ახალი ამბები

ერეკლე II-ისა და ხუდია ბორჩალოელის ძეგლი ნარიმანოვის ნაცვლად – ეპისკოპოსის ინიციატივა

4 ივნისი, 2020 • 4017
ერეკლე II-ისა და ხუდია ბორჩალოელის ძეგლი ნარიმანოვის ნაცვლად – ეპისკოპოსის ინიციატივა

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი გამოდის ინიციატივით, მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის ნაცვლად ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე მეორისა და წარმოშობით აზერბაიჯანელი ხუდია ბორჩალოელის ძეგლი დაიდგას. ამის შესახებ მან დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში, ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ისაუბრა.

სასულიერო პირის თქმით, ვრცელდება ცნობები, თითქოს ეთნიკური უმცირესობების დისკრიმინაციას ეწევა, რაც მისი სიტყვებით, სიცრუე და ტყუილია.

“მე გამოვიდვარ ინიციატივით, რომ ნარიმან ნარიმანოვის, პირსისხლიანი წითელი კომისრის ძეგლის ნაცვლად, მივმართავ ჩვენს მსახლეობას, ქართველებს, ჩვენს აზერბაიჯანელ დებსა და ძმებს, რომ დაიდგას ჩვენი ეროვნული გმირის, წარმოშობით აზერბაიჯანელი ხუდიას და ერეკლე მეორის ძეგლი, რომელიც იქნება სიმბოლო ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობისა”, – აღნიშნა მან.

როგორც ცნობილია, ერეკლე მეორეს ჰყავდა ბორჩალოელებისაგან შემდგარი პირადი გვარდია, რომელსაც ხუდია ბორჩალოელი მეთაურობდა.

“გარდა ამისა, ზოგიერთი ცნობით, მეფის პირად დაცვაში 12 კაციდან ხუთი ან შვიდი სწორედ ბორჩალოელი იყო. ბორჩალოელები მეფესთან ერთად ძირითადად ლეკების წინააღმდეგ იბრძოდნენ და სხვა ლაშქრობებშიც ირიცხებოდნენ, თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილი მაინც ასპინძის ომი (1770წ.) და ამ ბრძოლაში გარდატეხის შემტანი – ხიდის გადახერხვის ოპერაციაში – ხუდია ბორჩალოელის მონაწილეობაა, აღაბაბა ერისთავსა და სვიმონ მუხრან-ბატონთან ერთად.

ბორჩალოელები ასევე იბრძოდნენ კრწანისის ომში (1795წ.). მოგვიანებით, დუშეთში მეფის დაცვის ოპერაციას ხევსურებთან ერთად 100-ზე მეტი ბორჩალოელიც შეეწირა”, – აღნიშნულია “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” სტატიაში, რომელიც ეთნიკურ აზერბაიჯანელებზე გვიყვება საქართველოს ისტორიიდან.

24 მაისს, საკვირაო ქადაგებისას, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგიმ, მარნეულის მერი გააკრიტიკა  ქალაქის კულტურული ცენტრის მიმდებარედ ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისთვის და ზაურ დარგალს მისი დემონტაჟისათვის “გონივრული ვადა” მისცა.  მან უმეცრება უწოდა ბოლშევიკური წარსულის მქონე ფიგურის ძეგლის განახლებას. თავად მარნეულის მერი აღნიშნულს ამ დრომდე არ გამოხმაურებია, ადამიანები კი, რომლებიც “ნეტგაზეთს” ესაუბრნენ, ნარიმანოვის პერსონის სირთულეზე მიუთითებენ და აღნიშნავენ, რომ ხისტი განცხადებები ისტორიის გადააზრების საჭირო პროცესს აზარალებს.

ნარიმანოვის ძეგლი: ეპისკოპოსის ხისტი განცხადებები დისკუსიის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი