ახალი ამბები

ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

20 იანვარი, 2021 • 2716
ზურაბ ადეიშვილი კობა დავითაშვილის საქმეზე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი გენერალური პროკურორი, ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო კობა დავითაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2007 წლის ნოემბერში თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული, ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები. 2007 წლის ნოემბრის დასაწყისში საქართველოს იმჟამინდელმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა დაიბარა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარსელაძე, რომელიც კურირებდა შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს. ზურაბ ადეიშვილმა დავით ქარსელაძეს დაავალა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ სპეცდანიშნულების რაზმს და ოპერატიულ დანაყოფს გაეკონტროლებინათ ისეთი ხალხმრავალი ადგილები, როგორიცაა ე.წ. „ელიავას“, „ვაგზლის“ და „ლილოს“ ბაზრობები, ასევე, ადგილზე ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე, აღეკვეთათ მათი მხრიდან ბაზრობებზე აგიტაცია და მიტინგზე წამსვლელი ხალხის მობილიზება”, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია სამართალდამცავებმა ორჯერ დაარბიეს, რა დროსაც აქციის გასამართად საჭირო აპარატურა დაზიანდა. მაშინდელი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, კობა დავითაშვილი კი რამდენიმე ადამიანთან ერთად შესაბამისი ტექნიკის შესაძენად ე.წ. ელიავას ბაზრობაზე წავიდა. პროკურატურის ცნობით, ადგილზე მისული დავითაშვილი სამართალდამცავებმა შეაჩერეს, მათ ხელმძღვანელს კი ზურაბ ადეიშვილი დაუკავშირდა, რომლისგანაც კობა დავითაშვლისთვის თავისუფლების აღკვეთის და საგამოძიებო სამსახურის შენობაში გადაყვანის დავალება მიიღო.

“სამართალდამცავებმა უკანონო დავალების შესრულებისას ხელკეტებით სცემეს კობა დავითაშვილი, აღუკვეთეს თავისუფლება და ჩასვეს ავტომობილში, თუმცა საგამოძიებო განყოფილების ნაცვლად წაიყვანეს გორის ჰოსპიტალში, სადაც ცემის შედეგად დაზიანებები მიაყენეს თავის არეში. კობა დავითაშვილმა უკანონო თავისუფლების აღკვეთის დროს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანებები”, – წერია განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 20 იანვარს, ზურაბ ადეიშვილი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

2012 წლის, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ზურაბ ადეიშვილი საზღვარგარეთ იმყოფება, კობა დავითაშვილი კი 2020 წლის 2 დეკემბერს გარდაიცვალა. დავითაშვილი გარდაცვალების მიზეზი ბეხტერევის დაავადება გახდა, რომელიც 2017 წელს დაუდგინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი