ახალი ამბები

“3 წელია, შუღლის გაღვივებას ცდილობენ ძეგლის საკითხით” – მარნეულელი აქტივისტი, რომელიც სუს-მა გამოკითხა

4 ივნისი, 2020 • 2026
“3 წელია, შუღლის გაღვივებას ცდილობენ ძეგლის საკითხით” – მარნეულელი აქტივისტი, რომელიც სუს-მა გამოკითხა

მარნეულში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა სუს-მა ქვემო ქართლსა და კახეთში დისკრიმინაციის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარა. მისი თქმით, კითხვები ძირითადად ეხებოდა ბოლო პერიოდში მარნეულში განვითარებულ მოვლენებს, თუმცა გამოძიების დასრულებამდე დეტალების შესახებ ვერ საუბრობს.

ბაირამოვას გამოკითხვა 3 ივნისის საღამოს დაიწყო და დაახლოებით, 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. სამოქალაქო აქტივისტის თქმით, ის მეტად სიღრმისეულ კითხვებს ელოდა, რადგან რეგიონში შუღლის გაღვივების მცდელობები ახალი დაწყებული არ არის და პროცესები უკვე 3 წელია მიმდინარეობს.

“ეს ახალი დაწყებული პროცესი არ არის, [პროცესი] სამი წელია მიმდინარეობს. თუ ნამდვილად არის მათ[სუს-ის] ინტერესში, რომ ამ რეგიონში არ მოხდეს არასასურველი ქმედება, რომელიც ხელს უშლის ჩვენს ქვეყანაში სოლიდარული, თანასწორი, სამართლებრივი გარემოს შექმნას და არ ჩავარდეს ჩვენი ინტეგრაციის პოლიტიკა, კარგი იქნებოდა, ეს საკითხი, როდიდან დაიწყო, რატომ დაიწყო, მერე ეს ვინ როგორ გამოიყენა, ეს ყველაფერი უნდა იყოს შესწავლილი.

მიზეზზე, საფუძველზე, როგორ დაიწყო ეს პროცესი, საერთოდ არ არის[საუბარი]. ჩემი აზრით, ეს იქნება რაღაც ძალიან რბილად, მე როგორც ვხედავ. სურვილი მქონდა, ისეთი შეკითხვები ყოფილიყო, რომლებზეც [მეტად] შემეძლო ლაპარაკი. რაც მკითხეს, ეს რაღაცები ნამდვილად არ მეხება მე. ალბათ ფიქრობდნენ, რომ საჭიროა ჩემი ჩართულობა და უნდა მეპასუხა ამ შეკითხვებზე, როგორც ამ რეგიონში მცხოვრებ ადამიანს, რომელიც მეტნაკლებად კომენტარებს აკეთებდა მიმდინარე მოვლენებზე”, – აღნიშნავს სამირა ბაირამოვა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი განცხადებით, უკვე წლებია, გარკვეული პირები ცდილობენ მანიპულირებას ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხით, რომელიც 2 კვირის წინ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმაც წამოჭრა და აღნიშნა, რომ ქალაქში ბოლშევიკის ძეგლი არ უნდა იყოს. სამირა ბაირამოვა აღნიშნავს, რომ წარსულში, როცა ეს პროცესი დაიწყო, კონკრეტული პირები არა ნარიმანოვის ბოლშევიკობას, არამედ მის ეთნიკურ კუთვნილებას უსვამდნენ ხაზს.

“თავიდან იყო ის, რომ რამოდენიმე აქტივისტმა დაიწყო საუბარი, რომ რატომ უნდა იყოს მარნეულში ვიღაც ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი. მაშინ საერთოდ არ იყო საუბარი იმაზე, რომ ის იყო ბოლშევიკი. უბრალოდ იყო კომენტარები, რომ რატომ უნდა იდგას ვიღაც ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი მარნეულის შუაგულში. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანელებს ეს ეწყინათ”, – ამბობს აქტივისტი.

რაც შეეხება უშუალოდ მიტროპოლიტის განცხადებას ამ საკითხზე: ბაირამოვა ფიქრობს, რომ სასულიერო პირის რეპლიკები სცდება ძეგლის თემას და დისკრიმინაციულ გზავნილებს შეიცავს აზერბაიჯანელი თემისადმი, თითქოს ისინი სტუმრები იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე. თავად ეპისკოპოსი კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულს და ამბობს, რომ ის არც გამოკითხვაზე დაუბარებიათ.

“ჩვენ კი არ ვიცავთ ძეგლს, ჩვენი მთავარი [აქცენტი] იყო მეუფის დისკრიმინაციულ გამოსვლაზე. ეს ადამიანი ამბობს, რომ ისინი[ეთნიკური აზერბაიჯანელები] ქართული მიწით, ჩვენი პროდუქტით სარგებლობენ… ანუ, ამ შემთხვევაში შენ ხარ ვიღაც უცხო ადამიანი, ვალდებულება გაქვს, რომ მადლობა გადაუხადო მას, ვინც არის პატრონი. არანაირ სტანდარტში არ ჯდება ეს.

შენ რა უფლება გაქვს, საქართველოს თანასწორუფლებიან მოქალაქეს ამას რომ ეუბნები? მე საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქედ ვთვლი თავს და არავის აქვს უფლება, თქვას, რომ “ეს საქართველოს მიწაზე ცხოვრობს”. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ უცხო. მე აღარ მინდა, რომ ეს დამოკიდებულება ხშირად ვიგრძნო. ეს ნდობის ფაქტორზეც იმოქმედებს. ჩვენ სურვილი გვაქვს, ინტეგრირებულნი ვიყოთ ამ საზოგადოებაში. ნდობის გარეშე როგორ უნდა გაგრძელდეს ეს ინტეგრაციის პროცესი?”, – აღნიშნავს სამირა ბაირამოვა.

აქტივისტს იმედი აქვს, რომ გამოძიება სათანადო ზომებს მიიღებს მათ მიმართ, ვინც შუღლის დათესვას ცდილობს მოქალაქეებს შორის.


სუს-მა 30 მაისს განაცხადა, რომ  ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ და აღნიშნულზე გამოძიებაც მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას.

ნარიმანოვის ძეგლი: ეპისკოპოსის ხისტი განცხადებები დისკუსიის გარეშე

მასალების გადაბეჭდვის წესი