ახალი ამბები

შსს ბაჩალიაშვილის საქმეზე FBI-ისთან თანამშრომლობისთვის მზადაა

4 აგვისტო, 2020 • 1606
შსს ბაჩალიაშვილის საქმეზე FBI-ისთან თანამშრომლობისთვის მზადაა

შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვედრა შესთავაზა. ბაჩალიაშვილების ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, შეხვედრა შსს-ში 5 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მათ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობას. სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა”, – განუცხადეს “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტრო.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა 4 აგვისტოს აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართეს გამოძიებაში FBI-ის ჩართვის მოთხოვნით. აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები მათ შეხვდნენ და განუმარტეს, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო საქართველოში მიმდინარე გამოძიებაში ვერ ჩაერთვება, თუ სახელმწიფოსგან ოფიციალურ მოთხოვნას არ მიიღებს.


23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა, ოჯახის წევრები და სამართალდამცავები მას 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ, მეხუთე დღეს კი თეთრწყაროში, ოფიციალური ვერსიით, მწყემსმა ბაჩალეიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვა.

ბაჩალიაშვილის საქმე თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. თუმცა, შემდგომ საქმეს 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც დაემატა. ბაჩალიაშვილის ოჯახი გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. ოჯახი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვას ითხოვს.

ბაჩალიაშვილის ოჯახმა გამოძიებაში FBI-ის ჩართვის მოთხოვნით აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა

მასალების გადაბეჭდვის წესი