ახალი ამბები

ტყიბულში მეშახტემ პროტესტის ნიშნად თვითდაზიანება მიიყენა

21 ივლისი, 2020 • 1095
ტყიბულში მეშახტემ პროტესტის ნიშნად თვითდაზიანება მიიყენა

ტყიბულში ერთ-ერთმა მეშახტემ კომპანიის დირექტორის კაბინეტში თვითდაზიანება მიიყენა. ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ კომპანიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. მეშახტე საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დამსაქმებლის ვერსია შემდეგია: კომპანია დასაქმებულს შახტში მუშაობის წინაპირობად სთხოვდა, აეღო ჯანმრთელობის კომისიის დასკვნა. თუკი ეს დასკვნა დადებითი იქნებოდა, მას შახტში მუშაობის უფლებას დართავდნენ, თუმცა მან ეს დასკვნა ვერ მიიღო, რის გამოც გადაიყვანეს სხვა შტატზე – მიწისზედა სამუშაოზე, რაც შედარებით ნაკლებად ანაზღაურდება.

კომპანიის პრესსამსახურის თანახმადვე, სწორედ ეს გახდა პროტესტის საფუძველი და, იმის მიუხედავად, რომ კომპანია მას შეჰპირდა, სექტემბრიდან ახალი საშტატო ნუსხის გაწერისთანავე დააასქმებდნენ სასურველ ადგილას — ძიძიგურის სახელობის შახტში — მან თვითდაზიანება მიიყენა.

თუმცა თავად დასაქმებული, 65 წლის ამირან ბოჭორიშვილი, რომელსაც მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება აქვს, „მთავარ არხთან“ საუბარში ამბობს, რომ ხელფასებს შორის სხვაობა მნიშვნელოვანი იყო:

„900 ლარი [რაც წინა პოზიციაზე მქონდა] არ მყოფნიდა და 300 ლარს როგორ ვიმყოფინებ? მეც ხომ ოჯახი მაქვს? ვინ არის მეტი მარჩენალი, მე ვარჩენ ოჯახს… ამათ ფეხებზე ჰკიდიათ…”

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ამ ამბავთან დაკავშირებით. დამატებით ინფორმაციას, მათ შორის სხვა წყაროებისგან, მიღებისთანავე მოგაწვდით.


ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ტყიბულელმა მეშახტეებმა არაერთი აქცია გამართეს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მოთხოვნით.

ნახეთ უფრო ვრცლად:

მოკლედ: რა ხდება ტყიბულში და რას ითხოვენ მეშახტეები

მასალების გადაბეჭდვის წესი