყოფელი, წავიდეს და მოიყვანოს- მეთქი”, – აღნიშნა მან.

მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. ოჯახი ითხოვს, გოგო დღეს არ დაკითხონ.

“არ ვიცი, ბიჭმა მოიყვანა თუ პოლიციამ. როგორც გვითხრეს, კითხავენ და დაკითხვას ესწრება სოციალური მუშაკი. ბავშვმა მოითხოვა დედამისის მისვლა, ისე არაფერს გეტყვითო. ვურჩიე ჩემს დას, რომ დაწეროს განცხადება, რათა დღეს, ორდღიანი სტრესის შემდეგ, დაანებონ დაკითხვას თავი”, – აღნიშავს გოგოს დეიდა.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

“ნეტგაზეთი” გატაცებული გოგოს დეიდას მანამდეც ესაუბრა. ის ყვებოდა, რომ გუშინდელი დღიდან ოჯახი მას აქტიურად ეძებს, თუმცა „პოლიცია თავიდანვე საქმეს არასერიოზულად მიუდგა“.

ოჯახის ინტერესებს „საფარი“ და მისი ადვოკატი თამარ ლუკავა იცავს. ლუკავა ნეტგაზეთს უყვება, რომ მანაც შესთავაზა პოლიციას ახლომდებარე კამერებიდან ჩანაწერების ამოღება და გამტაცებელთა ტრაექტორიის დადგენა. თუმცა ამ მოთხოვნით ოჯახის განცხადება პოლიციამ მანამ არ მიიღო, სანამ ლუკავამ გენისპექციასა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს არ შეატყობინა.

„მოგვილოცეს, გაბედნიერდაო“ – გატაცებული გოგოს დეიდა პოლიციას ძებნის გაჭიანურებაში ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი