ახალი ამბები

ტყიბულში მეშახტეებმა აქცია გამართეს

10 ივნისი, 2020 • 880
ტყიბულში მეშახტეებმა აქცია გამართეს

ტყიბულელი მეშახტეები სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამის შესახებ ნეტგაზეთს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელმა თამაზ დოლაბერძემ განუცხადა.

მისივე თქმით, 9 ივნისს შახტში საწარმოო შემთხვევა მოხდა, კონკრეტულად კი გაფუჭდა ლიფტი, რომელსაც შახტში მუშები ჩაჰყავს. დოლაბერიძის თქმითვე, მეშახტეები მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ მანამ, სანამ ამ ლიფტს არ გააკეთებენ. პროფკავშირების წარმომადგენელი ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ  მუშები არ გაფიცულან და რეალურად მეშახტეები მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ, სანამ ვითარება არ გამოსწორდება.

“მინდა გითხრათ, რომ ეს გაფიცვა არ არის. გუშინ საწარმოო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად საბედნიეროდ არავინ დაზიანებულა. ლიფტი, რომლითაც მეშახტეები შახტში ჩაჰყავთ, მწყობრიდან გამოვიდა. მეშახტეებმა უარი განაცხადეს სამუშაოს შესრულებაზე მანამ, სანამ ეს არ გარემონტდება. ახლა იქ, ადგილზე საპროტესტო აქციის სახე აქვს, რადგან მეშახტეები ერთად არიან შეკრებილები, თუმცა ამას სამართლებრივად გაფიცვა არ ჰქვია. ეს არის ვალდებულებებზე უარის თქმა ვითარების გამოსწორებამდე. მე რამდენადაც ვიცი, ისინი მხოლოდ ლიფტის შეკეთებას ითხოვენ”, -ამბობს დოლაბერიძე.

როგორც ერთ-ერთმა მეშახტემ ირაკლი ჩიხლაძემ “მთავარ არხს” უთხრა, ლიფტის გაფუჭების გამო 23 ადამიანი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა:

“მუშაობას დღესვე განვაახლებდით, ოდნავ მაინც უსაფრთხო გარემო რომ ჰქონდეთ. დაახლოებით 23 კაცი იყო. სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ… შემდეგ მათი კლეტიდან გადმოსვლა კიდევ სასწაული იყო. [თურნავა] ჩამოვიდეს აქ… ტელევიზორში რომ იქებენ თავს. მილიონები უნდა დაეხარჯათ [კომპანიას], პირიქით აქ ესენი ადრე თუ გვიან დაწყვიტავენ ხალხს.”

ნეტგაზეთი ცდილობს შახტის მმართველ კომპანიასთან დაკავშირებას.

ამავე თემაზე

მოკლედ: რა ხდება ტყიბულში და რას ითხოვენ მეშახტეები

მასალების გადაბეჭდვის წესი