ახალი ამბები

ვინ და რატომ დადგა ზესტაფონში სტალინის ძეგლი

29 ივლისი, 2020 • 4374
ვინ და რატომ დადგა ზესტაფონში სტალინის ძეგლი

“ახლა არ არის მაგი სალაპარაკო”, – ასე პასუხობს ზესტაფონში იოსებ სტალინის ძეგლის დადგმის ინიციატორი რუბენ ჩინჩალაძე “ნეტგაზეთის” შეკითხვას სტალინურ რეპრესიებზე. საბჭოთა დიქტატორის ძეგლი ჩინჩალაძის კუთვნილი საწარმოს ეზოში გასული წლის დეკემბრიდან დგას, შესაბამისი ფოტოები კი სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მიმდინარე კვირაში გაავრცელა.

“სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი” ზესტაფონში, ქვედა საქარაში მდებარეობს. ჩინჩალაძის თქმით, საწარმოს შიდა ტერიტორიაზე ათწლეულების განმავლობაში იდგა სტალინის ბიუსტი, თუმცა გასულ წელს იქ დიდი ზომის ქანდაკებაც დადგეს. კითხვას, რა მიზნით გააკეთა ეს, დირექტორი პასუხობს, რომ საბჭოთა დიქტატორი “უდიდესი კაცი ” იყო და აღნიშავს, რომ საქართველოს მოსახლეობამ მისით უნდა იამაყოს.

“ნეტგაზეთმა” ჩინჩალაძეს ასევე ჰკითხა, რას იტყვის საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლ ადამიანებზე, რომლებიც სტალინის ბრძანებით დახვრიტეს და გადაასახლეს, ძეგლის დადგმის ინიციატორი პასუხობს:

“ახლა არ არის მაგი სალაპარაკო. დამნაშავეები მაშინაც იყვნენ და ახლაც არიან, უამრავი. დღესაც ბევრია გადასახლებაში გადასაგზავნი და დახვრეტით არავინ არ დაუხვრეტია თავისი ინიციატივით”.

ე.წ. სტალინურ სიებთან დაკავშირებით, რომლებიც პროცესში საბჭოთა დიქტატორის უშუალო ჩართულობას ადასტურებს, ჩინჩალაძე აღნიშნავს:

“იკითხონ ის სიები, ვისთანაც არსებობს მაგი.

…სირცხვილია მაგაზე ლაპარაკი. …წაიკითხონ, რა შეფასებებს იძლეოდა მაგაზე მსოფლიო პოლიტიკოსები და უდიდესი ადამიანები”.

კერძო ტერიტორიაზე საბჭოთა სიმბოლიკის განთავსებას კანონი არ კრძალავს, აღნიშნული მხოლოდ სახელმწიფო უწყებებს ეზღუდებათ.


სხვადასხვა წყაროს მიხედვით, სტალინის ეპოქაში 5 მილიონზე მეტი ადამიანი გადაასახლეს სხვადასხვა მიზეზით, ხოლო მათი ნაწილი დახვრიტეს. IDFI-ის ინფორმაციით, მხოლოდ 1937-38 წლებში საქართველოდან 14 679 ადამიანი გადაასახლეს, 14 372 კი დახვრიტეს. აქედან 3443 ადამიანი პირადად იოსებ სტალინის ხელმოწერით დახვრიტეს, ხოლო 179 გადაასახლეს.

2014 წელს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა შექმნა ელექტრონული ბაზა, რომელიც სტალინის მითითებით მიერ რეპრესირებული ათასობით ადამიანის შესახებ ინახავს ინფორმაციას. პროექტი “სტალინური სიები საქართველოდან” აერთიანებს 1937-1938 წლებში დახვრეტილი და გადასახლებული პირების ისტორიებსა და ფოტომასალას.

“სტალინური სიები” არის ერთ-ერთი ილუსტრაცია იმის, რომ თვითონ [სტალინი] ადევნებდა ინტენსიურად თვალყურს, როგორ მიდიოდა წმენდისა და განადგურების პროცესი”, – ამბობდა “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი პროექტის შეფასებისას.

რას ყვება ადამიანი, რომელიც სტალინური რეპრესიების დროს გააციმბირეს [ვიდეო]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი