ახალი ამბები

აუდიტის სამსახური პარტიების მიერ შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს აღარ შეისწავლის

5 აგვისტო, 2020 • 963
აუდიტის სამსახური პარტიების მიერ შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს აღარ შეისწავლის

სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკური პარტიების მიერ შესაძლო მოსყიდვის ფაქტებს აღარ შეისწავლის და ამ საკითხს მთლიანად პროკურატურა გადაიბარებს.

აქამდე, თუ ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით დადებული გარიგების ღირებულება 100 ლარს არ აღემატებოდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური სწავლობდა. საუბარია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების  შესახებ კანონში არსებულ ჩანაწერზე, რომლითაც ამომრჩეველთა მოსყიდვის მიზნით გარიგების დადება,  თუ ასეთი გარიგების ღირებულება არ აღემატებოდა 100 ლარს, იწვევდა პარტიის ან პარტიის წარმომადგენლის დაჯარიმებას გარიგების ღირებულების ათმაგი ოდენობით და ფიზიკური პირის დაჯარიმებას შესაბამისი ღირებულების ორმაგი ოდენობით.

საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა, კანონიდან ეს ნორმა ამოიღეს. შედეგად, მსგავსი შემთხვევა უკვე სისხლის სამართლის კოდექსით გახდება დასჯადი, თუმცა სანქციად პარტიას/ფიზიკურ პირს კვლავ ჯარიმა დაეკისრება.

“თუ მოსყიდვა ნამდვილად მოხდა, მნიშვნელობა არ აქვს, რა თანხა იქნა ამ მოსყიდვაში გადახდილი, რადგან ზიანი უკვე მიყენებულია, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი ხმა უკვე მოისყიდეს. აქედან გამომდინარე, ამ მუხლის ადგილი მთლიანად სისხლის სამართლის კანონმდებლობაშია და მნიშვნელობა არ აქვს თანხობრივ განაწილებას. ნებისმიერი შესაძლო მოსყიდვის ფაქტი საგამოძიებო მოქმედებებს მოითხოვს, რომელიც შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეასრულოს”, – ამბობს გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკატერინე ღაზაძე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე დადებითად აფასებს ამ ცვლილებას, თუმცა ამბობს, რომ საია აქტიურად დააკვირდება, თუ როგორ აღასრულებს პროკურატურა ამ ახალ ფუნქციას და საკუთარ ანგარიშებში ასახავს, როგორ იმუშავებს ეს ცვლილება რეალობაში:

“ამ გადმოსახედიდან ეს ცვლილება ჩვენთვის მისაღები იყო, თუმცა უკვე პრაქტიკული შედეგების დაკვირვების შემდეგ შესაძლოა გამოჩნდეს, რომ ეს კარგად ან პირიქით, ვერ მუშაობს. რაც შეეხება ზოგადად მოსყიდვის თემას, ეს მნიშვნელოვანი პრობლემა იქნება, მით უფრო, პანდემიის პირობებში, როდესაც საზოგადოების ფართო ფენებს სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ.”

დღეს, 5 აგვისტოს, გამართულ პრეზენტაციაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ბესიკ ქოჩიაშვილმა კანონში შეტანილ სხვა ცვლილებებზეც ისაუბრა. მიღებული ცვლილებით პარტიის შემომწირველი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ტერიტორიაზე და რომლის პარტნიორები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში რეგისტრირებული ის იურიდიული პირები არიან, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან.

ძველი ვერსიით, შემომწირველი კომპანიის პარტნიორი შეიძლებოდა ყოფილიყო უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირი, თუ მისი საბოლოო ბენეფიციარი საქართველოს მოქალაქე იქნებოდა. ასევე მიიღეს ტექნიკური ხასიათის ცვლილებიც. მაგალითად, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის ახალი ვერსიით, პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც უნდა წარედგინოს ცესკოს.

ძველი რედაქციით კი, დაფინანსებას გასცემდა ცესკო. ამასთან, პარტიას დაფინანსების მიღების შესახებ თანხმობა უნდა განეცხადებინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. ღაზაძის განცხადებით, ეს ცვლილება პარტიებს ბიუროკრატიულ პროცესებს გაუადვილებს, რადგან ცესკოსგან მათ კუთვნილი სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად ჯერ აუდიტის სამსახურისთვის უნდა მიემართათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი