ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აკრიტიკებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომლის თანახმადაც, ამავე ცენტრის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დადგენილი დიაგნოზები უტყუარი არ არის.
“იუსტიციის სამინისტრომ ჩაატარებინა ცენტრ “ემპათიის” დასკვნაზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტიზა: ისმის კითხვა: რომელი კანონით?
ეს არის ექსპერტიზაზე ზეწოლა და რეპუტაციის შელახვის მცდელობა.
ცენტრი “ემპათიის” დასკვნას ეთანხმება და ხელს აწერს 6 საერთაშორისო ექსპერტი. სულ 16 ექსპერტი”, — დასძენს ჯიშკარიანი.
მისივე თქმით, “ემპათია” სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად შეისწავლის და “იქნება შესაბამისი რეაგირება”.
“ასევე, საზოგადოებას წარედგინება სამხარაულის “დასაბუთებული” დასკვნები”, — დასძენს ის.
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 26 იანვარს თქვა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლა ცენტრ “ემპათიის” მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მომზადებული დასკვნა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ხსენებულ დასკვნაში მოცემული დიაგნოზები “არ არის სარწმუნო და უტყუარი”.
იუსტიციის მინისტრის განცხადებას მალევე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე, რომლის თქმითაც, “სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ არ ყოფილა წარმოებული არათუ პაციენტის ჯანმრთელობის რეალური კვლევა, არამედ,პაციენტის ნახვის მცდელობაც არ ყოფილა მათი მხრიდან”.
“სამხარაულის ეროვნული ბიუროს არცერთი ექსპერტი თავად არ ყოფილა ჩართული. მათ ფიზიკურადაც არ უნახავთ პაციენტი. დასკვნა თავად გამოიტანეთ, როგორ უნდა იმსჯელო დიაგნოზის ნამდვილობაზე, თუ თავად დიაგნოზის მატარებელ პაციენტს არ შეხვდები?” — წერს ხერხეულიძე “ფეისბუკზე”.