ახალი ამბები

გუბერნატორის თქმით, ახალქალაქში მკვლელობის შემდეგ დაპირისპირების დროს სახლი დაწვეს

8 აგვისტო, 2020 • 2021
გუბერნატორის თქმით, ახალქალაქში მკვლელობის შემდეგ დაპირისპირების დროს სახლი დაწვეს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის თქმით, დაპირისპირების შემდეგ ახალქალაქში სახლია დამწავარი.

როგორც გუბერნატორმა ნეტგაზეთს უამბო, ზუსტად არ იცის რამდენი სახლი დაწვეს, თუმცა აცხადებს, რომ ამ დროისთვის ქალაქში სიმშვიდეა.

ამირანაშვილის თქმითვე, მისთვის უცნობია პოლიციამ ვინმე დააკავა თუ არა.

– “ამ დროისთვის სიმშვიდეა და პოლიცია ვითარებას სრულად აკონტროლებს. მოხდა მკვლელობა. ამის შემდეგ დაწვეს სახლი. ზუსტი რაოდენობა, თუ რამდენი სახლია დამწვარი, არ ვიცი”, – ამბობს გუბერნატორი.

Jnews-ის ინფორმაციით, ახალქალაქში ორი ​​საცხოვრებელი სახლი დაწვა, ერთი მაშტოცის ქუჩაზე, მეორე კი ახალქალაქის სპორტსკოლის მახლობლად.

დღეს, 8 აგვისტოს, ადგილობრვიმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალქალაქში მკვლელობა მოხდა. ასევე იყო დაპირისპირებაც.

ნეტგაზეთი ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა. მათ კომენტარს მიღებისთანავე გავავრცელებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი