ახალი ამბები

პლურალისტური, თუმცა ძალიან პოლარიზებული – RSF მედიაგარემოზე საქართველოში

21 აპრილი, 2020 • 2087
პლურალისტური, თუმცა ძალიან პოლარიზებული – RSF მედიაგარემოზე საქართველოში

საერთაშორისო ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”(RSF) გამოქვეყნებული 2020 წლის ინდექსის თანახმად, საქართველო პრესის თავისუფლების კუთხით მსოფლიოში მე-60 ადგილზეა. გასული წლის მონაცემებთან შედარებით ქვეყნის პოზიცია არ შეცვლილა.

“პლურალისტური, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დამოუკიდებელი” – ასე ასათაურებს ორგანიზაცია საქართველოზე გამოყოფილ თავს

ორგანიზაცია კვლავ დასძენს, რომ ქვეყანაში მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა “ძალიან პოლარიზებულია”. ანგარიშის თანახმად, “ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა განაპირობა წინსვლა მედიასაშუალებების მფლობელობის გამჭვირვალობისა და სატელიტური ტელევიზიის პლურალიზმის კუთხით, მაგრამ მფლობელები კვლავ ხშირად ახდენენ გავლენას სარედაქციო შინაარსზე”.

ქვეყნის მედიაგარემოს შეფასებისას, RSF ყურადღებას ამახვილებს “რუსთავი2”-ისა და ტელეკომპანია “აჭარის” საქმეებზე.

“რუსთავი2, მთავარი ოპოზიციური ტელეარხი, ძველ მფლობელს დაუბრუნდა, რასაც შედეგად მოჰყვა პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკის მიღება და ჟურნალისტთა დიდი ნაწილის არხიდან წასვლა. კონფლიქტის შედეგად, გაჩნდა ორი ახალი პროოპოზიციური ტელეარხი. “აჭარა TV”-ზე, რეგიონულ საზოგადოებრივ ტელეკომპანიაზე მოხდა განმეორებითი ზეწოლა კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერად “,-ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციის შეფასებით, პოლიციის ძალადობა ჟურნალისტებზე “ნაკლებად ხშირია, თუმცა მაინც გრძელდება”, მუქარების პრაქტიკა კი კვლავ გავრცელებულია.

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ასევე ამახვილებს ყურადღებას აზერბაიჯანში თბილისიდან გატაცებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე და აღნიშნავს, რომ გამოძიებას დამაჯერებელი შედეგები კვლავ არ დაუდია.

საქართველოს მსგავსად, ინდექსში არც მეზობელი სომხეთის პოზიცია შეცვლილა: ის  61-ე ადგილს იკავებს. აზერბაიჯანი 168-ე ადგილზეა 179 ქვეყანას შორის, თურქეთი 154-ე პოზიციას იკავებს, რუსეთი კი 149-ე პოზიციაზეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი