ახალი ამბები

კობა დავითაშვილი სახელმწიფოს მედიკამენტებით დახმარებას სთხოვს

31 ივლისი, 2020 • 4341
კობა დავითაშვილი სახელმწიფოს მედიკამენტებით დახმარებას სთხოვს

პოლიტიკოსი, ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილი სახელმწიფოს მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტებით დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ მან საჯარო პოსტი გამოაქვეყნა და შემდეგ ნეტგაზესთაც ესაუბრა.

კობა დავითაშვილის თქმით, მისი დაავადებიდან გამომდინარე, 2 თვეში ერთხელ აუცილებლად ესაჭიროება მედიკამენტი, რომელიც ძვირი ღირს და რომლის შესაძენადაც თანხა არ აქვს.

“ძვირფასო მეგობრებო, დღეს უამრავმა ადამიანმა მომილოცა დაბადების დღე, მე კი პირველად წლების განმავლობაში სათითაოდ ვერ გითხარით მადლობა და პოსტზეც კი ვერ დავსვი მოწონების ნიშანი. ეს იმიტომ მოხდა, რომ ცუდად ვიყავი და ექიმთან ვერ წავედი უსახსრობის გამო. მაგრამ წინ უფრო ცუდი დღეები მელის.

საქმე ისაა, რომ ჩემი (ბეხტერევის) დაავადება არ იკურნება და შეიძლება მხოლოდ გადავადდეს აღსასრული პრეპარატ ,,რემიკეიდის” ორ თვეში ერთხელ გადასხმით, როგორც ინსულინის ინექცია კი ვერ კურნავს, მაგრამ ავადებს დიაბეტის შედეგების დადგომას. ოღონდ ინსულინისაგან განსხვავებით, რემიკეიდის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს და მისი 1 გადასხმა 1000 აშშ დოლარი ჯდება. ანუ თუ არ მექნა თვეში 500 დოლარის შემოსავალი მაინც, ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული. მე კი მარტში სრულიად უმუშევარი დავრჩი”, – წერს კობა დავითაშვილი.

დავითაშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ერთი გადასხმის თანხით თბილისის მერიამ უზრუნველყო, მესამედი ვეტერანთა დეპარტამენტმა გამოუყო, რისთვისაც მადლიერია.

“ჯანდაცვის სამინისტრომ ვერაფერი ჩამირიცხა, არცაა გასაკვირი, კორონავირუსთან დაკავშირებით ისედაც ბევრი ხარჯი აქვს”.

კობა დავითაშვილის თქმით, მას ჯანმრთელობა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დროს შეერყა და ლოგიკური იქნება, თუ მისი მკურნალობის ხარჯებს ახლა სახელმწიფო დაფარავს:

“მე მესმის, რომ ყველას უჭირს და დალხინებული არავინაა, მაგრამ თუკი ამ დღეში თავად სახელმიფომ ჩამაგდო (წინა ხელისუფლების სახით, 7 ნოემბრის ეპიზოდი) განა სამართლიანი არ იქნება, რომ ჯანდაცვის ხარჯებიც სახელმწიფომ გაიღოს (ამ ხელისუფლების სახით). მესმის, რომ უსიამოვნო ადამიანი ვარ, მახასიათებს მწარე სიტყვების ლაპარაკი, ვერ ვუწონებ ხელისუფლებას ისეთ ქმედებებს, როგორიცაა, მაგალითად, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია. ალბათ უმუშევარიც ამიტომ დავრჩი, მაგრამ ნუთუ ჩემს ქვეყანას არ სჭირდება ერთი ჩემნაირი ენამწარე, რომელიც მაშინ ამოიღებს ხმას, როცა თითქმის ყველა სდუმს და ოპოზიცია კი კიდევ უფრო უარესის მომხრეა? ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ ამ პოსტს ვწერდი, მაგრამ უკიდურესმა აუცილებლობამ მაიძულა. გთხოვთ გააზიაროთ, მეგობრებო, რომ ადრესატებამდე მივიდეს”, – წერს დავითაშვილი.

ნეტგაზეთი ცდილობს ჯანდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას.

განახლება [21:55. 31 ივლისი, 2020] – პოსტის გამოქვეყნების შემდეგ კობა დავითაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ “პატრიოტთა ალიანსიდან” ირმა ინაშვილმა და დავით თარხან-მოურავმა წამლის ფულით უზრუნველყვეს, ასევე, შეეხმიანნენ ძველი სამსახურიდან, სადაც აღადგენენ. დავითაშვილმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ის პრინციპულად წინააღმდეგია, გამოაქვეყნოს ანგარიშის ნომერი და დახმარება მიიღოს მოქალაქეებისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი