ახალი ამბები

რაჭის ინციდენტში მონაწილე ოთარ სირაძეს ბრალი წარუდგინეს

16 ივლისი, 2020 • 1396
რაჭის ინციდენტში მონაწილე ოთარ სირაძეს ბრალი წარუდგინეს

მიმდინარე წლის 4 ივლისს ამბროლაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრს, ოთარ სირაძესა და მის ძმას, დავით სირაძეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება ინციდენტს, რომლის დროსაც აღნიშნულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს “ახალგაზრდა მწვანეების” აქტივისტს, ნიკოლოზ ღლონტს.

პროკურატურის განცხადების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ინციდენტის შედეგად ღლონტმა ფიზიკური დაზიანებები მიიღო. უწყების ცნობით, ოთარ სირაძესა და დავით სირაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით წარედგინათ, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

“ბრალდების მხარე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აღნიშნავს უწყება.


ინციდენტი 4 ივლისს, ონში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დასრულების შემდეგ მოხდა. ოთარ სირაძე ამტკიცებდა, რომ “ახალგაზრდა მწვანეების” აქტივისტები ჯერ ონში აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემდეგ კი ამბროლაურში, საკუთარ სახლთან დახვდნენ.

საპირისპიროს ამბობდნენ “ახალგაზრდა მწვანეები”: ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფით თავად სირაძე გამოირჩეოდა. მათივე თქმით, ამბროლაურში სირაძეს სრულიად შემთხვევით შეხვდნენ, რადგან მათი სასტუმრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრის სახლთან ახლოს მდებარეობდა.

ინციდენტსი შემდეგ ენმ-ში აღნიშნეს, რომ ძალადობის ყველა ფორმა მიუღებელია, თუმცა სირაძის მიმართ პარტია დისციპლინური ზომების მიღებას არ აპირებს.

ონში ონის კასკადების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

მასალების გადაბეჭდვის წესი