ტყიბულში, შახტში ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამარლთის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
სხვა დეტალების შესახებ უწყებაში არ საუბრობენ.
მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებენ ჭიათურელი მაღაროელები.
„სამწუხარო ამბავი გვაქვს — გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტყიბულში, ერთ-ერთ შახტში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, ერთი მშრომელი დაიღუპა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე დეტალური ინფორმაცია არ გვაქვს.
ჭიათურელი მაღაროელების სახელით ვუსამძიმრებთ დაღუპულის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
მეგობრებო, მშრომელებო, იმისთვის, რომ მსგავსი ფატალური შემთხვევები მომავალში აღარ განმეორდეს, აუცილებელია ყველა საწარმოში, განსაკუთრებით კი შახტებსა და მაღაროებში, შრომის უსაფრთხოების სტანდარტები იყოს მაქსიმალურად დაცული. ასევე საჭიროა, რომ შესაბამისმა უწყებებმა რეგულარულად და ეფექტურად განახორციელონ კონტროლი“, – ნათქვამია ჭიათურელი მაღაროელების განცხადებაში.
