ნეტგაზეთი | „მოგვილოცეს, გაბედნიერდაო“ – გატაცებული გოგოს დეიდა პოლიციას ძებნის გაჭიანურებაში ადანაშაულებს „მოგვილოცეს, გაბედნიერდაო“ – გატაცებული გოგოს დეიდა პოლიციას ძებნის გაჭიანურებაში ადანაშაულებს – Netgazeti
RU | GE  

„მოგვილოცეს, გაბედნიერდაო“ – გატაცებული გოგოს დეიდა პოლიციას ძებნის გაჭიანურებაში ადანაშაულებს

გუშინ, 11 აგვისტოს, საღამოს 18:00 საათისთვის,  გორში მე-11 კლასელი გოგო გაიტაცეს. ოჯახი ამბობს, რომ მათ იციან, ვინ არის სავარაუდო გამტაცებელი, თუმცა,  ამის მიუხედავად, პოლიცია საგამოძიებო ქმედებებს აჭიანურებს.

გოგოს გატაცების ფაქტს ადასტურებენ თავად შსს-ში. უწყება ამბობს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

“ნეტგაზეთი” ესაუბრა გატაცებული გოგოს დეიდას, რომელიც გვიყვება, რომ გუშინდელი დღიდან ოჯახი მას აქტიურად ეძებს, თუმცა „პოლიცია თავიდანვე საქმეს არასერიოზულად მიუდგა“.

ის გვიყვება, რომ გატაცების შემდეგ გოგომ მშობლებთან დახმარების თხოვნით ორჯერ დარეკა – პირველად 11 აგვისტოს, რა დროსაც, თქვა, რომ, სავარაუდოდ, რაჭისკენ მიჰყავდათ, მეორედ კი, დღეს.  მეორეჯერ გოგოს გამტაცებლების ოჯახმა დაარეკინა და ათქმევინა, რომ დააბრუნებდნენ.  ეს კი იმიტომ მოხდა, რომ გოგოს გატაცების ამბავი გასაჯაროვდა.

„პირველი ზარისას დედამ მოასწრო და უთხრა ბავშვს, არაფერი იფიქრო, მე აუცილებლად მოვალ და წამოგიყვანო. და მამამაც იგივე უთხრა“.

დეიდა ამბობს, რომ პოლიციამ ჯეროვანი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაატარა და, ზოგადად, ღონისძიებებს წელავს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები სამართალდამცველებს სთავაზობენ ამოიღონ ტელეფონისა და ახლომდებარე კამერების ჩანაწერები.

„განყოფილებაში პოლიციამ ჩემს სიძეს უთხრა, შვილი გაგიბედნიერდათო და ასე და ისე, და ჩემი და და სიძე დილიდან სხედან იქ. არაფერს არკვევენ, ეკითხებიან რაღაც სისულელეებს“, – გვიყვება ოჯახის წევრი.

ოჯახის ინტერესებს „საფარი“ და მისი ადვოკატი თამარ ლუკავა იცავს. ლუკავა ნეტგაზეთს უყვება, რომ მანაც შესთავაზა პოლიციას ახლომდებარე კამერებიდან ჩანაწერების ამოღება და გამტაცებელთა ტრაექტორიის დადგენა. თუმცა ამ მოთხოვნით ოჯახის განცხადება პოლიციამ მანამ არ მიიღო, სანამ ლუკავამ გენისპექციასა და ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს არ შეატყობინა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ დროს პოლიციის სწრაფი რეაგირება, რადგან, რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო დიდი პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ. როგორც წესი, თავისუფლების უკანონო აღკვეთა არ არის ხოლმე მხოლოდ ერთი დანაშაული და ამას, როგორც წესი, თან სდევს სქესობრივი დანაშუალიც. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია პოლიციამ დროული რეაგირება მოახდინოს გოგოს პოვნის კუთხით, რომ არ მოხდეს სხვა დანაშაული. თუმცა, სამწუხაროდ, გუშინ, 18:00 საათის შემდეგ, აქამდე ნაპოვნი არ არის“, – ამბობს ლუკავა.

ლუკავაც განმარტავს, რომ ამბის გასაჯაროების შემდეგ, გოგოს მეორედ დაარეკინეს. ეს კი ნიშნავს, რომ პოლიციამ უნდა დაადგინოს, საიდან განხორციელდა სატელეფონო ზარი და საბოლოოდ, იპოვოს არასრულწლოვანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან