აზერბაიჯანში მომხმარებლები Instagram-სა და TikTok-ზე წვდომის შეფერხების შესახებ იტყობინებიან. პრობლემები 12 ოქტომბრის დილიდან დაფიქსირდა, თუმცა მათი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

აზერბაიჯანული გამოცემა Meydan TV წერს, რომ მომხმარებლების ცნობით, Instagram-ზე სიახლეები არ ახლდებოდა, პროფილები და პოსტები კი არ იხსნებოდა. TikTok-ზე შეფერხება ვიდეოების ჩატვირთვასა და ანგარიშების გახსნას შეეხებოდა.

მსგავსი ინფორმაცია გამოაქვეყნა აზერბაიჯანულმა გამოცემა Media.az-მაც, რომლის ცნობითაც, ორივე პლატფორმაზე შეფერხებები დაფიქსირდა, თუმცა მათი მასშტაბი და მიზეზები უცნობი იყო.

Meydan TV-ის ცნობით, ზოგიერთი მომხმარებელი წერდა, რომ VPN-ის გამოყენებით პლატფორმებზე წვდომას ახერხებდა, VPN-ის გარეშე კი პრობლემები ექმნებოდა. გამოცემის თანახმად, შეფერხებების მონიტორინგის სერვისებს არც Instagram-სა და არც TikTok-ზე გლობალური მასშტაბის გათიშვა არ დაუფიქსირებიათ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვარაუდიც, რომ შეფერხება შესაძლოა ჰიჯაბის თემაზე გამოქვეყნებულ ვიდეოებს უკავშირდებოდეს. თუმცა, ამ ვერსიის დამადასტურებელი ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

Meydan TV-ის ინფორმაციით, Meta-სა და TikTok-ს შეფერხების მიზეზებზე განცხადებები არ გაუვრცელებიათ.

ამ დროისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებით არ დასტურდება, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ Instagram-ისა და TikTok-ის სრულად დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო.