ახალი ამბები

“შეწყდეს კაჭკაჭიშვილის მიმართ ანგარიშსწორება” – პეტიცია

3 აგვისტო, 2020 • 1721
“შეწყდეს კაჭკაჭიშვილის მიმართ ანგარიშსწორება” – პეტიცია

სამეცნიერო და აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მოუწოდებენ, აღკვეთოს პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის მიმართ უსამართლო ანგარიშსწორება.

ისინი განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, პარლამენტის განათლებისა და კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილს და თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრებს პეტიციით მიმართავენ და აცხადებენ, რომ ხელნაწერის სახით არსებული დისერტაციის წიგნად გამოცემა ჩვეულებრივი პრაქტიკაა არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში და არაადეკვატურია მეცნიერის არაკეთილსინდისიერებაში დადანაშაულება იმის გამო, რომ წიგნში არ მიუთითა დისერტაციის საფუძველზე მისი გამოცემის შესახებ.

“ბოლო დღეებია შეშფოთებით ვადევნებთ თვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ საგანგაშო პროცესს, რომელიც უკავშირდება თსუ-ს პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის მიმართ ცილისწამებასა და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მისი რეპუტაციის შელახვას. ეს პროცესი გამჟღავნდა თსუ-ში შექმნილი ეთიკის კომისიის დასკვნის სახით, რომელმაც იაგო კაჭკაჭიშვილი დაადანაშაულა მეცნიერული კეთილსინდისიერების დარღვევაში. თუმცა ეთიკის კომისიის ამ დასკვნას, ჩვენი ღრმა რწმენით, არ გააჩნია სამართლებრივი და აკადემიური საფუძველი”, – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციის ავტორები მიუთითებენ, რომ ზემოაღნიშნულ პროცესს თავისი წინაისტორია აქვს: იაგო კაჭკაჭიშვილის სამეცნიერო პროდუქტის „მონიტორინგი“ მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ღიად და საჯაროდ გააკრიტიკა თსუ-ის რექტორის, გია შარვაშიძის დისერტაცია.

“ეს გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს შურისძიების მცდელობასთან, რაც მეცნიერის გაუმართლებელი დევნის ნიშნებს ატარებს. მოვუწოდებთ თსუ-ს აკადემიურ საბჭოს, გამოიჩინოს კეთილგონიერება და აღკვეთოს მაღალი პროფესიული რეპუტაციის მქონე პროფესორის, იაგო კაჭკაჭიშვილის მიმართ უსამართლო ანგარიშსწორება, რამაც ფართო საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია”, – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციას ხელს აწერენ:

  • თინათინ მარგალიტაძე, თსუ პროფესორი;
  • ირინე ტატიშვილი, თსუ პროფესორი, ასირიოლოგიის კათედრის გამგე;
  • ამირან ბერძენიშვილი, თსუ პროფესორი;
  • ლევან გორდეზიანი, თსუ პროფესორი, ძველი მსოფლიოს ისტორიის კათედრის გამგე;
  • ლიკა ღლონტი, Erasmus+ ეროვნული ოფისის კოორდინატორი;
  • ლევან ბერძენიშვილი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი;
  • გიორგი (გაგა) ნიჟარაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი;
  • ემზარ ჯგერენაია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი;
  • თამარ მახარაძე, თსუ ასოცირებული პროფესორი;
  • ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი;
  • ლაშა ბუღაძე, მწერალი;
  • ეთერ (დოდო) ოკუჯავა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი;
  • რატი ამაღლობელი, მწერალი;
  • ტრისტან ჯინჭარაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი;
  • თინათინ ხიდაშელი, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე;
  • მანანა ხარხელი, თსუ ასოცირებული პროფესორი;
  • ეკა ჩოხელი, თსუ ასოცირებული პროფესორი;
  • ლევან ლორთქიფანიძე, თსუ დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი.

თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება 2019 წლის შემოდგომაზე მოამზადა რადიო „თავისუფლებისა“ და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივმა გადაცემამ „თავისუფლების მონიტორმა“. საუბარია 2003 წლის დისერტაციაზე, რომელიც შარვაშიძემ მაშინდელ სულხან-საბას უნივერსიტეტში დაიცვა. მოგვიანებით თსუ-ის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იაგო კაჭკაჭიშვილმა მიმართა ილია სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც ადმინისტრირებს პლაგიატის დადგენის პროგრამა TurnitIn-ს, თხოვნით, დაედგინათ, იყო თუ არა პლაგიატი შარვაშიძის დისერტაციაში. ილიაუნიმ პლაგიატი დაადასტურა და დაასკვნა:

„გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას“.

რექტორის დისერტაციაში პლაგიატი უარყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც განაცხადა, რომ ნაშრომი TurnitIn-ში მათაც შეამოწმეს.

იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ თსუ-ის რექტორ გიორგი შარვაშიძის მხრიდან პლაგიატის საკითხის წამოწევის შემდეგ, თსუ-ში შექმნილმა კომისიამ იაგო კაჭკაჭიშვილს თვითპლაგიატისა და კომპილაციის საფუძველზე “აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა” დაუდგინა.

კერძოდ, კომისიის დასკვნით იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომი “სოციალური მოქმედების თეორიები”, რომელიც 2001 წელს იქნა ავტორის მიერ წარდგენილი სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად და მისივე წიგნი “სოციალური მოქმედების თეორიები”, რომელიც 2001 წელს არის გამოცემული, შინაარსობრივი თვალსაზრისით იდენტურია. ამასთან, ავტორს განხილული აქვს სხვა ავტორთა ნაშრომები, რაც სადისერტაციო ნაშრომის დიდ ნაწილს მოიცავს და შეიცავს კომპილაციის ნიშნებს.

ეთიკის კომისიის დასკვნას იაგო კაჭკაჭიშვილთან დაკავშირებით ხელს აწერენ კომისიის მდივანი გიორგი მახარობლიშვილი და წევრები: ზვიად აბაშიძე, ეკატერინე ფირცხალავა, ქეთევან ხუციშვილი, ნატალია ბასილაია და სალომე დუნდუა.

იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, 2001 წელს საქართველოს აკადემიური სივრცე და არცერთი ფორმალური რეგულაცია არ იცნობდა „ავტოპლაგიატის“ ცნებას და გამოუქვეყნებელი ნაშრომის (დისერტაციის) წიგნად გამოცემა არ შეიძლება, გადაცდომად ჩაითვალოს. იგი მომხდარს თსუ-ის რექტორის მხრიდან შურისძიებად აფასებს.

პლაგიატი თუ ტექნიკური ხარვეზი? – რექტორის სადავო დისერტაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი