ახალი ამბები

ნარიმანოვის ძეგლი: ეპისკოპოსის ხისტი განცხადებები დისკუსიის გარეშე

26 მაისი, 2020 • 3093
ნარიმანოვის ძეგლი: ეპისკოპოსის ხისტი განცხადებები დისკუსიის გარეშე

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ, მარნეულის მერი გააკრიტიკა  ქალაქის კულტურული ცენტრის მიმდებარედ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისთვის და ზაურ დარგალს მისი დემონტაჟისათვის “გონივრული ვადა” მისცა.  განცხადება სასულიერო პირმა 24 მაისს მრევლის წინაშე გაახმიანა და უმეცრება უწოდა ბოლშევიკური წარსულის მქონე ფიგურის ძეგლის განახლებას. თავად მარნეულის მერი აღნიშნულს ჯერ არ გამოხმაურებია, ადამიანები კი, რომლებიც “ნეტგაზეთს” ესაუბრნენ, ნარიმანოვის პერსონის სირთულეზე მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ ხისტი განცხადებები ისტორიის გადააზრების საჭირო პროცესს აზარალებს.

ვინ იყო ნარიმან ნარიმანოვი?

ნარიმან ნარიმანოვი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მწერალი და პოლიტიკოსი იყო, რომელიც 1870 წელს დაიბადა თბილისში. გორში სასწავლო სემინარიის დამთავრების შემდეგ იმჟამინდელ ბორჩალოს მაზრაში მასწავლებლად მუშაობდა, შემდგომ კი ბაქოში განაგრძო პედაგოგიური საქმიანობა.

სხვადასხვა დროს დრამატურგიულ და პუბლიცისტურ საქმიანობასაც ეწეოდა, 1905 წლიდან კი პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო და აზერბაიჯანის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად და ამიერკავკასიის რევოლუციურ პროცესებშიც მონაწილეობდა. იყო დაპატიმრებულიც, რა დროსაც სასჯელს თბილისში მდებარე მეტეხის ციხეში იხდიდა.

ნარიმანოვი პარტიის ბოლშევიკურ ფრთაში შედიოდა და სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა ანექსიამდე თუ მას შემდეგ, არაერთ თანამდებობას იკავებდა. 1920 წლის აპრილში, ბაქოს ბოლშევიკური ოკუპაციის დროს, იყო აზერბაიჯანის რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე, შემდგომ აზერბაიჯანის სსრ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი და მთავრობის თავმჯდომარე, 1922 წლიდან კი ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს ჩაუყენეს სათავეში.

ნარინამ ნარიმანოვი 1924 წელს მოსკოვში გარდაიცვალა და კრემლის გალავანთან დაკრძალეს. მისი გარდაცვალების გარემოებები დაზუსტებული ამ დრომდე არ არის. არსებობს მოსაზრებაც, რომ ნარიმანოვი თავად საბჭოთა რეჟიმმა გაანეიტრალა, განიხილავდა რა მას ე.წ. უკლონისტთა რიგებში, რომლებიც მუდმივად წინ აყენებდნენ ნაციონალურ საკითხს.

რა თქვა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა?

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხზე 24 მაისს, საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. მან მწვავედ გააკრიტიკა მერიის მიერ ძეგლის აღდგენა და ნარიმანოვის პოლიტიკური საქმიანობა გაიხსენა.

„რადგან აზერბაიჯანელის ძეგლია, იმიტომ კი არ ვართ წინააღმდეგი. ესეთი მოღალატეები იყვნენ – ფილიპე მახარაძე, ორჯონიკიძე, მათი ძეგლები ჩვენ ავიღეთ და გადავაგდეთ. ისინი იყვნენ საბჭოთა რეპრესიული მანქანის თანამსახურნი, თავკაცები, რომელთაც უამრავი ხალხი დახოცეს, მოაწყვეს რეპრესიები… საერთოდ გასაოცარია, საიდან შემორჩა ჩვენს ქალაქში მისი ძეგლი“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ნარიმანოვს “დიდი წვლილი მიუძღვის” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევაში და ქვეყნისთვის მიწების ჩამოცილებაში.

მან პროცესში ქალაქის მერის, ზაურ დარგალის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, უსინდისობა უწოდა მის ამ გადაწყვეტილებას და ძეგლის დემონტაჟი “გონივრულ ვადაში” მოითხოვა.

“მოვუწოდებ დღევანდელ ხელისუფლებას, ჩაერიოს ამ ვითარებაში და არამცთუ მარნეულში, საერთოდ აღმოიფხვრას საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკები და მათი ხელშეწყობა. ჩვენ თუ ღირსება შეგვრჩენია, ქართველებს, მაშინ ჩვენი მტრების ძეგლი არ უნდა იდგეს შუა ქალაქში”.

“მთელი კატეგორიულობით ვაცხადებ, ვაძლევ მათ გონივრულ დროს, თავისივე ხელით, კანონის შესაბამისად, დაიწყოს დაუყოვნებლივ ამ საბჭოთა სიმბოლოს, ამ საბჭოთა პიროვნების ძეგლის დემონტაჟი და გადაგდება ნაგავზე.

ყველამ უნდა იცოდეს, ეს მრავალეთნიკური დასახლებაა. ცხოვრობენ აზერბაიჯანელები, ბერძნები, სომხები… ეს საუკუნეები იმას ადასტურებს, რომ თანავცხოვრობთ ძმობით, ერთობით. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, ცხოვრობენ ჩვენს მიწა-წყალზე. ვისაც ჩვენი მიწა-წყალი უყვარს, სარგებლობს და დადგება თავისი ქვეყნის სადარაჯოზე, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიისა, ღმერთმა შეარგოს ქართული მიწა, თუ არადა, არამი იყოს ყველასთვის.

მე ვფიქრობ, რომ აქ დიდ უმეცრებასაც აქვს ადგილი. ქალაქის მერმა ავტობიოგრაფია არ უნდა იცოდეს, თუ რა ძეგლზეა საუბარი? თუ ეს იყო შეცდომა, ეს შეცდომა საჯაროდ უნდა აღიაროს მერმა და დაუყოვნებლივ უნდა მოიხადოს ბოდიში საზოგადოების წინაშე”, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

“რადიო მარნეულის” თანახმად, ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაცია 2020 წლის თებერვალში დაიწყო. 3 მარტს მარნეულის მერმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ძეგლის აღდგენითი სამუშაოები მერიის ინიციატივით ხორციელდება.

უკვე დღეს, 26 მაისს, სასულიერო პირმა “რუსთავი2”-ს უთხრა, რომ ძეგლი უკანონოდ განაახლეს, ეს მერის იდეა იყო და პროცესი არცერთ პასუხისმგებელ უწყებასთან არ შეთანხმებულა. მისივე თქმით, საქართველოს აზერბაიჯანელებს რომ  “კარგად აეხსნათ”, რას უკავშირდება ნარიმანოვის პიროვნება, თავად მიხვდებიან, რომ ძეგლი არ უნდა იყოს ქალაქის ცენტრში.

“თუ ძეგლის შეცვლა გინდა, როგორ უნდა გაკეთდეს ეს, ხომ უნდა იფიქრო?”

ძველი ქართული ლიტერატურის სპეციალისტი ოქტაი ქაზუმოვი მიიჩნევს, რომ სასულიერო პირის ეს განცხადება ადგილობრივ მოსახლეობაში ნეგატიურ განწყობებს აღძრავს და ნარიმანოვის პიროვნების გადააზრებას ხელს არ უწყობს. ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას მწერლისა და ბოლშევიკის პერსონის კომპლექსურობაზე საუბრობს და აზერბაიჯანელ თემში მის მიმართ არსებულ განწყობებზე ამახვილებს ყურადღებას.

“მოგეხსენებათ, ისტორიის თვალსაზრისით, არ არსებობს ერთგვაროვანი, ერთმნიშვნელოვანი პიროვნება. ის შედგება სხვადასხვა მხარისგან. მთავარია, რა არის მასში უფრო მეტად გამოკვეთილი, ან დრო რას აფასებს მასში უფრო მეტად.

თუ ვინმეს მისი ბოლშევიკობა არ მოსწონს და სამართლიანად არ მოსწონს, მეორე მხრიდან ის არის შემოქმედი, დრამატურგი და მნიშვნელოვანი პიროვნება ლიტერატურის თვალსაზრისით, აზროვნების თუ განმანათლებლობის ისტორიაში. პიროვნულადაც, მე ეს მხარე უფრო მაინტერესებს. ხომ მაქვს უფლება, რომ ასე დავინახო?” – აღნიშნავს ქაზუმოვი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი სიტყვებით, ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით მსგავსი რიტორიკა ახალი არ არის და ასეთმა რეპლიკებმა ადგილობრივების თვალში კვლავ წამოწია პიროვნება, რომელიც ზოგიერთ მათგანს მივიწყებულიც კი ჰყავდა.

“ერთი წლის წინ მარნეულის ერთმა ჭ დონის მოხელემ თქვა, სადაც გინდათ, იქ წაიღეთ, თუ გინდათ, ნაგავში გადააგდეთ ეს ძეგლიო. და ნახეთ, ვირეშმაკულად როგორ გააკეთეს: მერაბ კოსტავას ძეგლი უნდა დავდგათო. შენ თუ შეეწინააღმდეგები და იტყვი “არა”, გამოდიხარ საქართველოს მტერი. ეს ძალიან ცუდი ვითარებაა. მერაბ კოსტავას ბიუსტის წინააღმდეგი მარნეულში არავინ არ არის. მაგრამ როდესაც შენ ამას ასე უხეშად, ფაქტობრივად, სულში ჩაფურთხებით აკეთებ, ყველას აქვს ხომ ღირსების მომენტი?

თუ შენ გინდა, რომ ეს ძეგლი შეიცვალოს, როგორ უნდა გააკეთო ეს, ამაზე ხომ უნდა იფიქრო?  ხალხს რომ უკვე მივიწყებული ჰყავდა ნარიმან ნარიმანოვი, ამით კიდევ უფრო მეტად წამოწიეს მისი პიროვნება. ხალხმა მისი ხელახლა წაკითხვა დაიწყო. იქამდე ეს იყო ბიუსტი, რომელსაც არავინ აქცევდა ყურადღებას და გვერდიდან ფილები ერთმანეთის მიყოლებით ეცემოდა”, – აღნიშნავს ის.

ოქტაი ქაზუმოვი მიიჩნევს, რომ მსგავსი რიტორიკა ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს იმ ფონზე, “როცა ინტეგრაციის პროექტი ჩავარდნილია და ეს ყველაფერი სუს-მა ითავა”. მისი თქმით, თუ ვინმეს საბჭოთა წარსულის გადააზრება სურს, პირველ რიგში, ეს იოსებ სტალინით უნდა დაიწყოს, რომლის ბიუსტებიც ახლაც დგას არაერთ სოფელში, ადგილობრივ თემთან კი მსგავსი საკითხების მოსაწესრიგებლად მუშაობაა საჭირო.

“აქტიურად უნდა ვიმუშაოთ თემთან. მათ უნდა ავუხსნათ, რომ ეს თქვენთვისვე არ არის კარგი. კი ბატონო, როგორც კალმოსანს და ასე შემდგომ, ვცეთ პატივი, მაგრამ ეს ადამიანი არის საორჭოფო, როგორც, მაგალითად, გიორგი სააკაძე – დავობენ, ის იყო გმირი თუ მოღალატე. მაგრამ ჩვენ ხომ არ უარვყოფთ გიორგი სააკაძეს?

…საჭიროა თემთან მუშაობა და ეს ერთ და ორ წელიწადში არ მოხდება. ნელ-ნელა უნდა დაიწყოს მუშაობა სხვა სოფლებთან და დასახლებებთან მიმართებითაც, სადაც საბჭოთა სახელწოდებებია შემორჩენილი, ოღონდ ადგილობრივ მოსახლეობას უნდა აეხსნას ეს ყველაფერი. აბა, მთავრობა რისთვის არის?

და პლიუს ამას, ნარიმანოვის ქანდაკების ადგილას თვითონ თემმა უნდა შეარჩიოს ადამიანი, რომელსაც აირჩევს თემი და რომელსაც არ ექნება საბჭოთა წარსული ან რაიმე ისეთი, რაც იქნება ამ პოლიტიკურ ძალასთან ასოცირებული”, – აღნიშნავს ოქტაი ქაზუმოვი.

მოთხოვნა ეკლესიიდან, რომელიც საბჭოთა წარსულზე ბევრს არ საუბრობს

“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი მიიჩნევს, რომ ქვეყნის უახლეს ისტორიასთან დაკავშირებით არსებული ხედვები ვიწრო და იზოლაციონისტურია. მისი თქმით, ორიენტირი ძირითადად ქართველებზეა აღებული და ქვეყანაში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელთა მოღვაწეობაზე ცოდნა მცირეა.

“რა თქმა უნდა, საჭიროა, საბჭოთა ტოტალიტარიზმს, ოკუპაციას, მასობრივ დანაშაულებებს მიეცეს შეფასება და ამ რეჟიმის არქიტექტორების, მონაწილეების, მათთან კოლაბორაციაში მყოფი ადამიანების შესახებ ცხადად იყოს ყველაფერი წარმოდგენილი, მიუხედავად სხვა სფეროებში მათი დამსახურებისა.

თუმცა, რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ საბჭოთა ტოტალიტარიზმი არის მასშტაბური, შემზარავი და ანტიჰუმანური, ეს ელემენტი ყოველთვის შეიტანს წვლილს გარკვეული ადამიანების შეფასებაში და ხშირად გადაწონის იმ დადებითს, რაც მათ უკავშირდება”, – აღნიშნავს ირაკლი ხვადაგიანი.

ხვადაგიანის თქმით, საბჭოთა ტოტალიტარიზმის მესვეურები დღევანდელ საზოგადოებაში აღარ უნდა აღიქმებოდნენ “მისაბაძ და დამსახურებულ ფიგურებად”, თუმცა ეს მხოლოდ მაშინ ხდება შესაძლებელი, როცა არსებობს ცოდნა და მიმდინარეობს დისკუსია. დღეს, მკვლევრის აზრით, საპირისპირო ვითარებაა.

ირაკლი ხვადაგიანის სიტყვებით, საყურადღებოა კონტექსტი, რომლის პირობებშიც სასულიერო პირმა ზემოხსენებული განცხადებები გაახმიანა.

“კონკრეტულ მომენტში, შესაძლოა, სასულიერო იერარქია არ ტყუოდეს, როცა ამ არგუმენტის მოშველიებას ცდილობს, რომ კანონიც არსებობს საბჭოთა სიმბოლიკების აკრძალვისა და ნარიმანოვის ფიგურას წარმოაჩენს კომუნისტი ფუნქციონერის ჭრილში.

რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელობა აქვს თანმიმდევრულობას და იმის აღქმას, თუ რა კონტექსტში იყო ეს მიმართვა გაკეთებული. იშვიათად, თუ საერთოდ არა, გვახსენდება ამავე რელიგიური ორგანიზაციის ინიციატივები, ტოტალიტარიზმის შეფასების, მისი რელიგიური და მორალური კუთხით გაკიცხვის, მსხვერპლთა მოხსენიების და მათი სახელების წინ წამოწევის კუთხით.

არ გვახსოვს დიდი ინიციატივები რეჟიმის წარმომადგენლების, მასთან კოლაბორაციაში მყოფი ადამიანების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების და ხელმისაწვდომობის შესახებ ლუსტრაციის კუთხით… როცა საზოგადოებაში ჩნდება ლოგიკური კითხვები, საბჭოთა პერიოდში არსებულ და დღემდე მოსულ რელიგიურ ორგანიზაციებში იყვნენ თუ არა საბჭოთა სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომლები და რა შედეგები მოიტანა ამან, ამაზე არის სიჩუმე”, – ამბობს ის.

მკვლევარს თქმით, დღეისათვის დამუშავებული მასალები არაერთგზის მიუთითებს საბჭოთა ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის არსებულ კავშირებზე, რეჟიმის კონტროლზე ეკლესიაში, თუმცა ამ საკითხზე რაიმე სახის რეფლექსია ან კრიტიკა დღეისათვის, პრაქტიკულად, არ შეინიშნება. მისივე თქმით, იშვიათად ახსენდება ეკლესიის მხრიდან საბჭოთა დიქტატორის -იოსებ სტალინის კულტის კრიტიკაც და ამ ფენომენისგან საზოგადოების გათავისუფლების მცდელობები.

“დღევანდელი კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთში ვიზიტისას დადებითი და თბილი სიტყვებით იხსენებდა სტალინს, საუბრობდა, რომ ის მორწმუნე იყო საიდუმლოდ და ა.შ. ამ ფონზე, ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის და ასევე ისტორიკოსისთვის, ძალიან ხელოვნურად გამოიყურება 24 მაისის ინიციატივა ამ რეგიონში[მარნეულში], ამ მოცემულობის გათვალისწინებით.

მით უმეტეს, რომ ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს, ჩაუღრმავდეს ამ ინციდენტს, ძალიან კარგად ხედავს, რომ ეს არ არის დიდი იდეების ჯახი და გარკვეული მორალური ტიპის დისკუსია. ეს არის მარტივი, ბანალური, კლანური დაპირისპირების პროცესში გარკვეული მანიპულაციები ისტორიული ფიგურებით, რაც აქამდეც ყოფილა და ახლა უფრო გამოაცოცხლეს და ამოატივტივეს”, – აღნიშნავს მკვლევარი.

“ბიუსტის საკითხი არის საბაბი”

ნარიმანოვის პერსონა რომ საკამათოა, ამას “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის”(EMC) ცენტრის იურისტი თამთა მიქელაძეც იზიარებს. თუმცა, მისი თქმით, დისკუსიისას მხედველობაში უნდა იყოს მიღებული, როგორია მის მიმართ აღქმა აზერბაიჯანელ თემში.

“თქვენ იცით, რომ ის თბილისში დაბადებული აზერბაიჯანელია, ქართულ კულტურულ ელიტასთან დაახლოებული პირი იყო იმ პერიოდში, ეწეოდა გარკვეულ საქველმოქმედო საქმიანობას, ამიტომ მის პიროვნებას გარკვეული პოზიტიური აღქმა აქვს.

ასე რომ, ეს არის დელიკატური საკითხი, რომელსაც საჯარო დისკუსიები, ექსპერტების მონაწილეობა სჭირდება. განცხადებები, რომლებიც მეუფის მხრიდან კეთდება, ნამდვილად არის პრობლემური, რადგან ისტორიას სახელს ვერ დაარქმევს ასე სასულიერო პირი, ხომ? ის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს”, – ეუბნება იურისტი “ნეტგაზეთს“.

თამთა მიქელაძე არ ფიქრობს, რომ ქადაგებისას ბიუსტის საკითხის გახმიანებით ეპისკოპოსი მხოლოდ ამ კონკრეტული საკითხის დღის წესრიგში შემოტანას შეეცადა. მისი თქმით, EMC რეგიონში “კულტურული დომინაციის” არაერთ მცდელობას აფიქსირებს, რომელშიც ეკლესია აქტიურად არის ჩართული.

“ეს გამოიხატება თუნდაც საჯარო სივრცეების რელიგიური ატრიბუტებით მონიშვნაში, აზერბაიჯანული მუსლიმური სოფლების თავზე ჯვრის აღმართვაში, მარნეულის ცენტრში ჭარბად რელიგიური სიმბოლიკის გამოყენებაში, მხოლოდ ეპარქიის დაფინანსებაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან… მაშინ, როდესაც მოსახლეობის 85% მუსლიმია და გაუგებარია საჯარო რესურსების კონფესიური მიზნებით გამოყენება. ეს ჩანს ადგილობრივი კულტურის სახლის საქმიანობაში, რომელიც რესურსების ძალიან მცირე ნაწილს ხარჯავს აზერბაიჯანული კულტურის მხარდასაჭერად”, – აღნიშნავს ის.

მიქელაძის თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტში მრავალეთნიკურ ჯგუფებს იშვიათად თუ აქვთ ერთმანეთთან კულტურული ან სხვა ტიპის კვეთა და ისე ცხოვრობენ, როგორც “პარალელურ სამყაროებში”. ამ ვითარებაში იურისტი, პირველ რიგში, სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ხედავს, თუმცა საუბრობს საპატრიარქოს როლზეც, რომელიც “ნაციონალიზმს ძალიან ვიწროდ განმარტავს, მეტწილად, რელიგიური და ეთნიკური მარკერებით“.

“კულტურის პოლიტიკამ უნდა შექმნას ისეთი სიმბოლოები, რომელიც გვიჩვენებს, როგორ საზოგადოებაში გვინდა ცხოვრება. თუ ეს იქნება ასიმეტრიული და დომინაციებზე დაფუძნებული და არა თანასწორი და მრავალფეროვნების მაჩვენებელი, მაშინ, ბუნებრივია, ამგვარი პოლიტიკა იქნება პრობლემური და გამრიყავი“, – აღნიშნავს ის.

“ნეტგაზეთი” შეეცადა მარნეულის მერთან დაკავშირებას, თუმცა ის სატელეფონო ზარს არ პასუხობს.

გარეკნის ფოტო: რადიო მარნეული

მასალების გადაბეჭდვის წესი