ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა

7 ნოემბერი, 2021 • 2440
სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა.

„დღეს, 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით და ქართველის ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებასა და პატივისცემას კობა დავითაშვილის, როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის მსხვერპლის მიმართ, იმ პოლიტიკოსის მიმართ, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირა ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას და სამართლიანობას!“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი 49 წლის ასაკში 2020 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. კობა დავითაშვილს 2017 წელს დაუდგინეს ბეხტერევის დაავადება, რომელიც რთულად მიმდინარეობის შემთხვევაში, ხერხემლის სრული უძრაობით ხასიათდება.

კობა დავითაშვილი აცხადებდა, რომ მას ჯანმრთელობა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების დროს შეერყა. 2007 წლის ნოემბერში თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები. კობა დავითაშვილი აცხადებდა, რომ ის 2007 წლის 7 ნოემბერს ელიავას ბაზრობიდან გაიტაცეს, როდესაც ყიდულობდა ხმის გამაძლიერებლებს იმ დღეს დანიშნული მიტინგისთვის. მისივე განცხადებით გამტაცებლებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში და გაურკვეველი მიმართულებით  წაიყვანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი