ნეტგაზეთი | სახელმწიფო კვლავაც იყენებს თავის ბერკეტებს მედიის წინააღმდეგ – კოალიცია სახელმწიფო კვლავაც იყენებს თავის ბერკეტებს მედიის წინააღმდეგ – კოალიცია – Netgazeti
RU | GE  

სახელმწიფო კვლავაც იყენებს თავის ბერკეტებს მედიის წინააღმდეგ – კოალიცია

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები ეხმიანებიან “გაზეთი ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დისკრედიტაციის მცდელობებს და მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო კვლავაც იყენებს თავის ბერკეტებს მედიის წინააღმდეგ.

კოალიცია საუბრობს კომუნიკაციების კომისიის მიერ შექმნილი პლატფორმის, “მედიაკრიტიკის” 5 ივლისის სტატიაზე, სადაც “ნეტგაზეთი” მოხსენიებულია სიცრუის გამავრცელებლად და მანიპულატორად. ასევე, მიმდინარე წლის ივნისში “ქართული ოცნების” გუნდის წევრმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა “ბათუმელების” ჟურნალისტს საჯაროდ წაუყენა იგივე ბრალდება.

“პირველ რიგში, საზოგადოების ყურადღება გვინდა შევაჩეროთ იმ გარემოებაზე, რომ მედიაკრიტიკის ვებგვერდი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ არის შექმნილი. კრიტიკულ საკითხებზე მარეგულირებელი ორგანოს სხვა ამოცანების გამყარებისათვის მასალების დამთხვევა ქმნის ინტერესთა კონფლიქტს და კითხვის ნიშნებს აჩენს სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ”, – აცხადებს კოალიცია “მედიის ადვოაკტირებისთვის”.

კოალიცია მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის ქმედება თანხევდრაშია “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ქმედებათან. კერძოდ, როგორც კოალიცია წერს, “ქართული ოცნების” გუნდის წევრის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის – ლადო მგალობლიშვილის მხრიდან პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი გახდა გაზეთი “ბათუმელები” (“ნეტგაზეთი” და “ბათუმელები” ერთი კომპანიის მედიასაშუალებები არიან).

კოალიციის განცხადებაში აღნიშნულია:

“დეპუტატი გამოქვეყნებული სტატიის გამო საჯაროდ თავს ესხმის მედიასაშუალებას, სათაურს კი ფეიკს უწოდებს – “ბათუმელებმა”გაავრცელა ჩემი ინტერვიუ, სადაც კონტექსტიდან ამოგლეჯილად შექმნეს ხმაურიანი სათაური. ამით გაბედნიერებული ნაცმოს სექტანტები ავრცელებენ ამ სტატიას. იქვე დავაფიქსირე კომენტარებში, რომ სათაური არის ფეიკი. მაგრამ ვის აინტერესებს სიმართლე, მთავარია ზიზღის ნთხევა ამ მოსიარულე ბოღმის კასრებისგან! – ნათქვამია დეპუტატის მიერ 3 ივლისს გამოქვეყნებულ საჯარო პოსტში.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის 5 ივნისს იგივე პირი საჯარო ქსელის გამოყენებით თავს დაესხა ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს. მას “ფეიკნიუსის შემქმნელი” და “სამარცხვინო არაადამიანი” უწოდა. მოგვიანებით, მმართველი პარტიის წევრმა საჯარო სტატუსი წაშალა. თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იგი არღვევს მედიასთან ურთიერთობის სტანდარტს და ცდილობს რეპუტაცია შეულახოს მედიის წარმომადგენლებს ინდივიდუალურად.”

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის შექმნილი “მედიაკრიტიკისა” და “ქართული ოცნების დეპუტატის მხრიდან წამოსული თავდასხმის შინაარსი საერთოა.

“აღმოჩნდა, რომ კომუნიკაციების კომისიაც და მმართველი პარტიის წარმომადგენელიც ერთნაირად ცდილობენ წარმოაჩინონ მედიასაშუალებები, როგორც ფეიკნიუსების შემქმნელი და ამ გზით სურთ ობიექტური და მიუკერძოებელი პლატფორმების დისკრედიტაცია.

თავდასხმების იდენტური შინაარსი და დამთხვევა კიდევ უფრო გვიძლიერებს ეჭვებს, რომ სახელმწიფო იყენებს ბერკეტებს გამორჩეულად მაღალი სტანდარტის მედიაპლატფორმების, გაზეთი “ბათუმებელის” და “ნეტგაზეთის” წინააღმდეგ.

ჩვენ, კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრმა ორგანიზაციებმა, არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, პატივი სცეს მედიის მუშაობას და შექმნას გარემო, სადაც ჟურნალისტები და მედიასაშუალებები არ გახდებიან პოლიტიკური თავდასხმის და დისკრედიტაციის ობიექტები. მიგვაჩნია, რომ წინასარჩევნო პროცესების მოახლოება მმართველ პარტიას კიდევ უფრო უზრდის პოლიტიკური პასუხისმგებლობას აღნიშნულ საკითხებზე”, – აცხადებს კოალიცია.

რას გამოეხმაურა კომუნიკაციების კომისია

5 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის დასაცავად კომისიის მიერვე შექმნილ მედიაკრიტიკის პლატფორმაზე გამოქვეყნდა სტატია “ცალმხრივად გამჭვირვალე (ნეტ)გაზეთი”, სადაც ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთი მოხსენიებულია, როგორც ორმაგი სტანდარტისა და ფაქტებით მანიპულატორი მედია.

“მედიაკრიტიკის” სტატიის ავტორი ზვიად ავალიანი, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა შალვა რამიშვილის “პოსტ ტვ-ის” ანალიტიკოსად და “ობიექტივის” პროდიუსერად, “ნეტგაზეთის” შესახებ წერს, რომ “დეზინფორმაციასა და „ფეიკ ნიუსს“ ზოგჯერ სწორედ ის მედიასაშუალებები ავრცელებენ, რომლებიც ყველაზე ხმამაღლა მოგვიწოდებენ დეზინფორმაციასთან ბრძოლისკენ”. სანამ ზვიად ავალიანი აღნიშულ სტატიას მოამზადებდა, მანამდე იდენტური ბრალდება ფეისბუკის პირად გვერდზე დაპოსტა კომუნიკაციის კომისიის ხელმძღვანელმა კახა ბექაურმა.

კახა ბექაურის ფეისბუკ სტატუსი, რომელიც წინ უძღოდა “მედიაკრიტიკის” სტატიას

“მედიაკრიტიკა” კომუნიკაციების კომისიის შექმნილი პლატფორმაა. მათ მიერ ზვიად ავალიანის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია –  “ცალმხრივად გამჭვირვალე (ნეტ)გაზეთი” – ეხება “ნეტგაზეთის” მიერ 3 ივლისს მომზადებულ მასალას რატომ არ მოსწონს კომუნიკაციების კომისიას ფეისბუკისთვის გაგზავნილი წერილი”.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის ნაწილმა “ფეისბუკის” ადმინისტრაციას 29 ივნისს მისწერა წერილი, რომლითაც ისინი ითხოვენ, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სოციალურ ქსელში უზრუნველყოფილი იყოს რეკლამის დამკვეთის/გადამხდელის ვინაობა, საკონტაქტო ინფორმაცია, თითოეული რეკლამისთვის დახარჯული თანხის ოდენობა და ვალუტა, რეკლამის განთავსების პერიოდი, ასევე, პოსტის გავრცელების გეოგრაფიული არეალი. განცხადების ავტორების თქმით, ამის ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო პერიოდში.

ფეისბუქისთვის გაგზავნილ წერილს მეორე დღეს, 30 ივნისს გამოეხმაურა კომუნიკაციების კომისია. მან განცხადების ავტორები გააკრიტიკა და ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. ნეტგაზეთმა გააშუქა კომუნიკაციების კომისიის 30 ივნისის განცხადება და მის ადრესატებთან – “მთავარი არხის”, საიას და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან” – ჩაწერა მოკლე ინტერვიუები და სტატია მოამზადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სტანდარტების დაცვით. სტატიაში –  რატომ არ მოსწონს კომუნიკაციების კომისიას ფეისბუკისთვის გაგზავნილი წერილი” – მოცემული იყო როგორც კომუნიკაციების კომისიის ბრალდებები, ისე – ამ ბრალდებებზე პასუხი. რაც შეეხება სათაურს, ნეტგაზეთის შეფასებით, ის სრულად გამოხატავდა კომუნიკაციების კომისიის 30 ივნისის განცხადების სულისკვეთებას.

შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია “მედიაკრიტიკის” პრეტენზიის არსი. უფრო მეტიც, “მედიაკრიტიკის” მიერ “ნეტგაზეთზე” გამოქვეყნებული სტატია თავად არის მანიპულაციისა და, შესაბამისად, მკითხველის შეცდომაში შეყვანის ნიმუში.

ნეტგაზეთის შესახებ მომზადებული მასალის სათაურია “ცალმხრივად გამჭვირვალე (ნეტ)გაზეთი”. სტატიას ილუსტრაციად ახლავს ნეტგაზეთის ლოგო, რომლის ფონზე ჩანს დიდი რაოდენობით ფული. სათაურში გამჭვირვალობაზე აქცენტი და დამუქებულ ფონზე ფულის დიდი რაოდენობის გამოსახვა კომბინაციაში ქმნის მანიპულირების ნათელ მაგალითს და მკითხველში აჩენს ასოციაციას, რომ სტატია შესაძლოა ეხება ნეტგაზეთის გაუმჭვირვალე ფინანსებს. თუმცა აღნიშნულ სტატიაში ამაზე საუბარი არ არის და ვერც იქნება.

 

 

 

“ნეტგაზეთი” და “ბათუმელები” არის იმ გამონაკლის ქართულ მედიასაშუალებებს შორის, რომელთა დაფინანსების წყაროები ღია და გამჭვირვალეა. ნეტგაზეთს დაფუძნების დღიდან, 2010 წლიდან, ნაწილობრივ აფინანსებს ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”, დაფინანსების მეორე ნაწილს კი გაყიდული რეკლამა წარმოადგენს. ასევე,”ნეტგაზეთი” და “ბათუმელები” ახორციელებენ პროექტებს “ჰაინრიჰ ბიოლის ფონდისა” და საქართველოში აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროგრამის დაფინანსებით. გარდა ამისა, ჩვენს მკითხველს უახლოეს მომავალში შევთავაზებთ ახალ პროდუქტს BBC Media Action-ის ფინანსური დახმარებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი