ახალი ამბები

მედიკამენტებზე ვადის გასვლას C ჰეპატიტის პროგრამაზე გავლენა არ ჰქონია – “გილიადი”

20 იანვარი, 2020 • 1651
მედიკამენტებზე ვადის გასვლას C ჰეპატიტის პროგრამაზე გავლენა არ ჰქონია – “გილიადი”

ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს მედიკამენტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია “გილიადის” განცხადებას, სადაც წერია, რომ მედიკამენტების ვადის გასვლას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე გავლენა არ მოუხდენია.

სამინისტროს მიერ გასაჯაროებულ წერილში, რომელიც უწყების მტკიცებით, “გილიადისგან” მიიღო, ასევე წერია, რომ წამლების ვადის გასვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ საქართველო ახალ წამლებზე გადავიდა.

“ვიცით, რომ ჩვენ მიერ ნაჩუქარი C ჰეპატიტის წამლების მცირე ოდენობას, ანუ გადაცემული წამლების 5%-ს ვადა ისე გაუვიდა, რომ არ გამოუყენებიათ. აქ უჩვეულო არაფერია, რადგან სახელმწიფო პროგრამები, როგორც წესი, იმაზე მეტი მედიკამენტებით მარაგდება, ვიდრე პროგრამას რეალურად სჭირდება. ამასთან, ზოგიერთ წამალს ვადა გაუვიდა, რადგან საქართველო ახალ, უფრო ტოლერანტულ რეჟიმზე გადავიდა. ჩვენ არ გვჯერა, რომ მედიკამენტების ვადის გასვლამ გავლენა იქონია საქართველოს ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე”, – ნათქვამია წერილში.

წყარო: ჯანდაცვის სამინისტრო

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ 16 იანვარს განაცხადა, რომ პრეპარატების ვადის გასვლით არცერთი პაციენტი არ დაზარალებულა, რადგან მისი თქმით, 2015-2016 წლებთან განსხვავებით, 2018-ში პაციენტთა მიმართვიანობამ იკლო. ამასთან, სერგეენკო ამბობს, რომ აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში უკვე შემოსული იყო ამ მედიკამენტის, ჰარვონის ახალი ვადიანი პარტია და, შესაბამისად, არცერთი პაციენტი ვადაგასული წამლებით არ მკურნალობდა.

C ჰეპატიტის სამკურნალო 561 მილიონი ლარის მედიკამენტს ვადა გაუვიდა – აუდიტი

მასალების გადაბეჭდვის წესი