ახალი ამბები

სამხარაულის ბიურო: შაქარაშვილის ოქმში შეცდომა არაა

22 ივლისი, 2020 • 1480
სამხარაულის ბიურო: შაქარაშვილის ოქმში შეცდომა არაა

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განცხადებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედარს “გვამური გაშეშება გამოხატული ჰქონდა ყველა ჯგუფის კუნთებში”, არ წარმოადგენს მექანიკურ შეცდომას და არ ეწინააღმდეგება დასკვნაში მითითებულ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის ხანდაზმულობას და დასკვნით დადგენილ სხვა გარემოებებს.

კერძოდ, ექსპერტიზის ბიუროს განცხადებით, 2020 წლის 22 ივნისს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს სასამართლო- სამედიცინო ექსპერტმა, საგამოძიებო ორგანოს მოთხოვნით და მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მონაწილეობა მიიღო გიორგი შაქარაშვილის გვამის დათვალიერებაში, მისი აღმოჩენის ადგილზე (საგამოძიებო მოქმედების დაწყების დრო 22.06.2020წ. 15:05 სთ).

ბიუროში აცხადებენ, რომ ექსპერტის მიერ ჩატარდა გვამის გარეგნული დათვალიერება, რომლის ფარგლებში, სხვა ცვლილებებთან ერთად, ექსპერტის მიერ შეფასებული იქნა სხეულზე არსებული სიკვდილის შემდგომი ცვლილება (მოვლენა), კერძოდ, „გვამური გაშეშება“, და დადგინდა, რომ „გვამური გაშეშება“ გამოხატული იყო სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შემდგომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარდა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა (გამოკვლევა დაიწყო 22.06.2020წ. 19:15სთ-ზე), რომლის ფარგლებში, სხვა ცვლილებებთან ერთად, ხელმეორედ იქნა შეფასებული გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული სიკვდილის შემდგომი ცვლილება (მოვლენა), კერძოდ, „გვამური გაშეშება“, და დადგინდა, რომ „გვამური გაშეშება“ ექსპერტიზის ჩატარების მომენტში უკვე მოხსნილი იყო:

სამხარაურლის ბიუროში აცხადებენ, რომ გვამური გაშეშების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და პირველი დღე-ღამის ბოლოს ყველა ჯგუფის კუნთს მოიცავს:

“ასეთ მდგომარეობაში კუნთი იმყოფება საშუალოდ 1-2 დღე, რის შემდეგაც თანდათანობით იწყება გვამური გაშეშების მოხსნა, ე.ი. კუნთების მოდუნება. გაშეშების მოხსნა, ისე, როგორც მისი განვითარება, დიდად არის დამოკიდებული გარემოს ტემპერატურაზე. მაგალითად, ოთახის ტემპერატურის პირობებში კუნთების მოდუნება ჩვეულებრივ ორი დღე-ღამის დასასრულს ან მესამე დღე-ღამის დასაწყისში ვითარდება”, – აცხადებენ ექსპერტიზის ბიუროში.

რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, რომლებიც აგრეთვე გახდა არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საგანი, სამხარაულში აცხადებენ, რომ თვალბუდეების მიდამოში სისხლნაჟღენთების არსებობა ერთმნიშვნელოვნად არ ნიშნავს ქალას-ფუძის მოტეხილობას.

ექსპერტიზის ბიუროს განცხადებით, ექსპერტიზის დროს მოხდა თავის ქალის ძვლების უშუალოდ ვიზუალური, დეტალური დათვალიერება, რის საფუძველზეც კატეგორიულად დადგინდა ქალა-ფუძის მოტეხილობის არარსებობა.

მათი განცხადებით, რენტგენოლოგიური გამოკვლევა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ვიზუალურად ვერ ხერხდება უშუალოდ უბნის დათვალიერება:

“ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დასაქმებულნი არიან უმაღლესი კვალიფიკაცის ექსპერტები, რომელთა კომპეტენცია და კეთილსინდისიერება ათეული წლებია აღიარებულია შესაბამის პროფესიულ წრეებში, მათ შორის, საზღვარგარეთ” ,- აცხადებენ სამხარაულში.


აღნიშნულ საკითხზე ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში უკრაინელმა ექსპერტმა გალინა კარმოშინამ ისაუბრა და თქვა, რომ  შეუძლებელია გვამური გაშეშება, რის შესახებაც ცხედრის დათვალიერების ოქმში წერია, ცხედარს 84 საათის მანძილზე ჰქონდეს. შესაბამისად, გამოდის, რომ ახალგაზრდა მისი ცხედრის პოვნიდან 48 საათზე ნაკლები დროის გარდაცვლილი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ შაქარაშვილი 19 ივნისისს არ გარდაცვლილა.

აღნიშნულის საპასუხოდ “ნეტგაზეთი” დამოუკიდებელ ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძეს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ სავარაუდოდ, დათვალიერების ოქმში შეცდომაა გაპარული, თუმცა ახალგაზრდის გარდაცვალების პერიოდთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.

გეჯაძის აზრით, ოქმის ჩანაწერი, რომ შაქარაშვილის ცხედარს “გვამური გაშეშება აღენიშნებოდა ყველა ჯგუფის კუნთში”, შეცდომაა

მასალების გადაბეჭდვის წესი