ახალი ამბები

ბაჩალიაშვილის ოჯახმა გამოძიებაში FBI-ის ჩართვის მოთხოვნით აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა

4 აგვისტო, 2020 • 1212
ბაჩალიაშვილის ოჯახმა გამოძიებაში FBI-ის ჩართვის მოთხოვნით აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ახლობლები თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას მართავენ.

ისინი ითხოვენ აშშ-ის ელჩთან საქართველოში, კელი დეგნანთან შეხვედრას და ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვას.

“FBI-ის ჩართვას იმიტომ ვითხოვ, რომ დარწმუნებული ვარ, წაშლილი აქვთ ყველა დნმ მანქანაზე, წაშლილი აქვთ ფაილები კომპიუტერში და ამას FBI-ის გარეშე ვერავინ აღადგენს. თვითმკვლელობის ვერსია არ გამოუვიდათ და ახლა ნარკოდილერობას აბრალებენ… მინდა კელი დეგნანს მივმართო, როგორც ქალი – ქალს და ვთხოვო დახმარება”, – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.

თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ თუ გამოძიებაში FBI არ ჩაერთვება, ამერიკის საელჩოსსთან შიმშილობას დაიწყებს.

აქციაზე მივიდა მალხაზ მაჩალიკაშვილიც.

“სოლიდარობას ვუცხადებ ოჯახს და როგორც ჩემს საქმესთან დაკავშირებით, ისევე ამ ოჯახის გვერდით ვიქნები და სიცოცხლეს არ დავზოგავ, რომ იმ ბავშვის მკვლელები იყვნენ დასჯილები. ვინც რა უნდა თქვას, ეს არის ამ ხელისუფლების ხერხემლის – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაშაული. თვითმკვლელობა, ნარკოტიკები, ათას რამეს დააბრალებენ… ყველაფერზე მიდიან, ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნონ”, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი