ახალი ამბები

ევროპარლამენტარის კითხვა საქართველოში სტალინის ძეგლებზე

27 სექტემბერი, 2020 • 1690
ევროპარლამენტარის კითხვა საქართველოში სტალინის ძეგლებზე

ევროპარლამენტის წევრმა ლატვიიდან, ინესე ვაიდერემ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბორელს საქართველოში სტალინის ძეგლებთან დაკავშირებით ოფიციალური კითხვა გაუგზავნა.

კითხვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა გაავრცელა.

როგორც ოფიციალური დოკუმენტის ტექსში ვკითხულობთ, ვაიდერე სტალინის დიქტატურასა და მასთან დაკავშირებულ მილიონობით სიკვდილზე საუბრობს. ასევე დასძენს, რომ ევროპარლამენტმა 23 აგვისტო სტალინიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა მოგონების დღედ გამოაცხადა. შემდეგ კი აგრძელებს:

“ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სურვილს უფრო მეტად დაუახლოვდეს EU-ს. 2016 წლის პირველი ივლისიდან, ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. აღმოსავლეთ პარტიორობის ფარგლებში ევროკავშირი საქართველოს მხარს უჭრერს, რომ მან მოქალაქეების კეთილდღეობა გააუმჯობესოს და ყოველწლიურად 120 მლნ ევროზე მეტს გამოუყოფს.

სამწუხაროდ, საქართველოში იოსებ სტალინის ახალ ძეგლებს ჯერ კიდევ დგამენ, ბოლოს მსგავსი რამ ზესტაფონში მოხდა. გარდა ამისა, გორში, სადაც სტალინი დაიბადა, ჯერ კიდევ ოპერირებს მუზეუმი, რომელიც ხოტბას ასხამს მის ცხოვრებას.

შესაბამისად, მინდა გკითხოთ:

1.იცის თუ არა უმაღლესმა წარმომადგენელმა ამ ძეგლების შესახებ, რომელიც ტოტალიტარიზმს ქება-დიდებას ემსახურება?

2.უსაუბრია თუ არა უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს მთავრობასთან, რათა ეს პრობლემა გადაჭრილიყო, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ძეგლების დადგმა ევროკავშირის იმ მოქალაქეთათვის, რომელთა ოჯახებმაც პირდაპირ თუ ირიბად იწვნიეს სტალინის დანაშაული თავიანთ თავზე, განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია?”

სტალინის ბოლო ძეგლი, რომელიც საზოგადოების ფართო კრიტიკის სამიზნე იყო ზესტაფონში დადგეს. ნეტგაზეთი დაუკავშირდა ძეგლის დადგმის ინიციატორს,  რუბენ ჩინჩალაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ დიქტატორის ძეგლი მის კუთვნილი საწარმოს ეზოში გასული წლის დეკემბრიდან დგას.

რას ყვება ადამიანი, რომელიც სტალინური რეპრესიების დროს გააციმბირეს [ვიდეო]


სხვადასხვა წყაროს მიხედვით, სტალინის ეპოქაში 5 მილიონზე მეტი ადამიანი გადაასახლეს სხვადასხვა მიზეზით, ხოლო მათი ნაწილი დახვრიტეს. IDFI-ის ინფორმაციით, მხოლოდ 1937-38 წლებში საქართველოდან 14 679 ადამიანი გადაასახლეს, 14 372 კი დახვრიტეს. აქედან 3443 ადამიანი პირადად იოსებ სტალინის ხელმოწერით დახვრიტეს, ხოლო 179 გადაასახლეს.

2014 წელს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა შექმნა ელექტრონული ბაზა, რომელიც სტალინის მითითებით მიერ რეპრესირებული ათასობით ადამიანის შესახებ ინახავს ინფორმაციას. პროექტი “სტალინური სიები საქართველოდან” აერთიანებს 1937-1938 წლებში დახვრეტილი და გადასახლებული პირების ისტორიებსა და ფოტომასალას.

“სტალინური სიები” არის ერთ-ერთი ილუსტრაცია იმის, რომ თვითონ [სტალინი] ადევნებდა ინტენსიურად თვალყურს, როგორ მიდიოდა წმენდისა და განადგურების პროცესი”, – ამბობდა “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი პროექტის შეფასებისას.

ნეტგაზეთი ამავე თემაზე გირჩევთ:

რას ყვება ადამიანი, რომელიც სტალინური რეპრესიების დროს გააციმბირეს [ვიდეო]

მასალების გადაბეჭდვის წესი