ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი საბჭოთა, პოსტსაბჭოთა და არასაბჭოთა ეპოქების კვეთაზე 

29 აგვისტო, 2020 • 1699
სომხეთი საბჭოთა, პოსტსაბჭოთა და არასაბჭოთა ეპოქების კვეთაზე 

ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი, მკვლევარი, ერევანი


რა დარჩა სომხეთში საბჭოთა კავშირისგან? 

სომხეთში მოსახლეობის უმრავლესობა ნომინალურად მხარს უჭერს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას [კავკასიური ბარომეტრის CRRC თანახმად- 63%] . თუმცა დემოკრატია ადამიანების აღქმაში საკმაოდ ბუნდოვანი ცნებაა და რადგანაც დემოკრატიის მიმართ საყოველთაოდ მიღებული პოზიტიური კონოტაცია არსებობს, დემოკრატიაში უფრო მეტად გულისხმობენ სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებს, ვიდრე პოლიტიკურს.

უკანასკნელ წლებში სომხეთში სამოქალაქო განათლება ამ კუთხითაც იგრძნობა, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი – პოლიტიკური უფლებების გარდა, საკუთარი პრობლემების გადაჭრისას აქ იგულისხმება საზოგადოების გარკვეული ავტონომია. 

ამისთვის საჭიროა განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც სომხეთში რეალურად არ არსებობს. საქმე ის არის, რომ ბევრი ორგანიზაცია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ქმნის, დაფინანსების გარე წყაროებით არსებობს და როგორც კი ეს დაფინანსება წყდება, ისინიც საქმიანობას წყვეტენ.

“ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება ხელისუფლებისთვის საჭირო ადამიანური რესურსის სამჭედლოდ გადაიქცა და დაცარიელდა, რადგანაც ახალი სახეები მათ ადგილებზე ვერ მოვიდნენ.

საზოგადოების ავტონომიურობაზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ საზოგადოების მზაობაც – საკუთარი საკითხები დამოუკიდებლად გადაწყვიტოს. 

“ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ ხელისუფლება თითქოს ამ პრაქტიკის დანერგვისკენ მიისწრაფვის და მოსახლეობის პასუხისმგებლობის გაზრდის საჭიროებაზე საუბრობს, თუმცა პატერნალიზმის ინერცია ძალიან ძლიერია და საზოგადოების უმრავლესობას ამ დრომდე სურს, ფაშინიანში “ახალი ხელმწიფე” დაინახოს, თუმცა, ამჯერად, სამართლიანი და ეფექტური ხელმწიფის.

სომხეთში ძალიან სუსტი ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაა, რომელიც დამოკიდებულია ცენტრალურ ხელისუფლებაზე, როგორც ფინანსურად, ასევე, პოლიტიკურად. არსებითად, ადგილობრივი თვითმმართველობის ნაცვლად სახეზე გვაქვს ცენტრალური ხელისუფლების ადგილობრივი პროექცია. 

აღნიშნული სისტემის შეცვლის მცდელობებს ჯერ კიდევ 2008 წლიდან ხვდებოდა წინააღმდეგობა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდანვე, რადგან პოზიციების დაკარგვის შიში უფრო ძლიერი იყო.

ადგილობრივ დონეზე თვითორგანიზაციის უუნარობა საბჭოთა საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი დამახასიათებელია.

სომხეთი საბჭოთა დროიდან კულტურულად უნიფიცირებული იყო. არამხოლოდ ეთნიკური და კონფესიური მრავალფეროვნების გამო, უნიფიცირებული იყო სალაპარაკო ენაც, მაშინ როდსაც სომხური დიალექტებიც კი ტრადიციულად განსხვავდება ერთმანეთისგან. უნიფიცირებული იყო საზოგადოების კლასობრივი სტრუქტურაც. სომხეთში კლასობრივი სტრუქტურა ამჟამად ყალიბდება. ამავე დროს, ამას პოზიტიური შედეგიც მოაქვს. სოციალური სოლიდარობა, დაბალი კრიმინალი – ესეც შედეგია მცირე კლასობრივი ბარიერებისა. მისი დაკარგვის შიში კი საზოგადოებაში შიდა დაძაბულობას ზრდის და საჭიროების შემთხვევაში საფრთხეს უქმნის კოლექტიურ ძალისხმევას. 

ზემოთ ჩამოთვლილის მიუხედავად, სომხეთში სხვა ბევრი ტენდენციაც არსებობს.

პოსტსაბჭოთა სომხეთი

სომხეთის საგარეო პოლიტიკა იმყოფება ჩარჩოში, სადაც ინერციით უპირისპირებს ერთმანეთს რუსეთს და კოლექტიურ დასავლეთს, პირველ რიგში, კი აშშ-ს.

იმის მიუხედავად, რომ სომხეთი ყველანაირად არიდებდა თავს ამ დაპირისპირებას, რუსეთთან ურთიერთობები მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამიტომაც სომხეთი არის ОДКВ-ში [კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია], ევრაზიულ კავშირსა და რიგ სხვა სტრუქტურებში, რაც წინააღმდეგობაში მოდის მთლიან რეგიონულ პოლიტიკასთან, მაგალითად, საქართველოს პოლიტიკასთან. შესაბამისად, სომხეთს, ერთი მხრივ, ახსნა უწევს, რომ ეს პოლიტიკა მის წინააღმდეგ არ არის მიმართული, მეორე მხრივ კი, რუსეთთანაც იმავეს მტკიცება უწევს, რომ საქართველოსთან, ევროკავშირთან და აშშ-თან მისი ურთიერთობები რუსეთს საფრთხეს არ უქმნის. ეს ყველაფერი კი 30 წელიწადი გრძელდება და არც ამ კუთხით გამქრალა პოსტსაბჭოთა ინერცია.

პოსტსაბჭოთა ინერციის გაგრძელებაა, ასევე, გარე ძალებზე ორიენტირება, როდესაც საკუთარ ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას აყალიბებ. პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების ეკონომიკები ხშირად არის გათვლილი მზა მოდელებზე, უცხოურ დახმარებებზე და ინვესტიციებზე. ამ კუთხით არც სომხეთია გამონაკლისი, რის შედეგადაც ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონეა.

პოსტსაბჭოთა პერიოდის კიდევ ერთი მემკვიდრეობა განუვითარებელი პარტიული სისტემაა, რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ “დომინანტური პოლიტიკური პარტიის სისტემას”, ან “ერთნახევრიანი პარტიის სისტემას”, სადაც არსებობს ლოიალისტების პარტია, რომელიც ხელისუფლების საყრდენია. ყველა დანარჩენი კი სიტუაციაზე გავლენას ვერ ახდენს.

“ხავერდოვანი რევოლუციის” შემდეგ ყოველივე ამან გაუგონარი მასშტაბები შეიძინა: პარლამენტში მმართველი პარტია საკონსტიტიციო უმრავლესობას წარმოადგენს, ყველა დანარჩენი ძალა კი მარგინალიზებულია, რაც ჩერნომირდინის ფრაზას გვახსენებს  „რა პარტიასაც არ უნდა ვქმნიდეთ, გამოგვდის კომპარტია“! თუმცა ბლოკი “ჩემი ნაბიჯი” დაკომპლექტებულია მთლიანად ახალგაზრდა და დასავლეთში განათლებამიღებული ხალხით. 

სომხეთის საქალაქო სივრცეები საბჭოთა და არასაბჭოთა ეპოქების სიმბიოზია. თუ საპარკო ზონებზე ვისაუბრებთ, ისინი ხშირად ბეტონის დიდ მოედნებს წარმოადგენს- სკამებით, მცირე რაოდენობით ნარგავებითა და პატარა საბავშვო მოედნებით. ხშირად მოუვლელი, დანაგვიანებული, ამ ტერიტორიების ნაწილი კი პარკინგებისა და ახალი მშენებელობებისთვისაა განკუთვნილი. განსხვავებულის შექმნის მცდელობებიც იყო, თუმცა არც ისე წარმატებულად შესრულდა. 

რაც შეეხება გზებს, ქვეყანაში მაქსიმალურად ფართო საავატომობილი გზებია ვიწრო ტროტუარებით, რაც ასევე შეგვიძლია მივაკუთვნოთ პოსტსაბჭოთა პერიოდს. 

ერთადერთ ახალ საფეხმავლო ქუჩას ერევანში უკვე ორი საავტომობილო გზაჯვარედინი კვეთს. ეს ასევე ეხება ქალაქთმშენებლობას – მშენებლების ძირითადი მიზანია დაბალსართულიანი შენობების ნგრევა, მათ ნაცვლად მაღალსართულიანების მშენებლობა და მეტი ბინის გაყიდვა. თუკი ამისთვის საჭირა XIX- XVI საუკუნის სახლების დანგრევა, არც აქ ხვდებათ წინააღმდეგობა. 

სომხეთში პოსტსაბჭოთაა  რელიგიასთან დამოკიდებულებაც. გვიან საბჭოთა პერიოდში სომხეთში, ისევე როგორც სხვა რესპუბლიკებში, რელიგიურობამ ფეხი თანდათანობით მოიკიდა, ძირითადად- რიტუალების სახით. 1990-იანი წლების დასაწყისში მოსახლეობის უმრავლესობამ საკუთარი თავი სომეხ ქრისტიანებად აღიარა, თუმცა დიდად არ ჩაღრმავებიან რელიგიის მნიშვნელობას. 

კიდევ ერთი პოსტაბჭოთა მემკვიდრეობაა სისტემური კორუფცია, ეკონომიკის სექტორების მონოპოლიზაცია და ნეპოტიზმი, რაც საბჭოთა პერიოდში ისჯებოდა, თუმცა საყოფაცხოვრებო დონეზე კორუფცია თანდათანობით ხდებოდა საზოგადოებრივი ნორმა და როგორც კი სახელმწიფოს იდეოლოგიური კარკასი ჩამოიშალა, კორუფციამ გავრცელება დაიწყო. 

უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ტარდებოდა რეფორმები, ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-ს 70%-დან 20%-მდე შემცირდა.  

ასევე, ახალ ხელისუფლებაში სულ უფრო ნაკლებ ადამიანს ვხედავთ, რომელიც კლანური პრინციპითაა დანიშნული, თუმცა ეს პრობლემა კვლავაც აქტუალურია. ეს მოვლენა განვითარებულ ქვეყნებშიც გვხვდება, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტად გავრცელებული იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში 1990-იან წლებში.

ეკონომიკის სტრუქტურაც ბევრ საკითხშია პოსტაბჭოთა. 1991 წელს დაიწყო წარმოების სექტორის ნგრევა. სომხეთი იმაზე ნაკლებს აწარმოებდა, ვიდრე მოიხმარდა. ექსპორტის დიდ ნაწილს სოფლის მეურნეობის პროდუქცია, სამთო წარმოება ან საიუველირო ნაკეთობები წარმოადგენდა. იმპორტი კი უკიდურესად დივერსიფიცრებულია – ყველაფერი ის, რის წარმოებასაც ვერ ახერხებს თავად. ამასთან, იმპორტის მოცულობა ბევრად ნაკლებია ექსპორტისაზე. 

პოსტსაბჭოთა პერიოდის კიდევ ერთი მახასიათებელი სომხეთში სეზონური შრომითი მიგრაცია და მოსახლეობის ქრონიკული გადინებაა. ეს მოვლენა ჯერ კიდევ გვიან საბჭოთა დროინდელია. 1978 წლამდე სომხეთში უფრო მეტი ადამიანი ჩამოდიოდა, ვიდრე გადიოდა, თუმცა 1979 წლიდან ტენდენცია შეიცვალა და დღემდე ადამიანები რეგულარულად ტოვებენ ქვეყანას უკეთესი ცხოვრების იმედით. 

თუ 1979 -1987 წლებში ქვეყნიდან საშუალოდ 12 ათასი ადამიანი გადიოდა, 2008 – 2017 წლებში ამ რიცხვმა 38 ათასს მიაღწია. ასევე, რუსეთში ყოველწლიურად გადის და უკან ბრუნდება 60 ათასი ადამიანი.

2020 წელს მიგრაცია კორონავირუსის პანდემიის დროს შეწყდა, თუმცა საზღვრების აღდგენისთანავე მოსალოდნელია, რომ ყველაფერი განახლდება.

შესაბამისად, სომხეთის ეკონომიკა დიდწილად დამოკიდებული გახდა უცხოურ ტრანსფერებზე. ამასთან, მათი ნაწილი არც აღირიცხება, რადგანაც საბანკო გზით არ ხდება აღრიცხვა. 

არასაბჭოთა 

კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება, რომელიც თანამედროვე სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებს პირველ პოსტსაბჭოთა პერიოდთან, რადგან ეს კავშირი გარდაუვალია. თუმცა, შევეცადოთ, გადავხედოთ და დავინახოთ ისიც, რაც სომხეთში არასაბჭოთა პერიოდის შემდეგ გაჩნდა და არ აქვს რაიმე კავშირი საბჭოთა კავშირთან.

პირველი, რაც გახსენდება, ეს IT სექტორია. საბჭოთა ტექნიკური განათლების საფუძვლების არსებობის მიუხედავად, ეს სექტორი უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ძირითადად განვითარდა სომხეთის ხელისუფლებისა და დიასპორის ძალისხმევით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ადამიანური რესურიც.

დღეს IT სექტორი მშპ-ს 3%-ს გამოიმუშავებს და საკმაოდ დინამიკური სექტორია, რომელსაც პოლიტიკაზე, საზოგადოებაზე, განათლებასა და სხვა სფეროებზე გავლენის პრეტენზიაც გააჩნია. დღეს სომხეთში ფილიალები აქვთ ბევრ საერთაშორისო კომპიუტერულ კომპანიებს. პროგრამა PicsArt კი ადგილობრივმა კომპანიამ შექმნა და ქვეყანას მეტი პოპულარობა მოუტანა.

ცალკე უნდა გამოვყოთ საჯარო სივრცე –  ჟურნალისტიკა, საექსპერტო ველი, სოციალური მეცნიერებები. თუ სომხეთში პოლიტიკის მემკვიდრეობა 90-იანების დასაწყისის ტრადიციებს ეფუძნება, ჟურნალისტიკაში შეინიშნება დასავლური ცოდნისა და ტექნოლოგიების სერიოზული გავლენები, რაც აისახება კონკურენტულ გარემოზეც და პროდუქტის ხარისხზეც.

მრავალი პრეტენზიის მიუხედავად, ეს ხარიხსი მუდმივად იზრდება და შეუძლებელია, არ შეამჩნიო. იგივე შეეხება საექსპერტო ველსაც, განსაკუთრებით, სოციალურ მეცნიერებებში, რომელიც, ნაკლოვანებების მიუხედავად, აქტიურად ვითარდება.

ტურიზმის სექტორი სომხეთში ტურიზმი საბჭოთა პერიოდშიც არსებობდა. თუმცა მაშინ იყო სავალდებულო ჯგუფური ტურიზმი გიდებით, ხელისუფლების მიერ შერჩეულ ადგილებსა და ობიექტებზე. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ დასასვენებელ სახლებს, სასტუმროებს და “კლასიკურ რესტორნებს”, რომლებიც იმ დროისთვის  ძალიან ცოტა იყო. 

1990 წლებში ტურიზმის სექტორი მთლიანად გაქრა, 2000 – ანებში კი ძირითადად წარმოდგენილი იყო შრომითი მიგრაციიდან ზაფხულობით დაბრუნებულ მიგრანტთა ხარჯზე, ასევე, დასავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული მცირერიცხოვანი სომხური დიასპორით.

სომხეთში ტურიზმის სექტორის [ყველა კომპონენტით] განვითარება ბოლო წლებში დაიწყო და აქტიურად ვითარდება. დღეს ის სომხეთის ეკონომიკის ერთ-ერთი განვითარებული სექტორია. 

სომხეთში თვალსაჩინოა სხვა ახალი ტენდენციებიც, რომლებიც არ არის საბჭოთა წარმოშობის და არ შედის დამოუკიდებლობის პირველი წლების პერიოდში. 

ეს ტენდენციები ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაშია და, შესაბამისად, გაუგებარია, როგორ განვითარდება მომავალში. 

ისტორიის სხვა პერიოდებისგან განსხვავებით, საბჭოთა კვალის წაშლა შეუძლებელია, რადგანაც საბჭოთა პროექტი მიზანმიმართულად შლიდა ყველა კვალს, რაც იქამდე იყო. შესაბამისად, სომხეთზე საბჭოთა ეპოქის გავლენა კოლოსალურია.

სომხეთში არც ისე ბევრია ახალი, რომელიც განვითარების ხასიათით პირდაპირ არ უკავშირდება არც საბჭოთა და არც პოსტსაბჭოთა პერიოდებს. ამ მხრივ, შეიძლება განსაკუთრებით გამოვყოთ ბოლო სამი წელიწადი და, როგორც დაგროვებული ცვლილებების შედეგი, “ხავერდოვანი რევოლუცია”. ამავე დროს, წარსულთან ბოლომდე წყვეტა არ მომხდარა – ამისთვის თაობებია საჭირო. საჭიროა კი ყველაფერში ეს წყვეტა?! ეს უკვე ცალკე განსახილველი თემაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი