ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არასამთავრობოები თბილისის კონტროლირებად სოფლებში თავისუფალი გადაადგილების დაშვებაზე მთავრობას მიმართავენ

29 ივლისი, 2020 • 1054
არასამთავრობოები თბილისის კონტროლირებად სოფლებში თავისუფალი გადაადგილების დაშვებაზე მთავრობას მიმართავენ

ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია, ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) და დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიმდებარე სოფლებში მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების გადაადგილება დაუშვან.

ორგანიზაციების ინფორმაციით, თითქმის ერთი წელია, 2019 წლის 30 აგვისტოდან, აღნიშნულ სოფლებში აკრძალულია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მედიის, ასევე პოლიტიკური პარტიების გადაადგილება და მუშაობა. დაშვებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ვრცელდება უშუალოდ იმ სოფლებზეც, სადაც სრულად საქართველოს სახელმწიფოს კონტროლი ვრცელდება.

“მაგალითად. სოფელ გუგუთიანკარამდე და ზარდიანთკარამდე, სადაც განთავსებულია საოკუპაციო ბარიერები და მავთულხლართები, საქართველოს კონტოროლირებად ტერიტორიაზე სოფელ კარბში და მერეთში მისვლაც შეუძლებელია, რადგან სოფელ კარბამდე არის განთავსებული ქართული საგუშაგო. იგივე მდგომარეობაა სოფელ დიცთან, ასევე, ხურვალეთში. სოფელ ხურვალეთამდე არის ხურვალეთის დევნილთა დასახლება, სადაც მიახლოება ასევე შეზღუდულია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის, რადგან ქართული საგუშაგო 4-5 კმ-ით დაშორებით არის განთავსებული.

2019 წლის 30 აგვისტოს შემდეგ მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ჟურნალისტებ, პოლიციის თანხლებით შეუშვეს მავთულხლართებამდე მოვლენების გასაშუქებლად. ერთხელ, 2019 წლის შემოდგომაზე, გუგუთიანკარში მცოცავი ოკუპაციის ახალი შემთხვევების დროს, მეორედ კი-სოფელ ატოცში. ორივე შემთხვევაში პოლიციის კორდონის თანხლებით ჟურნალისტებმა შეძლეს 20 მეტრის დაშორებით გაეშუქებინათ ოკუპაციის ახალი პროცესი. აქვე აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის გადაადგილების შეზღუდვების დაწესება დროში ემთხვევა ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ დაძაბულობას, თუმცა გადაადგილების შეზღუდვის არეალი ბევრად უფრო ვრცელია, ვიდრე ჩორჩანაში ქართული საგუშაგო.

სხვა შემთხვევებში, მედიის, სამოქალაქო აქტივისტების და პოლიტიკური პარტიების არაერთი მცდელობის მიუხედავად, უსაფრთხოების სამსახურები მათ იმ სოფლებშიც არ უშვებენ, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოსაც არ არის. შეზღუდვების დამკვიდრებული პრაქტიკა ხელს უშლის მათ საჯარო საქმიანობის განხორციელებაში და ზღუდავს ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების პროცესს. მაშინ როცა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის მიმდებარე სოფლებში მიმდინარე მოვლენების შესახებ შეზღუდულია, ეს ბარიერები კიდევ უფრო აფერხებს ინფორმაციის მიღებას. ეს შეზღუდვები ასევე აფერხებს გამყოფ ხაზებთან მიმდებარე სოფლებში არსებული სოციალური და უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას და საჯაროობაში მათ დაყენებას. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სოფლებთან მიახლოებაზე უარი  პოლიციის თანხლებითაც ეთქვათ.

ხელისუფლების წარმომადგენლები გადაადგილების შეზღუდვებს უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე ამართლებენ, რათა თავიდან იყოს აცილებული საოკუპაციო ხაზთან პროვოკაციები და დაცული იყოს მედიის და სამოქალაქო აქტივისტების უსაფრთხოება. თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წუხილებზე მითითება, მაშინ როდესაც ამ სოფლებში ასობით ადამიანი ცხოვრობს, გაუგებარია.

უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება არსებობდეს გადაადგილების ან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი. თუმცა ამ უფლებების შეზღუდვა მკაცრ შემოწმებას ექვემდებარება და ის მხოლოდ მწვავე სოციალური საჭიროებების დროს, კანონის საფუძველზე, შეიძლება განხორციელდეს. დაუშვებელია ამ უფლების ბლანკეტური და ზოგადი შეზღუდვა, ინდივიდუალური რისკებისა და დასაბუთების გარეშე.

განსახილველ შემთხვევაში კი ბუნდოვანია როგორც დაწესებული შეზღუდვის კანონიერების, ისე პროპორციულობის საკითხი. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დადგენილი სტანდარტებით, გადაადგილების თავისუფლებაში ჩარევის ფარგლები გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით და უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობის ტესტს, რომელიც უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ მიზნებად სხვათა უფლებების, ეროვნული უსაფრთხოების საჯარო წესრიგის, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის ინტერესს მიიჩნევს.

აუცილებლობის იგივე ტესტი არსებობს გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვასთან მიმართებაშიც. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვები საფრთხის ქვეშ არ უნდა აყენებდეს თვითონ ამ თავისუფლებას. კომიტეტის განმარტებით, ინფორმაციის და გამოხატვის თავისუფლებაზე შეზღუდვების დაწესებისას არსებითად ხელისუფლებას ეკისრება მტკიცების ტვირთი შეზღუდვების ლეგიტიმურობასთან და აუცილებლობასთან დაკავშირებით.

სახელმწიფოს ევალება, რომ აარჩიოს მაქსიმალურად ნაკლებად შემზღუდავი საშუალება, იმისათვის, რომ შეზღუდვა მართლზომიერად ჩაითვალოს. პროპორციულობის პრინციპი არა მხოლოდ კანონის დონეზე უნდა იყოს დაცული, არამედ ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოების მხრიდან. ამ სტანდარტებიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაწესებული შეზღუდვები არ არის კანონის დონეზე გაწერილი და არც შეზღუდვის აუცილებლობის და პროპორციულობის სტანდარტებია დაცული”,- ვკითხულობთ მიმართვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი