ახალი ამბები

ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილი საკმარის საკვებს „ემპათიის“ რეკომენდაციით არ იღებს

2 თებერვალი, 2023 • 739
ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილი საკმარის საკვებს „ემპათიის“ რეკომენდაციით არ იღებს

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭირო მოცულობით საკვებს სწორედ მათი რეკომენდაციით არ იღებს.

ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ წარსულში მსგავსი განცხადებებისგან თავს კოლეგიალობის პრინციპიდან გამომდინარე იკავებდა, თუმცა, მისი თქმით, ყველაფერს აქვს ზღვარი. „ვივამედის“ დირექტორის თქმით, კლინიკაში შეყვანიდან პირველ ხანებში მიხეილ სააკაშვილი ექვემდებარებოდა მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს, თუმცა მას შემდეგ, რაც საქმეში „ემპათია“ ჩაერთო, კალორაჟი იმ მაჩვენებლამდე შეამცირა, რაც მხოლოდ სასიცოცხლო მაჩვენებლების შესანარჩუნებლადაა საკმარისი:

„საწყის ეტაპზე პაციენტი მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს ექვემდებარებოდა, მაგრამ შემდეგში უკვე კალორაჟი შეამცირა. მე მივმართავ ორგანიზაცია „ემპათიასა“ და მის ხელმძღვანელს, პაციენტის სიცოცხლეს ნუ ეთამაშებიან. ჩვენი პირველი მთავარი ამოცანა არის პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მისი მდგომარეობის გაუმჯობესება. ამაში ნუ გვიშლიან ხელს. ჩვენ პაციენტს არასდროს არ დავადანაშაულებთ, მაგრამ ფაქტია ის, რომ პაციენტი ასრულებს მათ რეკომენდაციებს. კალორაჟი და ეს ყველაფერი  შერჩეულია და კონსულტირებულია იმ ჯგუფის ექიმების მიერ. შესაბამისად, პაციენტი მას ექვემდებარება.

ეს არის ის კალორაჟი, რომელიც არის მინიმალური რაოდენობის, სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად, მაგრამ არა მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუ არა -გასაუარესებლად. ამიტომაც მე წინა გამოსვლებშიც ვთქვი, რომ მისი მდგომარეობა თუ ასე გაგრძელდება, შეიძლება დამძიმდეს, წონაში კლებაც იყოს. ეს ადამიანები ჩასაფრებულები არიან, რომ პაციენტმა გრამები მოიკლოს და ამაზე ლამის ყიჟინა მორთონ. ეს ეხება კვებასაც და მედიკამენტების შერჩევითობასაც. თუ პაციენტი გარკვეულ პერიოდში გარკვეულ მედიკამენტზე უარს ამბობდა, ესეც ამ ორგანიზაციების ექიმების რეკომენდაციით ხდებოდა“, — ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

მისი თქმით, ამ ყველაფრის მიზანი დღევანდლამდე ამ მოცემულობით მოსვლა იყო. იგი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მარიამ ჯიშკარიანის ორგანიზაციისვე რეკომენდაციით ამბობს უარს პარენტერალურ კვებაზე . როგორც ჩხაიძე ამბობს, სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს „ვივამედს“ ამგვარი ჩარევის გამოცდილება არ აქვს.

„ეს შეიძლება საოცრებაა ჯიშკარიანისთვის, მაგრამ ჩვენთვის ჩვეულებრივი რუტინაა. ჩვენ რეანიმატოლოგების უძლიერესი ჯგუფი გვყავს, რომლებიც მზად არიან, ეს ჩვეულებრივი პროცედურა შეასრულონ. ემპათიის რეკომენდაციიდან გამომდინარე პაციენტი ამაზეც თავს იკავებს. ეს არის ჩვენი კლინიკისა და მთლიანად სამედიცინო საზოგადოების დისკრედიტაცია, რომელიც ცნობილია თავისი უდიდესი ტრადიციებით“, – აცხადებს ზურაბ ჩხაიძე.

რაც შეეხება მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს, ჩხაიძე ამბობს, რომ მათი კომპეტენციის თვალსაზრისით კითხვის ნიშნები არ არსებობს, თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ამერიკელ და ევროპელ სპეციალისტებს ისევ ცენტრ „ემპათიის“ მიერ მიწოდებულ მასალებზე უწევთ დასკვნების გაკეთება:

„ჩვენ გვაქვს უცხოური კავშირები, პირადად მე ძალიან მჭიდრო კავშირი მაქვს აშშ-ისა და ევროპის წამყვან ორგანიზაციებთან. ნამდვილად დასაფასებელი ადამიანები არიან, ნამდვილად თავისი დარგის პროფესიონალები, მაგრამ ისინი მსჯელობენ „ემპათიიდან“ მიწოდებული მასალების საფუძველზე და ძირითადად დასკვნებს აკეთებენ ამის მიხედვით. თუმცა, რა მიეწოდებათ, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით.

პირადად მე მქონდა საუბარი ძალიან პატივსაცემ ადამიანთან, დოქტორ კობისთან და ვიცი, რა მასალა მიაწოდეს მას თუნდაც ჩამოსვლამდე. ამ ადამიანმა მე მომიყვა, რამდენად დამახინჯებული ფორმით მიეწოდებოდა მას მასალა აქედან . ამიტომ, მე ერთ რამეს კიდევ ვიტყვი, ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გადმომდინარე“, — ამბობს ზურაბ ჩხაიძე.

მისი თქმით, „ვივამედის“ პერსონალს მიხეილ სააკაშვილთან არავითარი პრობლემა არ აქვს და აღნიშნავს, რომ პაციენტი ყოველთვის კეთილგანწყობილია კლინიკისა და პერსონალის მიმართ, თუმცა ცენტრ „ემპათიის“ მოქმედებას „ვივამედის“ დირექტორი არაეთიკურს უწოდებს.

ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ზურაბ ჩხაიძის აღნიშნულ განცხადებებს ტელეკომპანია „პირველთან“ სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, ამ გზით ჩხაიძე პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს და აღნიშნავს, რომ ცენტრი „ემპათიის“ წარმომადგენლები „ვივამედში“ 4 ნოემბრის შემდეგ არ ყოფილან:

„ემპათია“ 4 იანვრის მერე არ ყოფილა და საერთოდ, მიხეილ სააკაშვილი თვალით არ უნახავს. არცერთ მათ სამედიცინო დოკუმენტაციაში მსგავსი ჩანაწერიც არ მოიკითხება, რომ ცენტრ „ემპათიის“ რომელიმე ექიმმა რაიმე კონსულტაცია გაწია ამ მიმართულებით. შესაბამისად, ახლა უნდა ხელის გამოშვერა, პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანა. ცენტრ „ემპათიის“ არცერთი ექიმი-ექსპერტი მსგავს კომუნიკაციაში მიხეილ სააკაშვილთან არ შესულა. მიხეილ სააკაშვილი ამჟამად იმყოფება არაადამიანური მოპყრობის და არაადეკვატური მკურნალობის ქვეშ  კლინიკა „ვივამედში“, – თქვა ჯიშკარიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი