რატომ სტუმრობენ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკოსები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს და რა მესიჯებს უგზავნიან ამით ამომრჩეველს?
გასულ კვირას ილია მეორეს საკუთარ რეზიდენციაში ორი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ესტუმრა – ვიზიტის ფოტოები კი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. ვანო მერაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს მმართველი გუნდისა თუ სხვა ოპოზიციური პარტიებისაგან განსხვავებული არაფერი გაუკეთებიათ: ილია მეორესთან ვიზიტები, განსაკუთრებით, წინასაარჩევნოდ, იმატებს ხოლმე. ყოფილ სასულიერო პირს, ბასილ კობახიძეს, აღნიშნული ტენდენცია ილია მეორის ავტორიტეტის გამოყენებად მიაჩნია, თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი კი პროცესს ასევე განიხილავს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად.
“უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმიღო, და მე მას ილიაობა მივულოცე. ბედნიერი ვარ, რომ მისი ლოცვა-კურთხევა მივიღე”, – დაწერა გრიგოლ ვაშაძემ ფეისბუქ გვერდზე, ილია მეორესთან ვიზიტის ამსახველ ფოტოზე.
4 აგვისტოს პატრიარქთან შეხვედრის ფოტო გამოაქვეყნა ვანო მერაბიშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ილია მეორეს ციხეში გატარებულ პერიოდზე ესაუბრა.
ილიაობა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც მიულოცა და სამებაში საკვირაო ქადაგებასაც დაესწრო, რისი ამსახველი ფოტოებიც, ოპოზიციონერი კოლეგების მსგავსად, ასევე გამოაქვეყნა “ფეისბუქზე”.
“როცა ერს ასეთი სულიერი ლიდერი ჰყავს, მას განსაცდელი ვერ მოერევა და ყველა სირთულეს გაუმკლავდება. რთული დღეების განმავლობაში, რომელმაც ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიო შეცვალა და განსაცდელში ჩააგდო – თქვენი რწმენა, სიმშვიდე და ხალხის მიმართ სიყვარული კიდევ ერთხელ დაინახა ერმა. ხელისუფლების, ეკლესიის და ხალხის ერთიანობით, საქართველო განსაცდელს გაუმკლავდა. მადლიერი ვართ ამისთვის!”, – დაწერა მან.
პოლიტიკოსები პატრიარქის “ჯადოსნური გავლენის” მოზიარენი ხდებიან – ბასილ კობახიძე
წინასაარჩევნოდ ილია მეორესთან შეხვედრები და მათი საჯაროობა ყოველთვის აქტუალურია საქართველოს პოლიტიკური სპექტრისთვის. ასე იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინაც.
მიანიშნებს თუ არა ეს რაიმე კონკრეტულზე? საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი მღვდელი, თეოლოგი ბასილ კობახიძე მიიჩნევს, რომ ამ გზით პოლიტიკოსები ამომრჩევლის კეთილგანწყობის მოპოვებას ყოველთვის ცდილობდნენ და ასე გრძელდება დღესაც.
“შეიძლება ითქვას, ზვიად გამსახურდიას შემდეგ იწყება ასეთი აქტიური გამოყენება რელიგიური ფაქტორისა საარჩევნოდ. გავიხსენოთ ის, რომ როცა შევარდნაძე ჩამოვიდა მოსკოვიდან, პირდაპირ მივიდა სიონში და იქ, კამერების წინაშე აანთო სანთელი, შემდეგ – ინაუგურაციები ტაძარში და ა.შ.
ეს რა არის? ამ დროს ხდება იმ ჯადოსნური გავლენის, აურისა და ორეოლის განაწილება, რაც, საუბედუროდ, ილია მეორეს აქვს მოსახლეობის თვალში. პოლიტიკოსები ამ “ჯადოსნობისა” და “თეთრი მაგიის” მოზიარენი ხდებიან”, – აღნიშნავს ის.
კობახიძეს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ტენდენციას ქრისტიანობასთან კავშირი არ აქვს და პროცესში ჩანს “მარტივი სურათი, რომ აბსოლუტურად ქრისტიანობის გარეშე, მოსახლეობის თვალში, ილია მეორე არის გაკერპებული”.
“თუ ამ უნამუსო პოლიტიკოსებს მართლაც თავის წარმოჩენა უნდოდათ ქრისტიანებად, შეეძლოთ, რამე ქრისტიანული გაეკეთებინათ ან ხელისუფლებაში, ან ოპოზიციაში ყოფნის დროს. მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვხედავთ. ჩვენ ვხედავთ გულისამრევ მიტმასნებას პატრიარქის ჯადოსნურ ორეოლზე, ერთი მხრივ, და [მეორე მხრივ], ამით, რეალურად, ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ თქვენ ხართ ცხვრის ფარა, უტვინოები და ასეთი იაფფასიანი ტრიუკებით მოგატყუებთ ისევ, რომ დავრჩეთ ან მოვიდეთ ხელისუფლებაში.
არც “ქართული ოცნებისთვისაა” უცხო ის არამზადობა, რაც გააკეთეს მერაბიშვილმა და ხაზარაძემ. მანამდე გააკეთა ეს “ლელომ”. წლებია, ამას აკეთებენ მამუკა ხაზარაძე და მისი თანაპარტიელები”, – აცხადებს ის.
ყოფილი მღვდელი მიიჩნევს, რომ ამჟამინდელი სურათი ქართული პოლიტიკური კლასის ხელისუფლებაა, რომელმაც ხელი შეუწყო როგორც პატრიარქის პიროვნების “გაკერპებას”, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობისა და უიმედობის გაღვივებას.
“ის, რომ პატრიარქი არის გაკერპებული და ითვლება მთავარ კეთილ ჯადოქრად, ეს მთლიანად არის ჩვენი პოლიტიკური კლასის – ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლებების – დამსახურება. იგივე სააკაშვილის დროს თუ შევარდნაძის დროს, პატრიარქთან ეს კულუარული არხები გაჭრილი იყო. “ქართულ ოცნებასაც” ჰქონდა გაჭრილი და ახლა უფრო მეტი გაჭრა. სწორედ პოლიტიკური კლასის დამსახურებაა, რომ ისე დააბრმავეს მოსახლეობა, ისეთ ეკონომიკურ ფრუსტრაციაში ჩააგდეს, რომ ადამიანებს აღარ აქვთ არცერთი სახელმწიფო ინსტიტუციის იმედი და მათი იმედები მიმართულია კეთილი ჯადოქრის მიმართ”, – ეუბნება კობახიძე “ნეტგაზეთს”.
“ქართულ ოცნებას ჯერ არსად ეჩქარება”
საპატრიარქოში ვიზიტებში ახალს ვერაფერს ხედავს ვერც თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი. მისი განცხადებით, მიუხედავად რიგი ფაქტორებისა, საპატრიარქო მაინც რჩება პოპულარულ ძალად საქართველოში, ამ მოცემულობას კი პოლიტიკოსებიც იყენებენ.
“ახალი, ამ შემთხვევაში, არის შემდეგი რამ: ოპოზიციურად განწყობილმა ძალებმა, მათმა ტელევიზიებმაც, გარკვეულწილად მოაწყვეს კრიტიკის სერია საპატრიარქოს მიმართულებით.
…ყველა ვარაუდობდა, რომ რადგან საპატრიარქო ძალიან დაახლოებულია მთავრობასთან, კრიტიკა მთავრობისა და საპატრიარქოს მიმართ ტოლფარდი იქნებოდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. თქვენ მიერ ჩამოთვლილი პოლიტიკოსების ვიზიტებს წინ უძღოდა ის, რომ ჩემ მიერ ჩამოთვლილმა ტელევიზიებმა შეწყვიტეს საპატრიარქოს მიმართ კრიტიკული სიუჟეტების კეთება, მათი ეთერში გაშვება.
…განწყობა, რომ თითქოს ციანიდის საქმის შემდეგ და სხვა მოვლენების შემდეგ საპატრიარქო დაკარგავდა პოლიტიკურ წონას, არ გამართლდა. ხშირად გვავიწყდება, რომ ადამიანები საქართველოში ენდობიან რელიგიას და, ასე ვთქვათ, საპატრიარქო, მიუხედავად ბევრი სკანდალისა, მაინც რჩება პოლიტიკურ მოთამაშედ და წონას არ კარგავს, რადგან ის არის ლეგიტიმაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო დიდი ხნის განმავლობაში”, – აცხადებს ის.
გამრეკელაშვილს მიაჩნია, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად საპატრიარქოში ვიზიტების სიხშირე გაიზრდება და ასე მოხდება მმართველი პარტიის შემთხვევაშიც, რომელიც, გამრეკელაშვილის აზრით, ჯერ დიდად არ აქტიურობს ამ კუთხით.
” “ოცნება” ამას არ ჩქარობს, რადგან ის შეზრდილია საპატრიარქოსთან და ჯერ არსად არ ეჩქარებათ თავისი წილი ამგვარი კამპანიის დაწყებისა. ის არ არის შეზღუდული საკუთარ რესურსებში და წინასაარჩევნოდ, სავარაუდოდ, დახმარების მსუყე პაკეტსაც გამოუყოფს “სასულიერო დასს”, – აღნიშნავს თეოლოგი.