ახალი ამბები

აქცია მარნეულში ნარიმანოვის ძეგლის წინააღმდეგ

16 ივლისი, 2020 • 1505
აქცია მარნეულში ნარიმანოვის ძეგლის წინააღმდეგ

მარნეულის ცენტრში მწერლისა და ბოლშევიკი პოლიტიკოსის, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის წინააღმდეგ სასულიერო პირები, მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და მოქალაქეები შეიკრიბნენ. “რადიო მარნეულის” თანახმად, დღეს, 16 ივლისს გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანიც, რომელმაც კვლავ გააკრიტიკა მარნეულის მერი ძეგლის რესტავრაციის გამო და აღნიშნა, რომ მისი აღების მოთხოვნას ნაციონალიზმთან საერთო არაფერი აქვს.

აქციაზე ადამიანები თბილისიდანაც ჩავიდნენ. მათ შორის იყვნენ “პრიმაკოვის ფონდის” წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე და ორგანიზაცია “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩიჩუა.

ეპისკოპოსის თქმით, ქალაქში არ არის იმ ადამიანის ძეგლის ადგილი, რომელმაც წვლილი შეიტანა როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანისა და სომხეთის დამოუკიდებლობის მოსპობაში.

“ვინ შესძინა ამ საკითხს აქტუალობა? ეს ძეგლი დანგრევის პირას იყო, რადგან საზოგადოებას, ჩვენს აზერბაიჯანელ დებსა და ძმებსაც, იცოდნენ, რომ ის იყო ბოლშევიკი და არავინ არაფრად აგდებდა, არც აინტერესებდათ. პანდემიის დროს… ჩვენმა პატივცემულმა ქალაქის მერმა, რომელიც არჩეულია არა მარტო აზერბაიჯანელი დებისა და ძმების, არამედ ქართველების მიერაც… მას მივეცით ჩვენ ნდობის მანდატი და მან დამოუკიდებლობა, 26 მაისი მოგვილოცა იმით, რომ აღადგინა ჩვენი დამოუკიდებლობის დამსამარებლის, ნარიმანოვის ძეგლი. ამაზე დიდი ცინიზმი, ამაზე დიდი შეურაცხყოფა, ამაზე დიდი ღირსების აყრა, ამაზე დიდი ჩვენი წინაპართა სულში ჩაფურთხება, მითხარით, ხალხო, თუ რამეს ჰქვია”, – მიმართა მან ნარიმანოვის ძეგლთან შეკრებილებს.

ჯამდელიანის განცხადებით, თავადაც გამოკითხეს ქვემო ქართლსა და კახეთში სუს-ის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით მისი პირველი განცხადებებიდან მალევე დაიწყო. სასულიერო პირის განცხადებით, მისთვის ყველა თანასწორია, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად.

“მე არ მინდოდა ხმაურის ატეხვა, მე ვცდილობდი, პირადი დიალოგებით განმემუხტა ეს საკითხი. ამის ნაცვლად მე მივიღე უამრავი პროვოკაცია, არაადეკვატური პასუხი, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რაზეც მე თვითონაც ვიქენი გამოკითხული პროკურორის და გამომძიებლის მიერ, თითქოს რასობრივ დისკრიმინაციას ვეწევი მე. თითქოს მე ეთნიკურ შუღლს ვთესავ.

ხალხნო, პატრიარქმა მითხრა, რომ შენ უნდა იყო მამა არა მხოლოდ ქართველების, არამედ აზერბაიჯანელების. მე ყველას ვუყურებ სიყვარულით. როგორც ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანებს, ისე ვუყრებ მათ.

…თუ ეს ძეგლი ჩვენს ეროვნულ ღირსებას შეურაცხყოფს, თუ ეს ძეგლი ჩვენს წინაპართა სულში ჩაფურთხებაა, მაშინ მე ვეკითხები ჩვენს აზერბაიჯანელ დებსა და ძმებს: ხომ არ გვეფიქრა და აუცილებლად უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ ეს ერთად უნდა ავიღოთ და დავდგათ ისეთი ძეგლი, რომელიც იქნება ჩვენი და აზერბაიჯანელი ძმების ნამდვილი ძმობის სიმბოლო”, – აღნიშნა გიორგი ჯამდელიანმა და კიდევ ერთხელ გაახმიანა იდეა ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად ხუდია ბორჩალოელის ძეგლის დადგმისა, რომელიც ერეკლე მეორის დროს ბორჩალოელებისაგან შემდგარ პირად გვარდიას მეთაურობდა.

“ვისაც უნდა ეს გადაზარდოს რაღაც ნაციონალიზმში, რაღაც ეთნიკურობაში, რაღაც რელიგიურ იმაში, ეს არის პროვოკაცია, ეს არის პროვოკაციაში გამოსვლები. დღევანდელ შეკრებასაც და მოთხოვნასაც არანაირი საერთო არ აქვს ნაციონალიზმთან”, – დაამატა სასულიერო პირმა.

ეპისკოპოსმა საკრებულოს წევრებისგანაც მოითხოვა პასუხი ძეგლის საკითხთან დაკავშირებით. აქციის დაწყებამდე ადგილზე პარაკლისიც გადაიხადეს, რომელიც, ჯამდელიანის თქმით, მშვიდობისაკენ იყო მოწოდებული სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მთელ მსოფლიოში.

აქციის მიმდინარეობისას ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გარშემო პოლიცია იდგა.


მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ მარნეულის მერი პირველად 24 მაისს, საკვირაო ქადაგებისას გააკრიტიკა  ქალაქის კულტურული ცენტრის მიმდებარედ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისთვის და ზაურ დარგალს მისი დემონტაჟისათვის “გონივრული ვადა” მისცა.  მან უმეცრება უწოდა ბოლშევიკური წარსულის მქონე ფიგურის ძეგლის განახლებას. თავად მარნეულის მერი აღნიშნულს ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

განცხადებებთან დაკავშირებით საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები ისმოდა. ძეგლის სწრაფად აღების მოწოდებების შემდეგ ისმოდა მოსაზრებები, რომ ხისტი განცხადებები, რომლებიც ეპისკოპოსმა გაახმიანა, ისტორიის გადააზრების საჭირო პროცესს აზარალებს.

30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო ქვემო ქართლსა და კახეთში დისკრიმინაციის მუხლით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობდა, რომ საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.

სუს-ს არ დაუსახელებია გამოძიების დაწყების კონკრეტული მიზეზები. თუმცა, მარნეულში მცხოვრები აქტივისტი სამირა ბაირამოვა, რომელიც ასევე დაიბარეს გამოკითხვაზე, “ნეტგაზეთს” ეუბნებოდა, რომ კითხვები მარნეულში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს ეხებოდა. მან ისაუბრა ძეგლის საკითხეც და აღნიშნა, რომ ამ თემით მანიპულირებსა და შუღლის გაღვივებას გაკრვეული ძალები წლებია, ცდილობენ.

ნარიმანოვის ძეგლი: ეპისკოპოსის ხისტი განცხადებები დისკუსიის გარეშე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი