ახალი ამბები

თსუ-ს სტუდენტები და კურსდამთავრებულები კაჭკაჭიშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ

5 აგვისტო, 2020 • 1712
თსუ-ს სტუდენტები და კურსდამთავრებულები კაჭკაჭიშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ.

სტუდენტები და კურსდამთავრებულები ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე წუხილს გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ პროფესორის დევნისა და შევიწროების მცდელობის ნიშნებს ხედავენ:

“ბოლო დღეების განმავლობაში კი ამ ეჭვების გასაქარწყლებლად საპასუხო ნაბიჯი არ გადადგმულა. ეთიკის კომისიის შექმნა და ბოლო თვეებში, კვირებსა და დღეებში განვითარებული მოვლენები უამრავ შეკითხვას ბადებს. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი მოკლებულია ლოგიკურ დასაბუთებასა და არგუმენტირებულ მსჯელობას. ამ გაურკვევლობას კი ვერ პასუხობს კომისიის წევრთა განმარტება, რომელმაც კიდევ უფრო მეტი ბუნდოვანება წარმოშვა.

ჩვენ არ შევალთ სამართლებრივ განხილვასა და დებატებში, თუმცა გვსურს დავაფიქსიროთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია წარმოდგენა, თითქოს უნივერსიტეტში არსებული პრობლემების გარშემო მსჯელობა უნივერსიტეტის კედლებშივე უნდა დარჩეს. მიგვაჩნია, რომ წლების განმავლობაში დამკვიდრებულმა ამგვარმა პრაქტიკამ სასიკეთო შედეგი ვერ გამოიღო. უფრო მეტიც, თსუ მიიყვანა იმ პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე, რომლის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები”, – აცხადებენ სტუდენტები.

მათ შეფასებით, ასევე სამწუხაროა აკადემიური პერსონალის ნაწილის მხრიდან კაჭკაჭიშვილისადმი საჯარო სოლიდარობის ნაკლებობა და მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს ადამიანები უნდა იდგნენ სოლიდარობისა და სამართლიანობის სადარაჯოზე:

“ვინაიდან, თუ უნივერსიტეტი საკუთარ პროფესორს არ უცხადებს სოლიდარობას, სტუდენტებს კიდევ უფრო მეტი დაუცველობის განცდა ეუფლებათ. ასევე, იაგო კაჭკაჭიშვილის შემთხვევის მიღმა მიმდინარე პროცესს ვაფასებთ უფრო ფართო პერსპექტივიდან და აღვიქვამთ მას, როგორც კრიტიკულად განწყობილი ხმების განეიტრალების მცდელობად.

ამის ფონზე გვაქვს მოლოდინი, რომ სტუდენტები იქნებიან მოწოდების სიმაღლეზე და დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას უნივერსიტეტში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებთან დაკავშირებით. აქვე, გვსურს, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილს, ის, გარდა აკადემიური საქმიანობისა, ყოველთვის გამოირჩეოდა აუდიტორიის მიღმა უნივერსიტეტის გაჯანსაღებისთვის მიმდინარე პროცესების მხარდაჭერითა და მასში მონაწილეობით” ,- აცხადებენ განცხადების ავტორები.


თსუ-ს რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება 2019 წლის შემოდგომაზე მოამზადა რადიო „თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივმა გადაცემამ „თავისუფლების მონიტორმა“. საუბარია 2003 წლის დისერტაციაზე, რომელიც შარვაშიძემ მაშინდელ სულხან-საბას უნივერსიტეტში დაიცვა. მოგვიანებით თსუ-ის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იაგო კაჭკაჭიშვილმა მიმართა ილია სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ადმინისტრირებს პლაგიატის დადგენის პროგრამა TurnitIn-ს, თხოვნით, დაედგინათ, იყო თუ არა პლაგიატი შარვაშიძის დისერტაციაში. ილიაუნიმ პლაგიატი დაადასტურა და დაასკვნა:

„გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას“.

რექტორის დისერტაციაში პლაგიატი უარყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც განაცხადა, რომ ნაშრომი TurnitIn-ში მათაც შეამოწმეს.

იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ თსუ-ის რექტორ გიორგი შარვაშიძის მხრიდან პლაგიატის საკითხის წამოწევის შემდეგ, თსუ-ში შექმნილმა კომისიამ იაგო კაჭკაჭიშვილს თვითპლაგიატისა და კომპილაციის საფუძველზე “აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა” დაუდგინა.

კერძოდ, კომისიის დასკვნით იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომი “სოციალური მოქმედების თეორიები”, რომელიც 2001 წელს იქნა ავტორის მიერ წარდგენილი სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად და მისივე წიგნი “სოციალური მოქმედების თეორიები”, რომელიც 2001 წელს არის გამოცემული, შინაარსობრივი თვალსაზრისით იდენტურია. ამასთან, ავტორს განხილული აქვს სხვა ავტორთა ნაშრომები, რაც სადისერტაციო ნაშრომის დიდ ნაწილს მოიცავს და შეიცავს კომპილაციის ნიშნებს.

ეთიკის კომისიის დასკვნას იაგო კაჭკაჭიშვილთან დაკავშირებით ხელს აწერენ კომისიის მდივანი გიორგი მახარობლიშვილი და წევრები: ზვიად აბაშიძე, ეკატერინე ფირცხალავა, ქეთევან ხუციშვილი, ნატალია ბასილაია და სალომე დუნდუა.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, 2001 წელს საქართველოს აკადემიური სივრცე და არცერთი ფორმალური რეგულაცია არ იცნობდა „ავტოპლაგიატის“ ცნებას და გამოუქვეყნებელი ნაშრომის (დისერტაციის) წიგნად გამოცემა არ შეიძლება, გადაცდომად ჩაითვალოს. იგი მომხდარს თსუ-ის რექტორის მხრიდან შურისძიებად აფასებს.

პლაგიატი თუ ტექნიკური ხარვეზი? – რექტორის სადავო დისერტაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი