ახალი ამბები

მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ – შსს ახალქალაქში დაპირისპირებაზე

9 აგვისტო, 2020 • 1817
მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დავაკავეთ – შსს ახალქალაქში დაპირისპირებაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქში მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

უწყება ამბობს, რომ გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ცეცხლსასროლი იაღარიდან ესროლა და სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ვ.მ. შემდგომ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი.
სამართალდამცველებმა ა.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს,“ – ამბობს უწყება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236 მუხლის III და IV მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.

ეს დანაშაული მათ შორის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 15 წლამდე.

შსს ამბობს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობაზე გრძელდება გამოძიება.


გუშინ 8 აგვისტოს ახალქალაქში დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთი ადამიანი მოკლეს, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიწვა რამდენიმე სახლი.

გუბერნატორის თქმით, ახალქალაქში მკვლელობის შემდეგ დაპირისპირების დროს სახლი დაწვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი