ახალი ამბები

ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობისთვის აუცილებელი პროგრამა ჩაურთეს

15 ივლისი, 2020 • 1144
ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობისთვის აუცილებელი პროგრამა ჩაურთეს

ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას, რომლის წინააღმდეგაც იუსტიციის სამინისტრო ორ დისციპლინურ საქმეს აწარმოებს, სანოტარო საქმიანობისთვის აუცილებელ პროგრამაზე წვდომა აღუდგინეს.

აღნიშნული იუსტიციის სამინისტრო, შენგელიას სარჩელის გნახილვამდე, სასამართლომ ორი კვირის წინ დაავალდებულა, თუმცა უწყება შენგელიას ამ დრომდე არ ურთავდა პროგრამას.

შენგელიას თმით, სანოტარო საქმიანობას ხვალიდან გააგრძელებს და ასევე განაგრძობს დავას საკონსტიტუციო და საქალაქო სასამართლოებში:

“ცხადია, არ გვაქვს ილუზია, რომ ამით საბოლოოდ რამე დასრულდა. ასე თვითნებურად პროგრამის გამორთვას, სრულიად უკანონოდ საქმიანობის შეჩერებას, მერე სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას აუცილებლად უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხები. რა თქმა უნდა, დავა გაგრძელდება საკანონსტიტუციო სასამართლოში..რა ფასადაც არ უნდა დამიჯდეს, არ დავუშვებ არც ცენზურის დაკანონებას, არც ვინმეს ახირებაზე და აშკარა უკანონობაზე გაჩუმებას”, – ამბობს შენგელია.

ამჟამად იუსტიციის სამინისტრო ნოტარიუს ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ ორ დისციპლინურ საქმეს აწარმოებს.

შენგელია ამბობდა, რომ 19 ივნისს, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, იუსტიციის სამინისტრომ ქსელიდან გამორთო პროგრამა, რომლითაც სანოტარო საქმიანობას ახორციელებდა.

შენგელიას თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მის მიერ მიწერილი წერილის პასუხად აცნობა, რომ უწყებამ მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოება დაიწყო, რადგანაც 18 ივნისს განხორციელებული ინსპექტირებისას თავად შენგელია სანოტარო ბიუროში არ იმყოფებოდა და საქმიანობას მისი შემცვლელი ახორციელებდა.

ბაჩანა შენგელია აღნიშნავდა,  რომ კანომდებლობის მიხედვით ნოტარიუსს საკუთარი შემცვლელისთვის დანიშვნა წელიწადში 30 დღის ვადით შეუძლია, მან კი შემცვლელი სანოტარო ბიუროში 3 დღით დატოვა ავადმყოფობის გამო. ამასთან, შენგელია აცხადებს, რომ პროგრამაზე წვდომის შეზღუდვა დისციპლინური წარმოების შედეგი უნდა იყოს და წარმოებისას ამ ნორმის გამოყენებაც უკანონოა.

შესაბამისად, შენგელია ამბობდა, რომ იუსტიციის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას თავის აქტივობას უკავშირებს ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში აქვს გაგზავნილი და ამ საკითხის შესასწავლად გენერალურ პროკურატურასა და სახალხო დამცველს მიმართავდა.

რაც შეეხება მეორე წარმოებას, შენგელიას იუსტიცია ასევე ედავება საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტების გამო:

“დადგინდა, რომ თქვენ – ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია, საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით ახორციელებდით მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებდით პოლიტიკურ შეფასებებს”, – ვკითხულობთ წერილში, რომელიც შენგელიამ სამინისტროდან მიიღო.

აღნიშნულ საკითხზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ბაჩანა შენგელიას სახელით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს. ორგანიზაცია იმ ნორმას ასაჩივრებს, რომელიც ნოტარიუსს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვას ავალდებულებს და დარღვევის შემთხვევაში მძიმე დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნევს.

რა ეჭვებს აჩენს ბაჩანა შენგელიას საქმე

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი