ახალი ამბები

თსუ-ის პროფესორების ნაწილი კაჭკაჭიშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

10 აგვისტო, 2020 •
თსუ-ის პროფესორების ნაწილი კაჭკაჭიშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულების პროფესორები იაგო კაჭკაჭიშვილის მხარდასაჭერ განცხადებას ავრცელებენ.

წერილში პროფესორები შეშფოთებას გამოთქვამენ პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომის „სოციალური მოქმედების თეორიები” ავტოპლაგიატში ბრალდებასთან დაკავშირებით.

მათი თქმით, კაჭკაჭიშვილი 1990-იანი წლებიდან ასწავლის სოციოლოგიის მიმართულებაზე და აქტიურად არის ჩართული სასწავლო და კვლევით საქმიანობაში

“ის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორია, რომელიც სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის სავალდებულო საკითხავ ტექსტებს წარმოადგენს; მათ შორისაა „სოციალური მოქმედების თეორიები”, რომელიც მის სადისერტაციო ნაშრომს ეფუძნება.

მოგეხსენებათ, რომ სადისერტაციო ნაშრომები, ტრადიციულად, ხელნაწერის უფლებით სარგებლობდა და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში გამოდიოდა პუბლიკაციის სახით. ამასთან, სანამ საქართველო ბოლონიის პროცესის ნაწილი გახდებოდა (2005 წელს) და უმაღლესი განათლების ევროპეიზაციის პროცესში ჩაერთვებოდა, ჩვენს აკადემიურ სივრცეში არ არსებობდა კონკრეტული რეგულაციები ავტოპლაგიატთან დაკავშირებით”, – აცხადებენ ხელმომწერები.

უნივერსიტეტის პროფესორების განცხადებით შესაბამისად, ის, რომ წიგნში არ არის მითითებული ერთი წინადადება, რომ ის სადისერტაციო ნაშრომს ეფუძნება, ტექნიკური დეტალია და ნამდვილად ვერ კლასიფიცირდება ავტოპლაგიატად, სადისერტაციო ნაშრომის დაცვის თარიღის (2001 წელი) გათვალისწინებით:

“ამასთან, რადგან ნაშრომი თეორიული სოციოლოგიის ფარგლებშია შექმნილი და სოციალური მოქმედების თეორიებს განიხილავს, ცხადია, რომ ის ცნობილი სოციოლოგების ნაშრომებს აანალიზებს და ამიტომ გაუგებარია მისი დადანაშაულება კომპილაციის ელემენტების არსებობაში. კომისიის შემადგენლობაში დარგის სპეციალისტი რომ ყოფილიყო, ეს მაშინვე გაცხადებული იქნებოდა”, – წერია განცხადებაში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, პროფესორები უსაფუძვლოდ და არაობიექტურად მიიჩნევენ იაგო კაჭკაჭიშვილის დადანაშაულებას ავტოპლაგიატის ჩადენაში:

განცხადებას ხელს აწერენ:

სოციოლოგიის და სოციალური მუშაობის მიმართულების პროფესორები
ამირან ბერძენიშვილი, პროფესორი
ლია წულაძე, ასოცირებული პროფესორი
ლელა გაფრინდაშვილი, ასოცირებული პროფესორი
ნინო დურგლიშვილი, ასოცირებული პროფესორი
კახა ქეცბაია, ასოცირებული პროფესორი
თენგიზ ვერულავა, ასოცირებული პროფესორი
თამარ მახარაძე, ასოცირებული პროფესორი
სალომე ნამიჭეიშვილი, ასისტენტ-პროფესორი
შორენა თურქიაშვილი, ასისტენტ-პროფესორი


თსუ-ს რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება 2019 წლის შემოდგომაზე მოამზადა რადიო „თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივმა გადაცემამ „თავისუფლების მონიტორმა“. საუბარია 2003 წლის დისერტაციაზე, რომელიც შარვაშიძემ მაშინდელ სულხან-საბას უნივერსიტეტში დაიცვა. მოგვიანებით თსუ-ის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იაგო კაჭკაჭიშვილმა მიმართა ილია სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ადმინისტრირებს პლაგიატის დადგენის პროგრამა TurnitIn-ს, თხოვნით, დაედგინათ, იყო თუ არა პლაგიატი შარვაშიძის დისერტაციაში. ილიაუნიმ პლაგიატი დაადასტურა და დაასკვნა:

„გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას“.

რექტორის დისერტაციაში პლაგიატი უარყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც განაცხადა, რომ ნაშრომი TurnitIn-ში მათაც შეამოწმეს.

იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ თსუ-ის რექტორ გიორგი შარვაშიძის მხრიდან პლაგიატის საკითხის წამოწევის შემდეგ, თსუ-ში შექმნილმა კომისიამ იაგო კაჭკაჭიშვილს თვითპლაგიატისა და კომპილაციის საფუძველზე “აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა” დაუდგინა.

კერძოდ, კომისიის დასკვნით იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომი “სოციალური მოქმედების თეორიები”, რომელიც 2001 წელს იქნა ავტორის მიერ წარდგენილი სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად და მისივე წიგნი “სოციალური მოქმედების თეორიები”, რომელიც 2001 წელს არის გამოცემული, შინაარსობრივი თვალსაზრისით იდენტურია. ამასთან, ავტორს განხილული აქვს სხვა ავტორთა ნაშრომები, რაც სადისერტაციო ნაშრომის დიდ ნაწილს მოიცავს და შეიცავს კომპილაციის ნიშნებს.

ეთიკის კომისიის დასკვნას იაგო კაჭკაჭიშვილთან დაკავშირებით ხელს აწერენ კომისიის მდივანი გიორგი მახარობლიშვილი და წევრები: ზვიად აბაშიძე, ეკატერინე ფირცხალავა, ქეთევან ხუციშვილი, ნატალია ბასილაია და სალომე დუნდუა.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, 2001 წელს საქართველოს აკადემიური სივრცე და არცერთი ფორმალური რეგულაცია არ იცნობდა „ავტოპლაგიატის“ ცნებას და გამოუქვეყნებელი ნაშრომის (დისერტაციის) წიგნად გამოცემა არ შეიძლება, გადაცდომად ჩაითვალოს. იგი მომხდარს თსუ-ის რექტორის მხრიდან შურისძიებად აფასებს.

პლაგიატი თუ ტექნიკური ხარვეზი? – რექტორის სადავო დისერტაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი