ახალი ამბები

რამიშვილზე, ჯისკარიანსა და კარმუშინაზე ზეწოლა ხორციელდება – ცენტრი “ემპათია”

28 ივლისი, 2020 • 1095
რამიშვილზე, ჯისკარიანსა და კარმუშინაზე ზეწოლა ხორციელდება – ცენტრი “ემპათია”

არასამთავრობო ორგანიზაციის ცენტრის, “ემპათიის” იურისტი, გიორგი ლემონჯავა აცხადებს, რომ ცენტრის ხელმძღვანელ მარიამ ჯიშკარიანის, ცენტრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ გალინა კარმუშინას და ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიმართ უკანასკნელი დღეების განმავლობაში მუქარისა და ზეწოლის ფაქტები გახშირდა. ამის შესახებ ლემონჯავამ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული ზეწოლა გამოიხატება უკანონო თვალთვალში, სატელეფონო ზარებსა და სოციალურ ქსელებში ორგანიზებულ შეტევაში:

“მიხეილ რამიშვილის სამუშაო ოფისთან მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ფოტო-ვიდეოგადაღება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ გალინა კარმუშინას მიმართ ხორციელდება დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოქმედებები, როგორც უშუალოდ პირსპირ კომუნიკაციის, ასევე, სატელეფონო ზარების მეშვეობით. არასამთავრობო ცენტრ “ემპათიის” და მისი პრეზიდენტის მიმართ ადგილი აქვს პროსახელისუფლებო ექსპერტების მიერ სატელევიზიო ეთერების საშუალებით თავდასხმებს.

ყველა ზემოთ ხსენებული პირის მიმართ ადგილი აქვს სოციალურ ქსელ ფეისბუკში ასობით რეგისტრირებული მომხმარებლის, ტროლებისა და ბოტების მიერ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევას, რომელთა მიზანია ცენტრ “ემპათიასა” და მიხელი რამიშვილის პატივისა და ღირსების პიროვნული და პროფესიული რეპუტაციის შელახვა და საზოგადოებისს თვალში მათი დისკრედიტაცია”, – განმარტა ლემონჯავამ.

ლემონმჯავა მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გაატარონ ღონისძიებები, რომ შეწყდეს თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციასა და მის თანამშრომლებზე, ასევე – მიხეილ რამიშვილმზე.

მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატია. ამავე საქმეში ჩართულია ცენტრი ემპათიაც. ცენტრ ემპათიის წარმომადგენლებმა კრიტიკული შეფასებები გააკეთეს გიორგი შაქარაშვილის საქმის ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებითაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი